ჯანმო კლიმატურ ცვლილებებს კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს

ჯანმო კლიმატურ ცვლილებებს კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილება მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჯანმო სახელმწიფოების ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. კატასტროფისთვის თავის ასარიდებლად, მსოფლიო ტემპერატურის ზრდა მაქსიმუმ 1,5˚C-ით უნდა განისაზღვროს.

ჯანმოს ინფორმაციით, კლიმატური ცვლილებები მოსახლეობაში დაავადების ზრდის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და კვების სისტემის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ კლიმატური კრიზისით გამოწვეული პრობლემები არაპროპორციულად აისახება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ბოლო 50 წელიწადში გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ხევს უკან. ჯანმოს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი რისკები, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 13,7 მილიონი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია, რაც გლობალური სიკვდილიანობის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს სათბურის აირების ემისიის შემცირებისკენ და მწვანე პოლიტიკაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდებს. პანდემიის დასრულებასთან ერთად, საჯარო პოლიტიკის ყველა დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უმთავრეს საკითხად უნდა დადგეს. ჯანმო მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლას, მათ შორის ავტომობილების ველოსიპედებით ჩანაცვლებას და მცენარეული დიეტის დაცვას ურჩევს. ორგანიზაციის რეკომენდაცია გამონაბოლქვის შემცირებასთან ერთად, ძლიერი კვების სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ყოველწლიურად დიეტასთან დაკავშირებულ 5 მილიონამდე სიკვდილს აღკვეთს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციამდე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამიტის მონაწილეები იზიარებენ 2015 წლის პარიზის შეთანხმებას, კრიტიკოსები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი სამიტის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგორც გარემოსდამცველმა გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, ქვეყნების ლიდერები მხოლოდ აცხადებენ, რომ იციან, როგორ უნდა ებრძოლონ კლიმატურ კრიზისს, თუმცა საკმარის ზომებს არ იღებენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი მხრიდან სიცრუეზე მიუთითებს.

 

ფოტო: 2021 BLOOMBERG FINANCE LP

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *