2015 წელს დაარსებული ქართული კომპანია „პოსტრედი“ ჰოლივუდის ორ სტუდიასთან – Paramount Pictures-სა და A24-თან თანამშრომლობას იწყებს. კომპანიამ მსოფლიო კინოინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლების ორი ახალი ფილმი – „კივილი 5“ და „C’mon, C’mon“, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, უკვე გაახმოვანა. კომპანიის წარმატების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კინოსურათების ოფიციალური თიზერები გავრცელდა. „პოსტრედის“ მიღწევებზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის დამფუძნებელს, ბესო კაჭარავას ვესაუბრეთ.
როგორც ცნობილი გახდა, ხელშეკრულება გააფორმეთ ჰოლივუდის ორ სტუდიასთან. ეს მხოლოდ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას ითვალისწინებს, თუ გრძელვადიანი თანამშრომლობა იგეგმება?
ეს არ არის უშუალოდ კინოსტუდიებთან გაფორმებული კონკრეტული შინაარსის ხელშეკრულება. ვინაიდან ამ კომპანიებმა შეგვიკვეთეს გარკვეული პროექტები, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. ბევრი პროექტია დაგეგმილი არა მხოლოდ Paramount Pictures-სა და A24-თან, არამედ ჰოლივუდის სხვა დიდ კინოსტუდიებთან. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
თქვენს მიღწევაში გარკვეული წვლილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ს მიუძღვის. რაში დაგეხმარათ ორგანიზაცია?
USAID-ი გვეხმარება Trusted Partner Network-სერტიფიკატის მიღებაში. ორგანიზაციის ხელშეწყობით ჩვენი IT-ინფრასტრუქტურის უფრო მეტად დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერება შევძელით. ამან მოგვცა საშუალება, გვეთანამშრომლა ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიც Paramount Pictures-ი და A24-ია.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ისეთი მასშტაბის პროექტებზე გქონდეთ წვდომა, როგორიც ჰოლივუდის ფილმებია?
პირველ რიგში, ხარისხიან პროდუქტს უნდა აწარმოებდე. თუ კინოინდუსტრიაში მოღვაწეობ და კომპანიებს კრეატიულ სერვისს სთავაზობ, აუცილებლად უნდა გქონდეს მათი ნდობა მოპოვებული. ამას საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება – უნდა შეხვდე, ესაუბრო მათ და დაარწმუნო იმაში, რომ პროექტის განხორციელება ნამდვილად შეგიძლია. ასევე აუცილებელია, საკუთარ კომპანიაში უსაფრთხოების სტანდარტები გქონდეს დანერგილი. ეს კინოსტუდიებს საშუალებას აძლევს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, საკუთარი მასალა გადაგზავნონ, რომელიც ძალიან ძვირფასია მათთვის.
Paramount Pictures-ისა და A24-ის გარდა სხვა რომელი კინოსტუდიების ფილმების აუდიოგახმოვანებაზე მუშაობთ?
Netflix-ი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი, რომელთანაც ძალიან ბევრ პროექტს ვაკეთებთ. ცოტა ხნის წინ გავახმოვანეთ მისი ფილმი Intrusion-ი. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ BBC-სთან და კინოინდუსტრიაში მოღვაწე ბევრ სხვა ცნობილ კომპანიასთან. ამ კინოსტუდიების ვინაობის გამჟღავნებას მაშინ შევძლებთ, როდესაც მათი ფილმები ოფიციალურად დაანონსდება.
რომელია ბოლო პროექტი, რომელზეც გიმუშავიათ? მოგვიყევით მის შესახებ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელზეც ბოლოს ვიმუშავეთ, ეს Paramount Pictures-ის „კივილია“. ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის მისი გახმოვანება. ამას გარდა, გამოვარჩევდი „C’mon, C’mon“-ს, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ფილმია. ზოგადად, ჩვენს ჯგუფს ძალიან მოგვწონს A24-ის პროდუქცია. ასევე დავასახელებ ქართულ ფილმს, ლევან კოღუაშვილის მიერ გადაღებულ „მეოთხე ბრაიტონს“, რომელიც ახლა ოსკარზეა წარდგენილი. ძალიან გვეამაყება, რომ ამ პროექტის ნაწილი ვართ და მასზე მუშაობის საშუალება მოგვეცა.
რომელ ფილმზე მუშაობის პროცესს გამოარჩევდით და რატომ?
ისევ და ისევ „მეოთხე ბრაიტონს“ დავასახელებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ლევან კოღუაშვილი, ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი საყვარელი რეჟისორია. ძალიან მინდოდა, მის ფილმზე მემუშავა და მოხარული ვარ, რომ ეს კოლაბორაცია შედგა. მეორე იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი კინოსურათია. მართალია, ფილმში მოქმედება ძირითადად ნიუ-იორკში ხდება, მაგრამ ეს ქართული ისტორიაა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყოველთვის სასიამოვნოა ქართულ პროექტებზე მუშაობა. გარდა ამისა, გამოვარჩევდი „კივილს“, რადგან ჰორორის ჟანრის ფილმებზე მუშაობა ჩვენს სფეროში ძალიან შრომატევადია. მსგავსი პროექტები რთული გასაკეთებელია და ამავდროულად ძალიან საინტერესო.
თქვენი ინდუსტრიის გამოწვევას რაში ხედავთ?
დღეს ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი იქმნება. საკმაოდ ხშირად იცვლება სტანდარტები და ხარისხის დონე, ამიტომ ჩვენი ინდუსტრიის განვითარების ტემპი ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარს ვგულისხმობ. შესაბამისად, გიწევს, იყო ძალიან აქტიური და ამ ტემპს აჰყვე. არ უნდა მოექცე კონკრეტული ქვეყნის ფარგლებში, უნდა იყო თანამედროვე და მუდმივად სიახლეებს ნერგავდე, ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისითაც მოწინავე პოზიცია გეჭიროს. ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ ამ ტემპს ფეხი აუწყო. ჩვენს კომპანიას აქვს ამბიცია, მსოფლიოში საუკეთესო იყოს. თუ ამის მიღწევა გინდა, ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე, რაც საკმაოდ რთულია.
რამდენი ადამიანია ამჟამად კომპანიაში დასაქმებული და გეგმავთ თუ არა გაფართოებას?
ჩვენი კომპანია საერთაშორისოა, თუმცა მთლიანად ქართველებით დაკომპლექტებული. ამჟამად 30 ადამიანზე მეტნი ვართ. გეგმაში გვაქვს გაფართოება, მაგრამ არ გვინდა, დავკარგოთ „ბუტიკის“ ტიპის სტუდიის სახე, როგორიც ახლა გვაქვს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლივუდში ძალიან პოპულარულები გავხდით, ალბათ მოგვიწევს კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა. ასე უფრო მეტი პროექტის აღებასა და განხორციელებას შევძლებთ.
„პოსტრედის“ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
სამომავლოდ ჰოლივუდისთვის უფრო მეტი სერვისის შეთავაზებას ვგეგმავთ. სურვილი გვაქვს, ინდუსტრიის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. გვინდა, რომ უმეტესწილად დიდ ფილმებზე ვიმუშაოთ. ახლა ექსპორტზე ჩვენი პროექტების 95% გაგვაქვს, ანუ ამ რაოდენობის არაქართულ პროდუქციას ვაკეთებთ. ეს ისეთი სტილის ბიზნესია, სადაც არ გაქვს საშუალება, ერთდროულად ბევრ პროექტზე იმუშაო. აქედან გამომდინარე, არჩევანის წინაშე დგები. როდესაც ძალიან პოპულარული ხდები, გაცილებით მეტი არჩევანის საშუალება გაქვს და უფრო და უფრო მაღალბიუჯეტიან ფილმებზე აკეთებ აქცენტს. ჩვენი სურვილი მომავალში ძირითადად სწორედ ასეთ პროექტებზე მუშაობაა.
დატოვე კომენტარი