ახალი საწარმო, ზრდა და ექსპორტი - როგორია „ჩირინას“ გეგმები?

ახალი საწარმო, ზრდა და ექსპორტი - როგორია „ჩირინას“ გეგმები?

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ მომავალი წლის გაზაფხულზე სოსისისა და ძეხვის წარმოებას დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ევროა. სართიჭალაში მდებარე საწარმო დღის განმავლობაში დაახლოებით, 8-10 ტონა პროდუქციის წარმოებაზეა გათვლილი. პარალელურად, კომპანია, რომელიც უნარჩენო წარმოებით გამოირჩევა, აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე. სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით „ჩირინას“ ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის მმართველ დირექტორს, ქეთი ვაშაკიძეს ვესაუბრეთ.

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 ტონა ქათმის ხორცის იმპორტი ხორციელდება. რა არის „ჩირინას“ წილი ბაზარზე? როგორია კონკურენცია იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას შორის?

„ჩირინა“ საქართველოში ქათმის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელია. ჩვენი წილი  ბაზარზე დაახლოებით 30%-ია. ძირითადი აქცენტი ნედლი ხორცის წარმოებაზე გვაქვს, ვინაიდან მას ხარისხობრივად უპირატესობა აქვს გაყინულთან შედარებით. კონკურენცია საკმაოდ დიდია. იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია, რაც შემოდის, იმავე თვისებების მატარებელი იყოს, როგორიც ადგილობრივი წარმოებაა. „ჩირინა“ პროდუქციას ევროპული ხარისხის შესაბამისად აწარმოებს. სწორედ ხორცის ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით ბოლო ორი წელი აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ ქვეყანაში არ შემოსულიყო ქათამი, რომელშიც წყალს ხელოვნურად ამატებდნენ. შესაბამისი რეგულაციის არქონის პირობებში, ფაქტობრივად, წყლით გაჯერებული ქათმის იმპორტი ხორციელდებოდა ქვეყანაში, რაც ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის პირობებს ქმნიდა. თუმცა რეგულაცია შემუშავდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად დარეგულირდება.

„ჩირინას“ მიზანი არა მხოლოდ ქვეყნის ფრინველის ხორცით თვითუზრუნველყოფაა, არამედ ექსპორტიც. რამ მიგიყვანთ თვითუზრუნველყოფის მიზანთან? და როგორია თქვენი საექსპორტო პოლიტიკა?

დაახლოებით კიდევ ორი-სამი „ჩირინა“ უნდა იყოს, რომ ადგილობრივი ბაზრის თვითუზრუნველყოფა შევძლოთ. ეს ჩვენთვის უმთავრესი მიზანია, მაგრამ აღნიშნულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია. როგორც უკვე აღვნიშნე,  პროდუქცია, რომელიც ქვეყანაში შემოდის, დაბალი ხარისხობრივი მაჩვენებლებისაა. ჩვენს კომპანიაში კი წარმოება პირველივე დღიდან თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების დანერგვით მიმდინარეობდა, რაც საშუალებას გვაძლევს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით. თვითუზრუნველყოფის გარდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი ექსპორტია. აზერბაიჯანში პროდუქციის გატანა 2018 წლიდან დავიწყეთ. 2021 წლიდან კი ექსპორტს სომხეთშიც ვახორციელებთ, სადაც ყოველთვიურად დაახლოებით 200-250 ტონა ხორცი გაგვაქვს. ჩვენი მიზანია საექსპორტო მიმართულებებიც აქტიურად განვავითაროთ, ამ კუთხით მოლაპარაკებებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ.

პანდემიამ მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. რამდენად გრძნობთ ამას?

დაგეთანხმებით, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია. ჩვენი დაკვირვებით ადამიანი უკვე ცდილობს, ერთჯერადად რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს, და ეს ჩვენს გაყიდვებზეც აისახება. თუმცა ექსპორტის ხარჯზე ვცდილობთ, გაყიდვები იმავე ნიშნულზე შევინარჩუნოთ. პანდემიის დასაწყისში გაყიდვები ჰორეკა სექტორის გაჩერების გამოც შემცირდა, ახლა კი ეს სექტორი ნელ-ნელა აქტიურად იწყებს ოპერირებას და ეს ჩვენზეც აისახება.

ლარის გაუფასურების გამო თითქმის ყველა მომსახურება და პროდუქტი გაძვირდა. როგორ შეიცვალა „ჩირინას“ საფასო პოლიტიკა?

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თავიდან ფასები არ გაგვეზარდა. მაგრამ ახლა უკვე ჩვენთვისაც რთულია მათი შენარჩუნება. გაორმაგებულია ფასები იმ ნედლეულზე, რასაც ჩვენ მოვიხმართ, მათ შორის სიმინდზე, ხორბალზე. ქათმის კვება ქათმის ღირებულების საბოლოო წარმოქმნაში წამყვანი საკითხია, ამიტომაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენც მოგვიწია ფასების გაზრდა.

 „ჩირინას“ ათობით ნედლი ქათმის ჯიხური აქვს გახსნილი, სადაც „ბიუ-ბიუს“ ბრენდის სახელით ყოველდღიურად მომხმარებლისათვის ნედლი ხორცპროდუქტების მიწოდება ხდება. რა შედეგები გაქვთ ამ ჯიხურებისგან და აპირებთ თუ არა მათი რაოდენობის გაზრდას, განსაკუთრებით – რეგიონებში?

სავაჭრო წერტილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათი საშუალებით მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს და ნედლი პროდუქციის რეალიზაცია სწორედ მათი დახმარებით ხდება. სარეალიზაციო ობიექტები რეგიონებში, მათ შორის დიდ ქალაქებშიც გვაქვს. თუმცა კიდევ უფრო მეტად გვინდა, ამ კუთხითაც გავფართოვდეთ. ჩვენივე ბრენდირებული ობიექტები გაყიდვების ზრდაში ნამდვილად გვეხმარება.

„ჩირინა“ 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს. საინტერესოა ვაქცინაციის მაჩვენებელი…

ეს საკითხი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის 50%-ზე მეტია აცრილი და კიდევ მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობა. ჩვენ კვების წარმოებაში ვართ, სადაც ადამიანების ჯანმრთელობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. გვქონდა წამახალისებელი აქტივობები, თუმცა უფრო მეტად ჩვენ მათთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაზე ვიზრუნეთ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ თანამშრომლების უმრავლესობამ, საბოლოო ჯამში, ვაქცინაცია გადაწყვიტა.

EBRD-ი „ჩირინას“ ზრდის აქტიური მხარდამჭერია. როგორია თქვენი თანამშრომლობა?

EBRD-თან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათთან ჯერ წარმოების გაფართოების ფარგლებში ვითანამშრომლეთ, ახლა კი ხორცის გადამმუშავებელი საწარმოს მიმართულებით ვმუშაობთ და ეს თანამშრომლობა წარმატებულია. EBRD-ი გვეხმარება უფრო მეტად განვითარებაში, ოპერაციების უფრო მეტად დახვეწაში და, რა თქმა უნდა, ფინანსურადაც. ჯამში ამ დრომდე EBRD-ის ფინანსური კონტრიბუცია „ჩირინაში“ დაახლოებით 5.4 მლნ ევროს შეადგენს.

ხორცის გადამმუშავებელი საწარმო მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება, სადაც სოსისებისა და ძეხვეულის წარმოება იგეგმება. უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ახალი ბიზნესხაზების გაჩენას „ჩირინაში“?

ეს საწარმო ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ასორტიმენტი გავზარდოთ და მომხმარებელს მივაწოდოთ ადგილობრივ ახალ ნედლეულზე დამზადებული ქათმის პროდუქტები – სოსისი, ძეხვი, შაშხი. ეს ახალი მიმართულებაა ჩვენთვის, ამიტომაც ამაზე მნიშვნელოვნად ვკონცენტრირდებით. ეს არის ძირითადად ჩვენი უმთავრესი გეგმა 2021-2022 წლებისთვის. გარდა ამისა, ვგეგმავთ სარეალიზაციო ბაზრების გაფართოებას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.

ამჟამად რამდენია კომპანიის წარმადობა?

დაახლოებით 18 000 ტონამდე წელიწადში და, რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ.

„ჩირინა“ უკვე ათი წელია, ოპერირებს. თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ ბიზნესის კეთების მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ბიზნესს დღეს საქართველოში?

პირველ რიგში ეროვნული ვალუტის სიმყარე, რაზეც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარია მიბმული. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან უფრო მეტი ოპერატიულობა, საკითხების სწრაფად გადაწყვეტაა საჭირო. დასაკარგი  დრო არ გვაქვს და  ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ თითოეული საათი და დღე. ბიზნესისთვის ოპერატიული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, რეგიონში მიწაა საჭირო, თუ სხვა რამ, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება უნდა იყოს სწრაფი.

როგორ შეაფასებთ ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების კომუნიკაციას ბიზნესთან?

კომუნიკაცია გვაქვს, დადებითია ეს კომუნიკაცია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება. არის საკითხები, რაზეც პასუხს რამდენიმე თვეა, ველოდებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *