მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა 2021 წლის გლობალური ინოვაციურობის ინდექსის შესახებ. ანგარიშში შეფასებულია ინოვაციურობის დონე მსოფლიოს 130 ეკონომიკაში. ინდექსის შედგენისას გამოყენებულია სხვადასხვა კრიტერიუმის ერთობლიობა, რაც მოიცავს ადამიანური კაპიტალის, ინსტიტუტების, ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითი პროდუქტიულობის, ასევე ბაზრისა და ბიზნესის დახვეწილობის მაჩვენებლებს.

2021 წლის ინდექსის მიხედვით აშკარაა, რომ მიუხედავად ეკონომიკის გლობალური შენელებისა და კორონავირუსული პანდემიის გავლენებისა, ზოგიერთ სექტორში ინოვაციურობა კვლავ განვითარების სტადიაზეა, განსაკუთრებით კი იმ ინდუსტრიებში, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გარემოსდაცვით საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ათეულში შვეიცარია ლიდერობს. სახელმწიფოს შესაძლო 100 ქულიდან ინოვაციურობით 65.5 ქულა აქვს აღებული, რაც საკმაოდ სახარბიელო შედეგია. შეგახსენებთ, რომ შვეიცარია უკვე ზედიზედ მე-11 წელია,  მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოდ სახელდება.

რეიტინგში მეორე ადგილს 63.1 ქულით შვედეთი იკავებს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა, ამერიკის შეერთებული შტატები კი 61.3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

საინტერესოა, რომ ათეულში ყველაზე დიდი წინსვლა სამხრეთმა კორეამ განიცადა. 2020 წლის მონაცემებით სახელმწიფო მე-10 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა იყო, 2021 წლის ინდექსის მიხედვით კი მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ჩინეთს, ის მიმდინარე წელს მე-14 ადგილიდან მე-12-ზე დაწინაურდა. გარდა ამისა, მოწინავე სახელმწიფოთა რეიტინგში არიან გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ფინეთი და სინგაპური. საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში 63-ე ადგილი უკავია.

statista
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *