2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 54.34 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 6,61%-ით მეტია. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე საბანკო სექტორის აქტივების ზრდამ 3.26% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტად გაიზარდა. ამ ზრდაში, სავარაუდოდ, საკუთარ წვლილს მთავრობის მიერ ბიუჯეტის ნაშთის საბანკო დეპოზიტებზე გადატანაც ითამაშებდა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 1.6 მილიარდი ლარი მთავრობამ სწორედ კომერციული ბანკების დეპოზიტებში განათავსა.
“საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 32.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.91 მლრდ ლარით, ანუ 6.19%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით მეტი). სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 821.96 მლნ ლარით ანუ 5.66%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.09 მლრდ ლარით, ანუ 6.66%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.45%-ით),” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ამასთან, ირკვევა, რომ ლარის ბოლო გაუფასურების ფონზე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. 2020 წლის პირველი ოქტომბრისთვის ლარიზაციის კოეფიციენტი 38.41%-ია, პირველი სექტემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 2.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.49 პროცენტული პუნქტით).
“სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.46% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.42%,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
დატოვე კომენტარი