სრულად ახალი ტიპის პროცესები მიმდინარეობს ენერგეტიკაში. რეალურ დროში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სემეკმა დღემდე უკვე დიდი შრომა გასწია. ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ ახალ ენერგობაზარზე თამაშის ახალი პრინციპები მკვიდრდება და ახალი სუბიექტები შემოდიან. ჩვენ მათთვის ისეთი რეგულირების პირობებს ვქმნით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას, ხოლო ინვესტორს კითხვაზე, თუ რატომ უნდა შემოვიდეს ქართულ ენერგეტიკულ სივრცეში, ადეკვატურ პასუხს გასცემს.
ამ მოკლე მიმოხილვაში დეტალურად ვისაუბრებ იმ პროცესებზე, წესებზე, ახალ რეგულაციებზე, რომლებიც დღეს უკვე მიღებულია სემეკის მიერ და სატესტო რეჟიმში ხდება მათი პრაქტიკაში გამოყენება.
სემეკმა დაამტკიცა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები, რომლებიც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებასა და საქმიანობების განცალკევებას ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, მაგალითად, ელექტროენერგიის განაწილება- მიწოდებას ერთად ვეღარ განახორციელებენ. ასეთ საქმიანობას, რომელსაც განცალკევება სჭირდება, დღეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორივე კომპანია, სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ახორციელებს. იმ სიახლით, რომელიც ბაზარზე წესებს შემოაქვს და რომელიც ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებს ეფუძნება, განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ანუ ელექტროენერგიის შემთხვევაში გამანაწილებელი ქსელების მფლობელი ცალკე კომპანია უნდა იყოს, ხოლო ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი, მომხმარებელს სხვა კომპანიამ უნდა შესთავაზოს და მიაწოდოს. განაწილების ქსელის მფლობელი კომპანია ვალდებული იქნება, ქსელით სარგებლობის შესაძლებლობის თანაბარი პირობები განუსაზღვროს ყველა მიმწოდებელ კომპანიას.
გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები ადგენს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს კომპანიების სამართლებრივი განცალკევება, მენეჯმენტის განცალკევება, ანგარიშების განცალკევება, სახელწოდებისა და შენობის განცალკევება. 2021 წლის 1 იანვრამდე განცალკევების ვალდებულება აქვთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს, სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“. 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი გაზის ბაზარიც გაიხსნება, ასეთივე ვალდებულება გაუჩნდებათ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ სხვა კომპანიებსაც.
გაზრდის თუ არა ეს ყველაფერი კომპანიების ხარჯებს? ხომ არ გამოიწვევს ტარიფის მატებას ან ხომ არ გაართულებს კომპანიასთან კომუნიკაციას მომხმარებლისთვის? ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება დაისვას და ვარაუდები გაკეთდეს. ერთი რამ ცხადია, რომ ცვლილებები, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზარზე დღეს უკვე გვაქვს და მომდევნო ეტაპზე გაჩნდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე, განავითარებს კონკურენციას, რაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. ბაზარზე კონკურენცია კი, თავის მხრივ, გულისხმობს მომსახურების ხარისხის ბევრად გაუმჯობესებას.
ელექტროენერგეტიკის სექტორი ყოველთვის მზადაა ინოვაციებისთვის. რეალურად, ამ სექტორისათვის კარდინალური ცვლილებები, გარდაქმნები უცხო არ არის – მას მარტივად შეუძლია ადაპტირების პროცესის გავლა. ბაზრის გახსნა გააჩენს რეალურ კონკურენციას და სექტორში თავისუფალი და სამართლიანი ფასწარმოქმნის საფუძვლებს შექმნის.
შესაბამისად, ბაზარზე ისეთი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც არაადეკვატურად მაღალ ფასებს შესთავაზებს მომხმარებელს, ხანმოკლე იქნება.
ენერგეტიკული ბაზრის ეს რეფორმა უშუალო კავშირშია საცალო მომხმარებელთან, რადგან ახალი სუბიექტის მიმწოდებლის ბაზარზე გაჩენა ნიშნავს, რომ ჩვენ, რიგით მომხმარებლებს, ჩვენი საყოფაცხოვრებო და მცირე სამეწარმეო მიზნების დასაკმაყოფილებლად შეგვეძლება, ელექტროენერგიის მიმწოდებელი ავირჩიოთ. ამაზე წინა სტატიებშიც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ, მაგალითად, თუ არ მოგვეწონება კომპანიის მომსახურების პირობები, ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სხვა მიმწოდებელი ავირჩიოთ და ელექტროენერგია მისგან მივიღოთ. აღნიშნული მომსახურება სემეკის მიერ გაკონტროლდება საცალო ბაზრის წესებით, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ. უფრო ზუსტად კი, წესებით დარეგულირდება ურთიერთობები საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს შორის, რომლებიც მომხმარებლების ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფენ.
ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით წესები უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის სრულად გახსნას.
წესების შესაბამისად, ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის პირობებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მისთვის მისაღები პირობებით აირჩიოს ელექტროენერგიის მიმწოდებელი.
საცალო ბაზრის წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების სრული დაცვით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე.
ახლახან დავამტკიცეთ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები, რომლებიც მოიცავს დღით ადრე და დღიური ბაზრების (ენერგეტიკული ბირჟის) წესებსა და საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის წესებს. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდება საათობრივად სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, სადაც ელექტროენერგიის ფასიც და რაოდენობაც საათობრივად განისაზღვრება, კერძოდ, ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებამდე, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის დახურვის შემდეგ, ყიდვის შესახებ განაცხადები დალაგდება ფასის კლებადობის მიხედვით, ხოლო გაყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის ზრდადობის მიხედვით. ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმით (EUPHEMIA) განისაზღვრება საბაზრო წონასწორობის ფასი, რომელიც საერთო იქნება დღით ადრე ყველა მონაწილისათვის.
დღიურ ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ ელექტროენერგიით ვაჭრობა როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო დღის თითოეული საათისათვის. დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება განაცხადების ფასის პრინციპით, რაც გულისხმობს განაცხადების დაწყვილებას ფასის, რაოდენობისა და ფიზიკური მიწოდების პერიოდის მიხედვით. წელს, 1 ივლისს, სატესტო რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება დღით ადრე ბაზარმა და სატესტო- სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დარეგისტრირდა, რაც მისასალმებელია.
საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილეების მიერ შესყიდული და შემდგომ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობების საათობრივ დაბალანსებას, უბალანსობის გამომწვევი სუბიექტების იდენტიფიცირებას, შესაბამისი საფასურების გაანგარიშებასა და დარიცხვას, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობისა და ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მომსახურებების შესყიდვას. საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერირებას განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბაზრის მართვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობის თანამედროვე მექანიზმების დანერგვით გაიზრდება კონკურენცია და ლიკვიდურობა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი ფასის ფორმირებასა და ადგილობრივი რესურსებისა და მოხმარების ეფექტიან მართვას. ამასთან, მოხდება ელექტროენერგიის იაფი რესურსის განვითარების ხელშეწყობა გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ასევე უზრუნველყოფს ფასის დაბალანსებას და ელექტროენერგიის არსებული ფასის შენარჩუნებას. ადგილობრივი წარმოების განვითარება ბაზარზე ვაჭრობის უფრო მეტ სუბიექტს გააჩენს, მათ შორის – მსხვილ მომხმარებლებს, რომელთაც უფლება აქვთ, ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე იყიდონ და მნიშვნელოვნად გაიმარტივონ ელექტროენერგიის შესყიდვის გზები.
დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრები წარმატებით მუშაობს ჩვენს მეზობლად, თურქეთში. სამომავლო პერსპექტივაში ევროპულ ბაზრებთან ინტეგრირების რეალური შესაძლებლობა უჩნდებათ რეგიონის ქვეყნებსაც ჩვენი ენერგეტიკული ბირჟის დახმარებით. მაშინ, როდესაც საქართველოს დაუგროვდება გამოცდილება, შესაძლებელია, რომ ვიკისროთ რეგიონში ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციაც და რეგიონის ქვეყნებს ენერგიის ყიდვა- გაყიდვაში დავეხმაროთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროექტს სურვილის შემთხვევაში ხვალვე განვახორციელებთ. ჯერ მარტო ბაზრების გახსნას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, რომლებმაც ჩვენი მსგავსი ეტაპები გაიარეს (ავსტრია, სლოვენია, ნორვეგია, თურქეთი და სხვ.), მინიმუმ ხუთი წელი მაინც სჭირდება.
დატოვე კომენტარი