Facebook-ის არაერთი შიდა კვლევის მიხედვით, კომპანიაში იციან, რომ Instagram-ი თინეიჯერი გოგონების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მაგრამ შესაბამის ზომებს არ იღებენ, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. „თინეიჯერ გოგონათა 32%-მა განაცხადა, რომ საკუთარი სხეულით გამოწვეულ უკმაყოფილებას Instagram-ი კიდევ უფრო ამძაფრებს“, – აღინიშნა 2020 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის პრეზენტაციის დროს. სხვა დროს გამართული პრეზენტაციის მასალებში ვკითხულობთ, რომ Instagram-ს წვლილი მიუძღვის თინეიჯერებს შორის შფოთისა და დეპრესიის ზრდაში.
ახალგაზრდა მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა კომპანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიურად ამას $100 მილიარდზე მეტი მოცულობის შემოსავალი მოაქვს. რაც შეეხება დემოგრაფიულ მონაცემებს, Instagram-ის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი 22 წლის ან ნაკლები ასაკისაა, ხოლო ამერიკაში Instagram-ის აპლიკაციას ყოველდღე 22 მილიონი თინეიჯერი იყენებს, რაც Facebook-ის ანალოგიურ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ის საჯარო პოზიცია თინეიჯერებში მათი აპლიკაციების ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით, როგორც წესი – უარყოფაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თინეიჯერების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული კვლევები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მეტიც – ისინი არც მეცნიერებს უნახავთ და არც კანონმდებლებს. „კვლევები, რომლებიც გვინახავს, ცხადყოფენ, რომ ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენება შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახოს“, – აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესში, ამა წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე. რამდენიმე თვის შემდეგ, Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ აღნიშნა, რომ მისი აპლიკაცია თინეიჯერების კეთილდღეობაზე მინიმალურ გავლენას ახდენს.
აღნიშნულ კვლევებს Facebook-ი წლების მანძილზე ატარებდა და მათში ჩართულნი იყვნენ კომპანიის თანამშრომლები მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგისა და პროდუქტის დეველოპმენტის გუნდებიდან – ბევრ მათგანს კომპიუტერული მეცნიერებების, ფსიქოლოგიისა და სხვადასხვა სახის ანალიტიკის გამოცდილება აქვს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კვლევების შედეგად, Facebook-ის მკლევრებმა დაადგინეს, რომ გარკვეული პრობლემები უშუალოდ Instagram-ს ეხებოდა და არა ზოგადად სოციალურ ქსელებს – ამ პრიზმაში ხვდება გარეგნობასთან, სიმდიდრესა და წარმატებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ, როგორც ჩანს, Instagram-ის მთავარი ფუნქციები, რომლებიც თინეიჯერების გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას – აპლიკაციის ერთგვარი ქვაკუთხედია. „Instagram-ის ცალკეული ასპექტები ერთმანეთს ამძაფრებენ, რაც იდეალურ ქარიშხალს ქმნის“, – აღნიშნულია ერთ-ერთ კვლევაში.
დატოვე კომენტარი