ევროკავშირის ლიდერები მხარს უჭერენ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ არა უახლოეს მომავალში

ევროკავშირის ლიდერები მხარს უჭერენ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ არა უახლოეს მომავალში

სლოვენიაში მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ღიაობა ორგანიზაციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამისდა მიუხედავად, გაფართოების პროცესი კვლავ შეჩერდა. ბალკანელები ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობენ.

იმის ნიშნად, თუ რამდენად გართულდა ბლოკში ახალი წევრების მიღება, სამიტის ორგანიზატორები აღნიშნავენ ლიდერების მიერ შედგენილ დეკლარაციაში ტერმინის „გაფართოება“ მხოლოდ ერთხელ გამოყენებას – სიტყვის, რომლის დოკუმენტში ჩართვას სასტიკად ებრძოდნენ ბლოკში ახალი წევრების მიღების მოწინააღმდეგეები. საკმაოდ დაძაბული სიტუაციის კიდევ ერთი მტკიცებულება კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაა, რომლებმაც „მწვანე შუქი“ მიიღეს ბრიუსელისგან, ხოლო უარი – ბულგარეთისგან. ოფიციალური სოფია ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ მაკედონიის ბლოკში მიღებას და თავდაპირველად ისტორიასა და ენასთან დაკავშირებული დავების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

დასკვნით პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კვლავ დააფიქსირა ევროკავშირის მზაობა ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა დასავლეთი ბალკანეთი არის იმავე ევროპის ნაწილი, რომლისაც ევროკავშირი. შესაბამისად, იზიარებენ საერთო ღირებულებებს, ინტერესებს, ისტორიას და ორგანიზაცია არ არის სრულყოფილი ამ რეგიონის გარეშე. კომისია გააკეთებს ყველაფერს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეჭვგარეშეა, რომ მათი მიზანი სწორედ ბლოკის გაფართოებაა. თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ბლოკში მიღებისთვის რეფორმების სრულყოფილად განხორციელების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

და მაინც, ბოლოს ფონ დერ ლაიენმა კვლავ აღნიშნა ლიდერების მიერ დეკლარაციის პირველივე აბზაცში მათი ვალდებულების შესაბამისად სიტყვა „გაფართოების“ გამოყენება და ამ ქმედებას ბლოკის წინსვლისთვის ევროკავშირის მზადყოფნა უწოდა.

მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც გააკეთა. მიშელი მიესალმა ლიდერების დეკლარაციას და მისი კოლეგების მსგავსად ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის დასავლეთ ბალკანეთის მნიშვნელობას. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, მიღებული დეკლარაცია არსებითია და მოიცავს ბევრ კონკრეტულ და ხელშესახებ საკითხს მათი ურთიერთობების ირგვლივ. თუმცა მომავალი წევრების ინტეგრაციისათვის მზადყოფნის შესახებ საუბრისას დროის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 27 წევრ ქვეყანას შორის მიმდინარეობს მუდმივი დისკუსია ბლოკის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ახალი წევრების მიღების საკითხზე.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ. მათი განცხადებით, კარგია, რომ გაფართოების პროცესში ბლოკის ლიდერებმა დაადასტურეს მათი ერთგულება ქვეყნების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რადგან მსგავსი სიტყვები ზაგრებსა და სოფიაში არ გამოყენებულა. თუმცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლების თქმით, დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია ევროკავშირის დანაპირების შესრულებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე თანხმობას დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო და სერბეთი უკვე წლებია, ელის. უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ ნელ ტემპში მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ ქვეყნებისთვის, როგორც კორონავირუსთან საბრძოლველად, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ყველანაირი სახის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. მომავალი შვიდი წლის განმავლობაში „მწვანე დღის წესრიგის“ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 9 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *