სექტორული პრიორიტეტების მართებულად განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. სექტორულად დაბალანსებული ეკონომიკის ქონის აქტუალობა განსაკუთრებით კრიზისების პერიოდში იზრდება. ერთ-ერთ ასეთ კრიზისს კოვიდ-19-ის სახით წააწყდა დღეს მსოფლიო.
აქტუალურია დისკუსია იმის თაობაზე თუ რომელი სექტორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი. ჩვენ აღნიშნულის დადგენას კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის მეშვეობით შევეცადეთ. ჩვენ ვაანალიზებთ საქართველოს რვა უმსხვილეს სექტორს: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, განთავსება/კვება, ფინანსები და უძრავი ქონება (NACE Rev. 2-ის კლასიფიკაცია).
პირველ რიგში გავეცნოთ სექტორების პროდუქტიულობას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შექმნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ჭრილში. ყველაზე მეტი ღირებულების მშპ იქმნება ვაჭრობის სექტორში (5.4 მლრდ ლარი), ხოლო ყველაზე ცოტა – განთავსება/კვების სექტორში (1.8 მლრდ ლარი). დასაქმების კუთხით ყველაზე ბევრი ადამიანი დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სექტორში (659 ათასი ადამიანი, თვითდასაქმებულების ჩათვლით), ხოლო ყველაზე ცოტა (4 ათასი ადამიანი) დასაქმებულია უძრავი ქონების სექტორში.
მშპ-ს წარმოება და დასაქმებულთა რაოდენობა სექტორების მიხედვით
2018 წ. მშპ (მიმდინარე ფასებში) მილიონ ლარში
დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ებში (2018 წ.)
მონაცემთა წყარო: Geostat.ge
ახლა დავაკვირდეთ თუ რომელი სექტორი რა ღირებულების საქონელსა და მომსახურებას მოიხმარს და აწვდის სხვა სექტორებს. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, როგორც მოხმარების ასევე მიწოდების კუთხით უპირობო ლიდერი წარმოების (რეალური ინდუსტრიის) სექტორია. წარმოების სექტორი სხვა სექტორებიდან მოიხმარს 12104 მლნ ლარის ღირებულების საქონელს/მომსახურებას და მათ აწვდის 8034 მლნ ლარის ღირებულების საქონელს/მომსახურებას. ასევე ვიგებთ, რომ წარმოების სექტორის ყველაზე დიდი მომხარებელი (თავად წარმოების სექტორის შემდეგ) არის სოფლის მეურნეობა (3113 მლნ ლარი), ხოლო მისი ყველაზე დიდი მიმწოდებელი სამშენებლო სექტორი გახლავთ (5094 მლნ ლარი). ეს მიუთითებს, რომ წარმოების სექტორის გაძლიერება, თავად წარმოების სექტორის შემდეგ, ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობაში მოთხოვნის შექმნას შეუძლია, ხოლო წარმოების სექტორის გააძლიერება სამშენებლო სექტორს მისცემს მნიშვნელოვან ბიძგს. ბოლოს, ყველაზე ნაკლები ღირებულების საქონელს/მომსახურებას სხვა სექტორებისგან განთავსება/კვების სექტორი მოიხმარს (232 მლნ ლარი), ხოლო მიწოდების კუთხით ფინანსური სექტორის როლია ყველაზე მწირი (419 მლნ ლარი).
შიდა-სექტორული მოხმარება-მიწოდების მატრიცა
2018 წ. მლნ ლარში
შიდა-სექტორული მოხმარება-მიწოდების ქსელური გრაფიკი
წრეების ზომა დარგის მნიშვნელობაზე მიუთითებს. წრეების სიახლოვე – სექტორებს შორის სავაჭრო კავშირების სიძლიერეზე. ისრების სისქე – ფულადი გადარიცხვების რაოდენობაზე. ისრების მიმართულება კი – თუ რომელი სექტორი რომელ სექტორს აწვდის თანხას.
ა) შიდა-სექტორული მოხმარება
ბ) შიდა-სექტორული მიწოდება
წყარო: საკუთარი
მას შემდეგ რაც მაკრო დონეზე დავინახეთ თუ რომელი სექტორი რამდენად პროდუქტიულია, ახლა საინტერესოა შევისწავლოთ თუ თითოეულ სექტორში საშუალოდ რამდენად ეფექტიანი კომპანიები ფუნქციონირებენ. ამისათვის ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს კერძო სექტორის საშუალო და მსხვილი ზომის 2770 კომპანია. როგორც ვხედავთ, რაოდენობრივად ყველაზე მეტი კომპანია ვაჭრობის სექტორში ოპერირებს (ფირმების 38%). შესაბამისად, ის ფაქტი რომ ყველაზე მეტი მშპ ვაჭრობის სექტორში იქმნება, შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ ამ სექტორში ყველაზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს და არა იმით, რომ ეს სექტორი ყველაზე პროდუქტიულია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გვჭირდება ჩავეძიოთ და კომპანიის დონეზე საშუალო ეფექტიანობა დავიჭიროთ.
ყველაზე დიდი წმინდა მოგება სატრანსპორტო კომპანიებს ახასიათებთ (საშუალოდ 1.4 მლნ ლარი), ხოლო ყველაზე მცირე – განთავსება/კვების სექტორს (საშუალოდ 74 ათასი ლარი). წამგებიანია სოფლის მეურნეობის სექტორი (საშუალოდ -224 ათასი ლარი).
ზომის მიხედვით (მთლიანი აქტივების სიდიდე) პირველ ადგილზეა ფინანსური სექტორი, რომელსაც უძრავი ქონების სექტორი მოჰყვება, ხოლო ყველაზე პატარა ზომის ფირმები ვაჭრობის სექტორში გვხვდებიან. აღნიშნული ამტკიცებს აზრს ვაჭრობის სექტორის ეფექტიანობასთან დაკავშირებით – ვაჭრობის სექტორის კომპანიებს შედარებით მცირე რესურსის ხარჯზე შეუძლიათ მნიშვნელოვანი მშპ-ს შექმნა.
და ბოლოს, მომგებიანობის კუთხით (ამონაგები აქტივებზე და კაპიტალზე) ლიდერობენ ტრანსპორტის, ვაჭრობის, მშენებლობისა და წარმოების სექტორები. ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ დანარჩენ ოთხ სექტორში ფუნქციონირებად კომპანიებს.
საწარმოთა ეფექტიანობის ანალიზი სექტორების მიხედვით
საწარმოთა რაოდენობა სექტორების მიხედვით
საშუალო მოგება სექტორების მიხედვით
წმინდა მოგება 1000 ლარში
საშუალო ზომა სექტორების მიხედვით
მთლიანი აქტივები 1000 ლარში
ამონაგები აქტივებზე
ამონაგები კაპიტალზე
წყარო: საკუთარი
მას შემდეგ რაც სხვადასხვა განზომილებაში განვიხილეთ სექტორები, საჭიროა თავი მოვუყაროთ აღნიშნულ მზომელებს, რათა გავიგოთ თუ რომელი სექტორი უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტული. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სექტორული ეფექტიანობის ინდექსი. ჩვენი ინდექსი ითვალისწინებს თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს ამა თუ იმ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში ამჟამად და თუ რა პოტენციალი გააჩნია მას სამომავლოდ.
სექტორული ეფექტიანობის ინდექსი ზომავს მაკრო და მიკრო ფაქტორების კომბინაციას შემდეგი პროპორციით:
ა) სექტორში შექმნილი მშპ-ს რაოდენობა – წონა 20%;
ბ) სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – წონა 20%;
გ) სექტორში საქონლის/მომსახურების მოხმარება სხვა სექტორებიდან – წონა 20%;
დ) სექტორიდან საქონლის/მომსახურების მიწოდება სხვა სექტორებზე – წონა 20%;
ე) სექტორში მოქმედი კომპანიების ეფექტიანობის ხარისხი – წონა 20%:
ე.ა) სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ გამომუშავებული წმინდა მოგება – წონა 5%;
ე.ბ) სექტორში მოქმედი კომპანიების საშუალო ზომა – წონა 5%;
ე.გ) სექტორში მოქმედი კომპანიების მომგებიანობა აქტივებზე ამონაგების კუთხით – წონა 5%;
ე.დ) სექტორში მოქმედი კომპანიების მომგებიანობა კაპიტალზე ამონაგების კუთხით – წონა 5%.
შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული და ნომერ პირველი დარგი წარმოების სექტორი უნდა იყოს. დარგის მოწინავე პოზიცია განპირობებულია მისი გამორჩეული უნარით გამოკვებოს (როგორც მოხმარების ასევე მიწოდების კუთხით) სხვა სექტორები. ასევე ვიგებთ, რომ ამჟამად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ფოკუსში აღებული ტურიზმის სექტორი (ჩვენს კვლევაში წარმოდგენილი ტრანსპორტისა და განთავსება/კვების სექტორების ერთობლიობა) სექტორული ეფექტიანობის ინდექსის არამოწინავე პოზიციაზე გვევლინება. განთავსება/კვების სექტორი არ გახლავთ გამორჩეული მშპ-ს შექმნის, დასაქმებულთა რაოდენობისა და სხვა სექტორების გამოკვების კუთხით. იგივეს თქმა შეიძლება ტრანსპორტის სექტორზეც, იმ გამონაკლისის გარდა, რომ იგი 1076 მლნ ლარის საქონელს/მოსახურებას აწვდის წარმოების სექტორს. აღნიშნულს ემატება ის ფაქტიც, რომ განთავსება/კვების სექტორი ხასიათდება მაღალი მოწყვლადობით კრიზისებთან მიმართებაში, ხოლო ამ სექტორის ხარჯზე უცხოეთიდან შემოსული სიკეთის მნიშვნელოვანი წილი იმპორტ-დამოკიდებული ქვეყნის შემთხვევაში კვლავ უცხოეთში გაედინება. ასევე, არამოწინავე პოზიციაზეა ფინანსების სექტორი – მას სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე უმნიშვნელო წვლილი შეაქვს ქვეყნის კეთილდღებაში მშპ-ს შექმნის, დასაქმებისა და შიდა-სექტორული ვაჭრობის კუთხით. აქ გასათვალისწინებელია ფინანსების დარგის სპეციფიურობა – ეს სექტორი წარმოადგენს სხვა სექტორებისთვის (მათ შორის წარმოებისთვის) ლიკვიდური სახსრების მიმწოდებელს და ამ მხრივ არის ჩართული ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. შესაბამისად, აქ მთავარი კითხვა ისაა თუ რამდენად შეესაბამება ფინანსური სექტორის მასშტაბები დაბალანსებული ეკონომიკის მასშტაბებს და თუ რამდენად პრიორიტეტული უნდა იყოს ეს დარგი როგორც პოსტ-კრიზისული ასევე საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმის ფარგლებში?
მას შემდეგ, რაც პრიორიტეტულ მიმართულებად წარმოება მოგვევლინა, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვესწავლა დარგის სპეციფიკა. ჩვენ გავაანალიზეთ 569 კომპანია წარმოების სექტორიდან. შედეგებმა გამოავლინა წარმოების სამი ძირითადი მიმართულების არსებობა: კვების მრეწველობა (კომპანიათა 26%), არა-ალკოჰოლური სასმელების წარმოება (კომპანიათა 13%) და არა-მეტალური პროდუქტის (შუშა, კერამიკა, ცემენტი, ქვა) წარმოება (კომპანიათა 13%), რომელთაგანაც კვების მრეწველობის ეფექტიანობა უფრო თვალსაჩინოა. სულ რამდენიმე (ჯამში 9, 1.6%) კომპანიაა ჩართული მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოებაში, რაც კარგად ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ არის სექტორი შედარებით ნაკლები შემოსავლების მაგენერირებელი.
წარმოების სექტორის ეფექტიანობის ანალიზი
Food – კვების მრეწველობა; Beverage – არა-ალკოჰოლური სასმელების წარმოება; GCCS – შუშის, კერამიკის, ცემენტის, ქვის წარმოება/დამუშავება; Rest – სხვა წარმოება.
საწარმოთა რაოდენობა
საშუალო წმინდა მოგება
საშუალო აქტივების ზომა
ამონაგები აქტივებზე
ამონაგები კაპიტალზე
საშუალო დასაქმებულთა რაოდენობა
წყარო: საკუთარი
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ყველა სექტორი მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ სექტორების მართებული პრიორიტეტულობით შერჩევა, რათა ისედაც შეზღუდული რესურსების რაციონალური განაწილება მოხდეს. „რომელი დარგი დაზარალდა ყველაზე მეტად, რათა მას ყველაზე მეტად დავეხმაროთ“ – არის მიდგომა, რომლითაც ვცდილობთ კრიზისამდელ სიტუაციას ‘წარმატებით’ დავუბრუნდეთ. ჩვენ შემთხვევაში კი, თუკი ვჯერდებით, რომ კრიზისამდეც ნაკლებ-სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა, შესაძლოა ჯობდეს კრიზისს, როგორც შესაძლებლობას ისე შევხედოთ და ქვეყნის ეკონომიკის მართებულ რელსებზე გადამისამართებას დროულად შევუდგეთ.
მეთოდოლოგია:
მშპ-ს და დასაქმებულთა რაოდენობის ანალიზი გაკეთებულია სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. შიდა სექტორული (მიწოდება-მოთხოვნის) კასკადური ეფექტების ანალიზი ეყრდნობა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს და საერთაშორისო მეთოდოლოგიას (Leontief, 1986; Barrat et al., 2004; Acemoglu et al., 2012). კომპანიის დონეზე საშუალო ეფექტიანობის განსაზღვრისათვის დამუშავებულ იქნა საქართველოს კერძო სექტორის 8 უმსხვილესი დარგის 2770 საშუალო და დიდი ზომის კომპანიის ფინანსური ინფორმაცია. კომპანიის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა ის სექტორი, რომელიც მათ ოფიციალურად მიუთითეს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ელექტრონულ სისტემაში (Reportal.ge). რამდენიმე სექტორის დაფიქსირების შემთხვევაში, აღებულია პირველ ნომრად დაფიქსირებული სექტორი. საწარმოთა ზომის განსაზღვრისა და ელექტრონული ინფორმაციის წარდგენის დეტალები იხილეთ სტატიებში: Pirveli and Shughliashvili (2019) და Pirveli (2020).
კვლევა დაყრდნობილია 2018 წლის მონაცემებზე (ბოლო წელი, რომლისთვისაც გასაჯაროებულია როგორც მაკრო ასევე მიკრო დონის მონაცემები).
* კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ: Pirveli et al., 2020
დატოვე კომენტარი