ილონ მასკი მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $300 მილიარდს უახლოვდება

ილონ მასკი მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $300 მილიარდს უახლოვდება

Tesla-ს საბაზრო კაპიტალის ღირებულების 1 ტრილიონ აშშ დოლარზე გადაჭარბების შემდეგ, მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანი გახდა. ორშაბათს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ მისი ქონების ღირებულება 271.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

მისი ქონება სამ დღეში, პარასკევს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ 41.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ეს კი Tesla-ს აქციათა ფასის ზრდით იყო გამოწვეული, რომელიც ორშაბათის სავაჭრო დღეს 13%-ს გაუტოლდა. შეგახსენებთ, რომ Hertz-მა რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ავტომწარმოებელს 4 მილიარდი დოლარის 100 000 ელექტრომობილის შეკვეთა მისცა.

ილონ მასკის ქონება 300 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება. შედარებისთვის, ცოტა ხნის წინ Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი Forbes 400-ის სიაში შესული ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მაშინ მისი ქონების ღირებულება 201 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

საინტერესოა კიდევ ერთი ცნობილი მილიარდერის ქონების მდგომარეობაც. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის ქონებამ 1999 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით ამჟამად 165 მილიარდი დოლარის ტოლფასია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა გამოცემა ფორბსმა ყველაზე მდიდარ ადამიანთა ქონების აღრიცხვა 1982 წელს დაიწყო. მაშინ ყველაზე მდიდარი ადამიანი გემით გადაზიდვების მაგნატი დენიელ ლუდვიგი იყო 2 მილიარდ დოლარიანი ქონებით. მისი ქონება დღეს 5.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდებოდა.

ილონ მასკის ქონების უდიდეს ნაწილს საკუთარსავე კომპანიაში 21%-იანი წილი წარმოადგენს. თუმცა, გარდა ამისა ის ფლობს მისი კიდევ ერთი კომპანიის, SpaceX-ის წილსაც. აღნიშნული კომპანიის ღირებულება თებერვალში 74 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *