ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარისგან, Brassica carinata-სგან წარმოებული საავიაციო საწვავით გამონაბოლქვის 68%-ით შემცირებაა შესაძლებელი. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა GCB Bioenergy-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ატმოსფეროში გამოყოფილი მავნე ნივთიერებების დაახლოებით 2,4%-ზე პასუხისმგებელი ავიაინდუსტრია იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი საავიაციო ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილი კლიმატის ცვლილების დაჩქარებაში 3,5%-ს შეადგენს.
Brassica carinata-სგან საავიაციო საწვავის დამზადება ჯერ კიდევ 2010-იან წლებში დაიწყეს. 2012 წელს თვითმფრინავმა Falcon 20-მა მისი გამოყენებით ფრენა წარმატებით შეასრულა. ამის მიუხედავად, ბიოსაწვავის მასობრივი წარმოება არ დაწყებულა, ვინაიდან მისი ღირებულება ჩვეულებრივი საავიაციო საწვავისას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ამ დროისთვის ერთი ლიტრი საავიაციო საწვავი დაახლოებით 0.50 აშშ დოლარი ღირს. სპეციალისტების გამოთვლებით, სუბსიდიების გარეშე Brassica carinata-სგან დამზადებული საწვავი 0.85-დან 1.28 აშშ დოლარამდე ეღირება.
ნაშრომის ავტორების თქმით, აშშ-ის ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ახალი ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც გამონაბოლქვის შემცირებისკენაა მიმართული და ავიაციაში ბიოსაწვავის გამოყენების, ასევე მისი წარმოების შემთხვევაში კომპანიებს გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს სთავაზობს, ზემოხსენებული ფასის შემცირება იქნება შესაძლებელი. ჯორჯიის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების გამოთვლებით, შედეგად, Brassica carinata-სგან დამზადებული საწვავის ღირებულება 0.12-დან 0.66 აშშ დოლარამდე დაიწევს.
მკვლევართა განცხადებით, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატებში ამ მცენარის მოყვანა ზამთრის სეზონზეც არის შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ Brassica carinata სხვა მცენარეულ კულტურებს კონკურენციას არ გაუწევს. ასევე აღსანიშნავია, რომ საწვავის წარმოების შემდეგ მორჩენილი პროდუქტი ცხოველების გამოსაკვებად ვარგისი იქნება.
ფოტო: Thomas Jackson/Stone/Getty Images
დატოვე კომენტარი