გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ფინანსების მობილიზებისათვის საგარეო ვალების აღებამ 2020 წელს დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისათვის სავალო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია.
2020 წლის ბოლოსათვის, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 29%-ს ასეთ ქვეყნებში სწორედ საგარეო ვალი წარმოადგენდა. თუმცა, თუკი ამ მაჩვენებლიდან ჩინეთის მონაცემებს ამოვიღებთ, მაშინ გამოდის, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისათვის საგარეო ვალების წილი მთლიან ეროვნულ შემოსავლებში 2020 წელს 42%-ს შეადგენდა, რაც საკმაოდ სავალალო მოცემულობაა. 2019 წელს საშუალოდ იგივე მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, საექსპორტო შემოსავლების 8.6%-იანმა კლებამ საგარეო ვალის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პანდემიის გავლენამ ეკონომიკურ განვითარებაზე მთელ მსოფლიოზე თანაბრად იმოქმედა. სავალო ინდიკატორების გაუარესება 2020 წელს ყველა მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს შეეხო.
ყველაზე სავალალო ვითარება ამ მხრივ მონღოლეთში ფიქსირდება. ვალის მთლიან ეროვნულ შემოსავალთან მიმართება აქ დაახლოებით 280%-ს შეადგენდა. საქართველოსათვის კი იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 145%-ს შეადგენს და 2020 წელს მსოფლიოში მე-9 ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. მსგავსი ვითარებაა ჩვენს სამხრეთელ მეზობელთან, სომხეთთანაც. აქ ვალის პროცენტული მიმართება მთლიან ეროვნულ შემოსავალთან დაახლოებით 105%-ს უტოლდება. კოვიდ შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნული მაჩვენებლების გაუმჯობესებას წინასწარმეტყველებენ.
დატოვე კომენტარი