მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ უკრაინული BTA Bank-ი შეიძინა

მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ უკრაინული BTA Bank-ი შეიძინა

ყაზახურმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა კომპანია Kaspi-მ, რომელსაც მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, უკრაინული BTA Bank Ukraine-ი შეიძინა, – ამის შესახებ ყაზახური Forbes-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია, რომელიც 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, უკრაინის ბაზარზე საბანკო ლიცენზიის მოპოვებას ემსახურება.

„BTA Bank Ukraine-ის 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს ბანკი უკრაინაში საბანკო ლიცენზიის მოსაპოვებლად შევიძინეთ, რაც ფინტექპროდუქტების, ღია სატელეფონო საფულეების, ანგარიშებისა და სხვათა შეთავაზების საშუალებას მოგვცემს“, – ნათქვამია Kaspi-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ BTA Bank Ukraine-ი ლიმიტირებული ოპერაციული აქტივობით გამოირჩევა – მას არც ფილიალები აქვს და არც – სასესხო პორტფელი. თუმცა მას საბანკო ლიცენზია აქვს, რომელიც Kaspi-ს აინტერესებს. ყაზახურ Forbes-თან საუბრისას, მიხეილ ლომთაძემ აღნიშნა, რომ ეს გარიგება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე საფუძვლიან გავლენას არ მოახდენს.

ცნობისთვის, ამა წლის ოქტომბერში Kaspi-მ უკრაინის ბაზარზე არსებული კიდევ ერთი ფინანსური კომპანია, ონლაინგადახდებში სპეციალიზებული Portmone Group-ი შეიძინა, რითაც უკრაინის ბაზარზე შესვლა დააანონსა. „საბანკო ლიცენზიითა და Portmone Group-ის გადახდების ლიცენზიით წყალობით, მყარად დავდგებით და Super App-ის სტრატეგიას (მარკეტპლეისი, ფინტექპლატფორმა და გადახდების სისტემა) უკრაინაშიც დავნერგავთ“, – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

Kaspi-ს მიზანს, ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. Kaspi ეკოსისტემურ ბიზნესმოდელს ეყრდნობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, რომ ერთი სერვისის ზრდა მეორე სერვისის ზრდას უწყობს ხელს, რითაც განვითარების ერთგვარი წრედი იქმნება. ყაზახეთის ბაზარზე Kaspi უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემაა – Forbes-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად, Kaspi-ს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ცნობისთვის, ყაზახეთში განხორციელებულ ტრანზაქციათა 66%-ს სწორედ Kaspi ატარებს. 2020 წელს Kaspi-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც იმ წლის უმსხვილეს IPO-დ შეფასდა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს – Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $5.8 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *