2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ქვეყანაში მოქმედმა 52-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ 29.6 ათასი სტუდენტი მიიღო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სტუდენტის სტატუსი გამოცდებზე რეგისტრირებულთა 75%-მა მიიღო. შედარებისთვის 2019 წელს ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა. შესაბამისად, არცთუ ისე ცოტა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში გასული წლის მსგავსად არაერთი ვაკანტური ადგილი დარჩა.
წელს რეიტინგში პირველად მოხვდა KIU, ანუ “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდის“ დაფინანსებით აშენდა. უნივერსიტეტში ჩარიცხულთა საშუალო ქულის მიხედვით რეიტინგში KIU მეოთხე ადგილს იკავებს.
ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში წამყვან ადგილებს ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული უნივერსიტეტები იკავებენ – უკვე არაერთი წელია, სიის სათავეში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ხვდება, მას შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მოსდევს, მესამე ადგილს კი აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. ჩარიცხულთა საშუალო ქულებით, სიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეექვსე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი მეშვიდე ადგილზე გავიდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 9 უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობა 50 სტუდენტზე ნაკლები იყო. ყველაზე მეტი სტუდენტი კი თსუ-მ მიიღო, სადაც წელს 5.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა. რაოდენობრივად მეორე ადგილზე “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია”, სადაც 3,6 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა.
მეთოდოლოგია: უნივერსიტეტების მიხედვით ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული, გამოცდების შედეგების შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით.
დატოვე კომენტარი