Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებულად დაიწყო: Facebook-ი და მის საკუთრებაში არსებული ყველა სოციალური ქსელი, უბრალოდ, გაითიშა, რამაც მოსახლეობაში ერთგვარი კოგნიტური დისონანსი გამოიწვია. თუმცა გასულ კვირას ტექნოლოგიურ სამყაროში ფრიად საინტერესო და სასარგებლო ახალი ამბებიც მოხდა: ელ-სალვადორმა, რომელმაც სექტემბერში ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა, მისი მაინინგი ვულკანური ენერგიის გამოყენებით დაიწყო. პარალელურად ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კრიპტოდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება შექმნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

რა დაემართა Facebook-ს, Messenger-ს, Instagram-ს, WhatsApp-სა და Oculus-ს?

გასული კვირა ფრიად უცნაურად და, შეიძლება ითქვას, შემაშფოთებლად დაიწყო: იმ დროს, როცა Facebook-ის გლობალური უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ანტიგონე დევისი Facebook-ის სხვადასხვა პროდუქტის ტინეიჯერებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენის შესახებ აშშ-ის კონგრესის წინაშე იკითხებოდა, Facebook-ის ყველა პროდუქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით  თითქმის ექვსი საათით გაითიშა.

ცნობისთვის, Facebook-ის ეს გათიშვა 2019 წლის ოცდაოთხსაათიანი გათიშვის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხარვეზი გახლდათ. მან უდიდესი ზიანი ინდივიდუალურ მეწარმეებსა და მცირე ბიზნესებს მიაყენა, რომელთა საქმიანობა Facebook-ის სერვისებში განთავსებულ მარკეტინგულ პროდუქტებზე არის დამოკიდებული. მეტიც, Facebook-ისა და სხვა სოციალური ქსელის ამ გათიშვით, უამრავი პროფესია, რომლებიც სოციალური ქსელებზე არის დამოკიდებული, გაქრობის პირას აღმოჩნდა. 2019 წელს ხარვეზის მიზეზად Facebook-მა სერვერის კონფიგურაციის ცვლილება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირის ექვსაათიანი გათიშვაც კონფიგურაციის პრობლემამ გამოიწვია. ამ საკითხს Facebook-ის ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტმა, სანტოშ ჯანარდანმა ვრცელი პოსტი მიუძღვნა, რომელშიც მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და კომპანიის პროდუქტების შეფერხების მიზეზები განმარტა: კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ხარვეზი ქსელური ხერხემლის მარშრუტიზატორის კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია, რის გამოც მონაცემთა ცენტრებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა შეუძლებელი გახდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დომენების სახელების სისტემის (DNS) სერვერები გათიშა.

ფოტო: Facebook

იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, Facebook-ი და მისი სხვა პროდუქტები შეუცვლელია – ამ კვირაში დაფიქსირებულმა გათიშვამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ ამის გამო, აუცილებელია, Facebook-ის გათიშვის მიზეზები ყველას ესმოდეს. ამ საკითხში საფუძვლიანად გარკვევა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათიშვის მიზეზების მარტივად, ყველასათვის გასაგები ენით ახსნა – ჩვენი მოვალეობაა.

მას მერე, რაც Facebook-მა პირველი, შედარებით ზედაპირული პოსტი გაავრცელა, კომპანიის ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტმა გათიშვის მიზეზები დეტალურადაც განმარტა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხარვეზი ქსელური ხერხემლის მარშრუტიზატორის, ან, მარტივად რომ ვთქვათ, როუტერის კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია. ქსელური ხერხემალი ის ეკოსისტემაა, რომელიც Facebook-ის უამრავ კომპიუტერულ აპარატურას ერთმანეთთან აკავშირებს – საუბარია დედამიწის გარშემო გადაჭიმულ ათიათასობით კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთა სისტემაზე, რომელიც Facebook-ის ყველა მონაცემთა ცენტრს ერთმანეთთან  აკავშირებს.

მონაცემთა ცენტრები ბევრნაირია: ზოგიერთი მათგანი მილიონობით კომპიუტერით აღჭურვილ უზარმაზარ შენობაში მდებარეობს და Facebook-ის პლატფორმების უბადლო ფუნქციონირებისთვის საჭირო ოპერაციებს ახორციელებს, ხოლო უფრო მცირე ზომის ნაგებობების დანიშნულებაა, კომპანიის ქსელური ხერხემალი ინტერნეტთან და მომხმარებლებთან დააკავშიროს. პროცესი ასეთია: მაშინ, როცა სმარტფონიდან Facebook-ზე შეხვალთ, აპლიკაცია ამ მოქმედების შესახებ ინფორმაციას თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ცენტრს გადასცემს. ეს ცენტრი ქსელური ხერხემლის ერთ-ერთ ქსელს უკავშირდება, რომლითაც თქვენი მოქმედების შესახებ ინფორმაცია უფრო დიდ მონაცემთა ცენტრში იგზავნება, სადაც ის მუშავდება და იმავე ქსელის გავლით თქვენს სმარტფონში ბრუნდება. თავისთავად ცხადია, რომ მთელი ეს პროცესი იმდენად სწრაფად სრულდება, რომ მომხმარებელი ვერც კი აღიქვამს, თუ რამხელა მანძილს გადის მისი ინფორმაცია.

ამხელა კომპიუტერულ ინფრასტრუქტურას შორის მონაცემთა მიმოცვლას მარშრუტიზატორები, ანუ როუტერები განსაზღვრავენ – ეს დანადგარები ადგენენ, თუ სად უნდა გაიგზავნოს მიღებული და გასული მონაცემები. თავისთავად ცხადია, რომ ამხელა ინფრასტრუქტურის მართვა საკმაოდ რთულია და მის ხშირ შეკეთებას საჭიროებს  – ბოჭკოვანი კაბელის შეკეთებისას, გამტარუნარიანობის გაზრდისას ან როუტერის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას, როუტერები ინტერნეტთან კავშირს წყვეტენ.

Facebook-ისა და მის საკუთრებაში არსებული სხვა სოციალური ქსელების ექვსაათიანი გათიშვა სწორედ ასეთი რუტინული პროცედურის დროს მოხდა: ინჟინრები ქსელური ხერხემლის გამტარუნარიანობის შემოწმებას ეცადნენ, რა დროსაც ქსელური ხერხემლის ეკოსისტემაში არსებული კავშირები გაწყდა, რამაც Facebook-ის მონაცემთა ცენტრები ინტერნეტს გამოთიშა. სანტოშ ჯანარდანი განმარტავს, რომ ასეთი შეცდომების წინასწარ აღმოსაჩენად Facebook-ის სისტემები სპეციალურ აუდიტს ატარებენ, თუმცა, როგორც ჩანს, აუდიტორულ ხელსაწყოში ხარვეზი, ე.წ. „ბაგი“ დაფიქსირდა და მთელი პროცესი ჩავარდა.

თუმცა ეს ყველაფერი როდია: მას მერე, რაც Facebook-ი ინტერნეტს გამოეთიშა, თავი უფრო დიდმა პრობლემამ იჩინა. საქმე ისაა, რომ ზემოხსენებული მცირე ზომის ნაგებობების ერთ-ერთ დანიშნულებას დომენების სახელების სისტემის მოთხოვნების შესრულება წარმოადგენს. დომენების სახელების სისტემა ინტერნეტის ერთგვარი სამისამართო წიგნია, რომელიც ვებგვერდების დასახელებას IP-მისამართებად გარდაქმნის, რითაც მომხმარებელს დანიშნულების ვებგვერდთან აკავშირებს.

DNS-ის ამ მოთხოვნებს საკუთარი IP-მისამართების მქონე სერვერები ავტომატურად პასუხობენ, ხოლო ეს მოქმედება სასაზღვრო ქსელთაშორისი (BGP) პროტოკოლის წყალობით, მთელ ინტერნეტს ეგზავნება – ძალიან რომ გავამარტივოთ, BGP-პროტოკოლი სუბიექტებს შორის ინფორმაციის გადაცემის ყველაზე მოკლე და სტაბილურ გზებს ეძებს. Facebook-ის განცხადებით ირკვევა, რომ თუკი BGP-პროტოკოლის მოქმედების შედეგად გადაგზავნილი ინფორმაცია კომპანიის DNS სერვერებს თავისით არ უკავშირდება, Facebook-ი მას არაჯანსაღ ინფორმაციად აღიქვამს და კავშირს წყვეტს. მას მერე, რაც კომპანიის ქსელური ხერხემალი სრულად გაითიშა, ყველა მოთხოვნა არაჯანსაღად ჩაითვალა, რის გამოც Facebook-ის DNS სერვერები მიუწვდომელი გახდა – მარტივად რომ ვთქვათ, ინტერნეტი Facebook-ის სერვერებს, უბრალოდ, ვერ პოულობდა.

Facebook-ის, Messenger-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის ამ გათიშვამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ რამდენად შესისხლხორცებულია ჩვენი ყოველდღიური ყოფა სოციალურ ქსელებთან. მსგავსი პათოსის განცხადება გაავრცელა Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმაც: „Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი და Messenger-ი ონლაინსივრცეში დაბრუნდნენ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის – ვიცი, თუ რამდენად ეყრდნობით ჩვენს სერვისებს, რათა არ დაკარგოთ კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“.

გარდა იმისა, რომ Facebook-ის ექვსაათიანმა გათიშვამ მისი მომხმარებლები შეაშინა, მან კომპანიასა და მის დამაარსებელს დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა: Facebook-ის ერთი აქციის ფასი 4.9%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური კლება იყო. აქციათა გაუფასურების გამო, მარკ ცუკერბერგის ქონება ლამის $7 მილიარდით შემცირდა. Facebook-ის ამ გათიშვით იხეირეს მისმა კონკურენტებმაც: მესიჯების მიმოცვლის პლატფორმა Telegram-ს 70 მილიონი ახალი მომხმარებელი შეემატა.

ელსალვადორმა ვულკანის ენერგიიდან ბიტკოინის მიღება დაიწყო

მას მერე, რაც სექტემბრის დასაწყისში, ელ-სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად გამოაცხადა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ამცნო: ქვეყანამ 0,00599179 ბიტკოინი ვულკანის გეოთერმული ენერგიის გამოყენებით დააგენერირა. როგორც ჩანს, ნაიბ ბუკელე მის სიტყვას ასრულებს: ჯერ კიდევ ივნისში ქვეყნის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გეოთერმული ენერგიის გადამმუშავებელი კომპანიის, LaGeo-ს ხელმძღვანელს ბიტკოინის მაინინგისთვის ვულკანური ენერგიის გამოყენების გეგმის მომზადება დაავალა, რომლითაც კრიპტოვალუტის მოპოვება არა მხოლოდ განსაკუთრებულად იაფი იქნებოდა, არამედ გარემოსაც არ დააზიანებდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ნაიბ ბუკელემ Twitter-ზე საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, სახელწოდებით „პირველი ნაბიჯები“, რომელშიც კარგად ჩანს ტყეში, ვულკანის პირას ჩამალული გეოთერმული ენერგიის გადამმუშავებელი ქარხანა და გადასაზიდი კონტეინერები, რომლებშიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მაინერები არის დამონტაჟებული. თავისთავად ცხადია, რომ ელ-სალვადორის ხელისუფლება ველოსიპედს არ იგონებს და ქვეყანაში უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებს.

ჯერ კიდევ ივნისში ნაიბ ბუკელემ დაწერა: „სულ ახლახან, ჩვენმა ინჟინრებმა ახალი ჭაბურღილის გათხრის შესახებ შემატყობინეს, რომლითაც ჩვენი ვულკანებიდან დაახლოებით 95 მეგავატის სიმძლავრის 100%-ით სუფთა და ნულოვანი ემისიის მქონე გეოთერმულ ენერგიას მოიპოვებენ. [ამ ჭაბურღილის] გარშემო ბიტკოინის მაინინგის ჰაბის შექმნას ვიწყებთ“.

ისე კი, ბიტკოინის, ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკანის ენერგიის გამოყენებით – არახალია, საქმე ხომ გეოთერმულ ენერგიას ეხება. ცნობისთვის, გეოთერმული ენერგიის ანაბანა ელ-სალვადორში კარგად იციან – ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის შიდა ენერგოწარმოების 21%-ზე მეტი სწორედაც რომ გეოთერმულ ენერგიაზე მოდის. ელ-სალვადორს ხშირად „ვულკანების ქვეყანასაც“ კი უწოდებენ, რადგან ქვეყანაში, სულ მცირე, ოცი პოტენციურად აქტიური ვულკანია.

ისე კი, უპრიანი იქნებოდა ორი სიტყვა ბიტკოინის მაინინგზეც გვეთქვა, ოღონდ ძალიან, ძალიან მოკლედ: გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი სრულად დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტაა, მის მიმოქცევას არც სახელმწიფო ხაზინა აკონტროლებს და არც ეროვნული ბანკი – ერთი სიტყვით, ბიტკოინს არ ჰყავს ცენტრალიზებული მმართველი. თუმცა ყველაფერი ოდნავ უფრო რთულადაა: ცენტრალური მმართველის არყოფნაში, მის ფუნქციას სისტემაში მონაწილე სხვა სუბიექტები ითავსებენ – ადამიანები, უფრო ზუსტად კი მათ საკუთრებაში არსებული კომპიუტერები, რომელთაც კრიპტოკომუნაში მაინერებს უწოდებენ. ეს მაინერები, ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნის გზით, ბიტკოინის ბლოკჩეინში გატარებული ტრანზაქციების ვალიდურობას ადასტურებენ, რითაც მთელ სისტემას უსაფრთხოს ხდიან. ამ მოვალეობის შესრულებაში მაინერები გასამრჯელოს იღებენ – ბიტკოინებს.

ფოტო: Yuri Cortez / AFP via Getty Images

მარტივად მისახვედრია, რომ ამგვარი ოპერაციების ჩატარებას აურაცხელი მოცულობის ელექტროენერგია სჭირდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ბიტკოინის მაინინგზე, ყოველწლიურად, დაახლოებით 105 ტერავატ-საათის სიმძლავრის ენერგია იხარჯება, რაც უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, ჯამური ენერგია, რომელსაც ყაზახეთი ერთი წლის განმავლობაში მოიხმარს. მეტიც, რაც უნდა უცნაური იყოს, ბიტკოინის მოპოვება გამონაბოლქვსაც იწვევს: Bank of America-ს მონაცემებით, ბიტკოინის ინდუსტრიის ნახშირორჟანგის გლობალური ჯამური ემისია სამოც მილიონ ტონას შეადგენს, რაც ცხრა მილიონი მანქანიდან გამოსულ გამონაბოლქვს უდრის.

სწორედ ამგვარი ენერგოარაფექტიანობა გახლავთ ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო თანამდევი ეფექტი და ელ-სალვადორის მიდგომაც სწორედ იმით არის განსაკუთრებული, რომ სრულად განახლებად ენერგიას ეფუძნება. მეტიც, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ბიტკოინს შესწევს ძალა, მსოფლიო ენერგიის განახლებად წყაროებზე გადაიყვანოს: „[ვულკანის] სრულად განახლებადი, ჯერ ხელუხლებელი ენერგიის წყაროს გამოყენება სწორედ ბიტკოინის გამო დაიწყეს“, – აღნიშნა ბიტკოინის მაინინგის ინჟინერმა, ბრენდონ არვანაგიმ CNBC-სთან საუბრისას. „ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლისთვის, ბიტკოინი ისტორიაში ყველაზე მძლავრი კატალიზატორია“.

თავისთავად ცხადია, რომ ელ-სალვადორის ბიტკოინით ჩატარებული ექსპერიმენტის შესაფასებლად ჯერ არასაკმარისი დრო გავიდა, თუმცა ის მიდგომა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა აირჩია, არათუ საინტერესო, არამედ მისასალმებელიც კი არის.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში კრიპტოდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნა

გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღება კრიპტოსამყაროსთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ახალმა ამბავმა მიიპყრო: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში კრიპტოდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება – კრიპტოვალუტის აღსრულების ეროვნული ჯგუფი (NCET) შეიქმნა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოყენებით ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს შეისწავლის. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ეს ჯგუფი კრიპტოაქტივებით მოვაჭრე ბირჟებისა, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ინდივიდებისა და ორგანიზაციებისა და ე.წ. „მიქსერებისა“ და „ტუმბლერების“ საქმიანობას შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ თაღლითობის ან გამოძალვის გზით მიტაცებულ აქტივების დაძებნას და დაბრუნებას შეეცდება.

აშშ-ის მთავარი პროკურორის მოადგილე, ლისა მონაკო – ფოტო: JONATHAN ERNST/ASSOCIATED PRESS

ცნობისთვის, ვირტუალური ვალუტების „მიქსერები“ და „ტუმბლერები“ ის ადამიანები ან ორგანიზაციები არიან, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს კრიპტოაქტივების ერთი ანგარიშიდან მეორეზე ფარულად გადატანაში ეხმარებიან და ამაში საკომისიო თანხას იღებენ. ცნობისთვის, ერთ-ერთი ასეთი „მიქსერის“ – Helix-ის დამაარსებელი ლარი დინ ჰარმონი ფულის გათეთრების ბრალდებით, აგვისტოში დააკავეს და მას ჯარიმის სახით $60 მილიონის გადახდა დააკისრეს.

როგორც იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებიდან ირკვევა, კრიპტოდანაშაულთან ბრძოლის ჯგუფი, ფულის გათეთრების, კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების მითვისების საკითხებში აშშ-ის ძალოვანი უწყებების მრავალწლიან გამოცდილებას დაეყრდნობა. საბოლოო ჯამში, ეს განყოფილება იმისთვის იქმნება, რომ აშშ-ის სხვადასხვა დეპარტამენტსა და ზოგადად სახელმწიფოს კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოცდილება შესძინოს, რომელიც მათ ტექნოლოგიური დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარება. ცნობისთვის, ბოლო წლებში სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური დანაშაული რაოდენობრივად იზრდება და შინაარსობრივად უფრო და უფრო კომპლექსური ხდება.

ასეთ დანაშაულთა კატეგორიაში გადის ამა წლის მაისში, კოლონიურ მილსადენზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომლის შედეგად, მილსადენის ხელმძღვანელობას მისი ოპერირების დროებით შეწყვეტა მოუწია. ცნობისთვის, კოლონიური მილსადენი აშშ-ის გადამუშავებული ნავთობპროდუქტების უდიდესი მილსადენია, რომელიც ტეხასიდან ნიუ-იორკის მიმართულებით, ყოველდღიურად, სამი მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობს ტუმბავს. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიბერთაღლითობის დანაშაულთან დაკავშირებით, ოცდაათი ქვეყნის ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრას გამართავს.

Canon-მა ფოტოაპარატის 3D VR ლინზა გამოუშვა

საკუთარი წარმოების უსარკო კამერებისთვის, Canon-მა ორი ფართოკუთხიანი ფოტოობიექტივის, ე.წ. „თევზის თვალის“ მქონე ლინზა წარმოადგინა, რომელიც ვირტუალური რეალობის სამგანზომილებიანი სურათებისა და ვიდეოს გადასაღებად შეიქმნა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს მსოფლიოში პირველი ციფრული და ცვლადი ლინზაა, რომელსაც „180 გრადუსზე გაშლილი ვირტუალური რეალობის სტერეოსკოპული სამგანზომილებიანი სურათის გადაღება ერთი ფოტოსენსორით შეუძლია“. Canon-ის თქმით, ამ კამერით გადაღებულმა კონტენტმა, საბოლოო ჯამში, შეიძლება თავი Oculus Quest 2-ის პროგრამებში იჩინოს.

Canon-ის EOS R5-თან მიერთების შემთხვევაში, ამ ლინზით მასალის გადაღება 8K ფორმატში შეიძლება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ეს ლინზა მხოლოდ ამ ფოტოაპარატს მიესადაგება. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ლინზისთვის კომპანია სპეციალურ მეხსიერებაში ფიქსირებულ კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებს და მეტიც, ფაილების ფორმატის გადაყვანისთვის ცალკე აპლიკაციას, EOS VR Utility-ს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ჩაშენების გამოყენებით, ფორმატის შეცვლა Adobe Premiere-შიც იქნება შესაძლებელი. Canon-ის თქმით, EOS VR სისტემით სარგებლობისთვის მომხმარებლებს მისი გამოწერა დასჭირდებათ.

ცნობისთვის, Canon-ის ახალი ლინზა $1999, ხოლო EOS R5 $3899 ღირს, რაც მთლიანობაში, არც ისე იაფია. თუმცა ვირტუალური რეალობის სხვა კამერასთან, მაგალითად, Insta360 Pro 2-თან შედარებით, Canon-ის კომპლექტი უფრო მრავალმხრივი, უნივერსალურია და უკეთესი ხარისხისაა. ცნობისთვის, Canon-ის ახალი ლინზა და მისთვის საჭირო აპლიკაცია ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდება.

Huawei- პრემიუმსეგმენტის ლეპტოპი, MateBook 16 გამოუშვა

Huawei-ს პრემიუმ-სეგმენტის ლეპტოპი MateBook 16, რომელიც ჩინეთში ჯერ კიდევ მაისში გამოჩნდა, ამჯერად მთელ მსოფლიოშიც გაიყიდება. Huawei-ს ეს ლეპტოპი აღჭურვილია 3:2 გამოსახულების ფორმატის მქონე 16-დუიმიანი დისპლეით (IPS პანელი, რეზოლუციით 2520 x 1680) და Ryzen 5000-ის სერიის პროცესორით – სწორედ AMD-ს ამ პროცესორებთან თავსებადობის გამო, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, MateBook 16 კომპანიის „პირველი მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ლეპტოპია“. ამ ლეპტოპისთვის Ryzen-ის პროცესორის ორი მოდელი არის ხელმისაწვდომი – 5800H და 5600H, თუმცა ეს ყველაფერი როდია: ლეპტოპს 16-გიგაბაიტიანი ოპერაციული და 512-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, Bluetooth 5.1-სა და Wi-Fi 6-ს მხარდაჭერა აქვს.

ფოტო: Huawei

გამომდინარე იქიდან, რომ ლეპტოპის 720-პიქსელიანი კამერა კლავიატურაში არის ჩანერგილი, MateBook-ის 16-დუიმიანი დისპლეის გარშემო არსებული კანტი ძალიან ვიწროა – ეს Huawei-ს ლეპტოპების ერთგვარი უნიკალური ნიშან-თვისებაა. MateBook 16-ს USB-A-ის ორი პორტი, USB-C-ის ორი პორტი, HDMI პორტი და 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი აქვს. გარდა ამისა, ლეპტოპს ორი მიკროფონი და ორი ორვატიანი დინამიკი აქვს და თითის ანაბეჭდების სენსორი – ჩართვის ღილაკზე. აღსანიშნავია, რომ ვიზუალურად Huawei-ს ეს ლეპტოპი ძალიან ჰგავს პრემიუმ-სეგმენტის სხვა პროდუქტს, MacBook-ს.

აღსანიშნავია, რომ MateBook 16-ის ევროპულ ბაზრებზე გამოჩენის თარიღი Huawei-ს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. თუმცა ცნობილია ფასები: Ryzen 5 პროცესორით აღჭურვილი ლეპტოპი €1099 ეღირება, ხოლო Ryzen 7-ით – €1199.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *