მიმდინარე წლის სექტემბერში ზოგიერთი სასტუმრო საშობაო არდადეგებისათვის უკვე სრულად დაჯავშნილია. თუმცა, შარშან, კოვიდ-19-ის ახალი ტალღის გამო, სექტემბერში სამოგზაურო ინდუსტრია თითქმის სრულად ჩამოიშალა. ვაქცინაციის ტემპების გაზრდის შემდეგ კი წელს განსხვავებული სურათია.
ვირუსის დელტა ვარიანტის საკმაოდ სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ხალხი საშობაო არდადეგებს წელს უფრო ადრე გეგმავს. სფეროს ექსპერტთა მოსაზრებით კი ამის ერთადერთი მიზეზი ვაქცინების არსებობაა. სამოგზაურო ვებგვერდის, Milepro.com-ის დამფუძნებელიც აღნიშნულის მიზეზად ვაქცინაციის ტემპების ზრდას ასახელებს. ტიმ ვატის განმარტებით, გაზაფხულიდან მოყოლებული Hilton-ისა და Marriott-ის სასტუმროების ქსელების ჯავშნები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
შესაბამისად, სასტუმროებმაც საკუთარი საშობაო კამპანიები ჩვეულებრივზე ადრე დაიწყეს. მაგალითისათვის, ნიუ-იორკში მდებარე Mohonk Mountain House-მა საკუთარი საშობაო კამპანია არსებობის 152-წლიან ისტორიაში ყველაზე ადრე, 6 ივლისს დაიწყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის აგვისტოში თითქმის ხუთჯერაა გაზრდილი საშობაო არდადეგების შესახებ ინტერნეტძებნის მაჩვენებლები. ამერიკელები წელს საშობაო შვებულების გატარებას ადგილობრივ სასტუმროებში აპირებენ.
აღნიშნული ტენდენცია საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს აჩენს ქართული ტურიზმის სექტორისთვისაც. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომ ქართული ზამთრის კურორტები უცხოელებისათვის საყვარელ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.
თავის მხრივ, უცხოელ ტურისტებს საქართველოც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. გუდაური, ბაკურიანი, მესტია, ყაზბეგი, ბორჯომი, ბახმარო, გოდერძი – ეს იმ კურორტების მცირე ჩამონათვალია, სადაც უცხოელ ტურისტებს საშობაო არდადეგების გატარება შეუძლიათ. გარდა ამისა, უცხოელ დამსვენებლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს თოვლიანი ბათუმი და თბილისიც.
თუმცა, თუკი TBC capital-ის სასტუმროების დატვირთვის კვლევას დავეყრდნობით, საქართველოში არსებული სასტუმროები იმავე ტენდენციით არ გამოირჩევიან, როგორითაც ამერიკული სასტუმროები. 2021 წლის ივლისში სასტუმროების საშუალო დატვირთვა 11%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო დამსვენებლების ყურადღების მისაპყრობად, საშობაო კამპანიების დაგეგმვისას სასტუმროებს მეტი მობილიზაცია მართებთ, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც 2021 წლის ივლისში ერთი ვიზიტორის მიერ გაწეულმა ხარჯმა 889 ლარი შეადგინა, რაც 98%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. აღნიშნული ზრდა, TBC Capital-ის შეფასებით, ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას უკავშირდება.
დატოვე კომენტარი