H&M გაყიდვების აღდგენის ტემპებით ZARA-ს მფლობელ კომპანია Inditex-ს ჩამორჩება

H&M  გაყიდვების აღდგენის ტემპებით ZARA-ს მფლობელ კომპანია Inditex-ს ჩამორჩება

გასულ კვირას მსოფლიოს ორმა უდიდესმა მოდის ჯგუფმა გაყიდვების კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ყველაზე დიდი ფეშენ-ჯგუფის, Inditex-ის მონაცემები, მაღაზიების გახსნის პარალელურად, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. H&M კი მსგავსი მოცემულობისგან ჯერ კიდევ შორსაა.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამის, დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ ბრუნდება, მოდის საცალო ვაჭრობის უდიდესი კომპანიები 2020 წლის პანდემიით გამოწვეულ ზარალს, ეკონომიკების აღდგენის პროცესის პარალელურად, ჯერ კიდევ ებრძვიან.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ესპანური ZARA-ს მფლობელი ჯგუფის, Inditex-ის კვარტალური შედეგების ტენდენციას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არგუმენტით, მისი გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად გაუმჯობესდა მთავარ ბაზარზე, ესპანეთში. მეორე მიზეზი კი ჩინეთში ბრენდისადმი გაზრდილი მოთხოვნაა.

Refinitiv Smart Estimates-ის მონაცემებით, ესპანური Inditex-ის გაყიდვებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში 8.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე, ხოლო 2%-ით მეტია 2019 წლის იმავე პერიოდის გაყიდვების შედეგებზე. მაისსა და ადრეულ ივნისში კი შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული შედეგების გამო კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 50%-ით იყო გაზრდილი.

ესპანური ბრენდის წმინდა მოგებამ კი 872 მილიონი ევრო შეადგინა. რაც შეეხება H&M-ს, მისი გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი, თუმცა შემცირება შეინიშნება 2019 წლის იმავე პერიოდთან მიმართებით და ის 9%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *