დიდი დეპრესია: წარსულის გამოძახილი და ახალი კრიზისის მოლოდინი

დიდი დეპრესია: წარსულის გამოძახილი და ახალი კრიზისის მოლოდინი

90 წლის წინ მსოფლიო ახალი, იმ დროს წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისის წინაშე იდგა. უმუშევრობის რეკორდული ზრდა, დანაზოგების გაქრობა, ათასობით ბანკის გაკოტრება – ეს ყველაფერი “დიდი დეპრესიის“ ეპოქის სახელით არის ცნობილი და ის გასული საუკუნის მთელ 30-იან წლებს მოიცავდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ კრიზისის გაჩენისას ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ მის შესაჩერებლად გადადგა, სინამდვილეში კონტრპროდუქტიული იყო, რამაც არა მარტო აშშ- ის, არამედ გლობალური რეცესიის გაღვივებას შეუწყო ხელი. 1929 წლის ოქტომბერში მოხდა ის, რაც თითქმის არავის წარმოედგინა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბირჟებზე დაწყებული 10-წლიანი აღმავლობა დასრულდა.

შავი ხუთშაბათის“ სახელით ცნობილ დღეს, 1929 წლის 24 ოქტომბერს უოლ- სტრიტზე ვაჭრობის გახსნიდან პირველივე წუთებში აქციები დაეცა, Dow Jones-ის ინდექსი 11%-ით შემცირდა. 24 ოქტომბერსვე, ვითარების დასასტაბილურებლად, საფონდო ბირჟის პრეზიდენტმა და აშშ- ის წამყვანი ბანკების ხელმძღვანელებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნდობის ამაღლებისთვის აუცილებელი იყო თავად ემოქმედათ და საკუთარი სახსრებით ბაზრის მიმართულების საწინააღმდეგოდ დაედოთ ფსონი.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ უიტნიმ ამის დემონსტრირებისთვის, არსებულ საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად, ამერიკული გიგანტის U.S. Steel-ის წილი შეიძინა. ბირჟის აღმასრულებელთა მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს იმავე დღეს ნდობის შედარებითი აღდგენა მოჰყვა და Dow Jones-ის ინდექსიც 24 ოქტომბრის ვაჭრობის ბოლოს -2 პროცენტზე დაიხურა. თუმცა კრახი ჯერ კიდევ წინ იყო. სიტუაციას ამძაფრებდა ის, რომ არც საბანკო სისტემა და არც საფონდო ბირჟა არ ექვემდებარებოდა მკაფიოდ განსაზღვრულ თამაშის წესებს. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც დღეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ამოსავალი წერტილია, ამ დროს ფაქტობრივად არ არსებობდა, ბანკები კი შეუზღუდავად გასცემდნენ სპეციალურ საკრედიტო დაფინანსებებს მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე ინვესტირება სურდა, ასეთი კი ათიათასობით ადამიანი და კომპანია იყო.

სხვადასხვა შეფასებით, 1929 წლისთვის ამერიკის კომერციული ბანკების მიერ სესხად გაცემული ყოველი ერთი დოლარიდან, 40 ცენტი სწორედ საფონდო ბირჟაზე აქციების შეძენის დაფინანსებას ხმარდებოდა. ვითარების მოჩვენებითი დასტაბილურების შემდეგ, 28 ოქტომბერს, რომელიც ისტორიაში “შავი ორშაბათის“ სახელით არის ცნობილი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსი 13%-ით დაეცა, 29 ოქტომბერს კი ვარდნამ 12% შეადგინა. მომდევნო ერთ კვირაში აშშ- ის საფონდო ბირჟებმა მათი ღირებულების დაკარგეს. ამ ერთკვირიან პერიოდში გამქრალი კაპიტალის ზომამ 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვითარება ორმაგად მძიმე იყო, რადგან მოქალაქეებმა არა მარტო საკუთარი დანაზოგები დაკარგეს, არამედ დაკარგეს აქციების შესაძენად ბანკებიდან აღებული სესხების დაფარვის შესაძლებლობა, ამან კი მთელი ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სისტემა შენელებული მოქმედების ნაღმზე შესვა. თუმცა საფონდო ბირჟის კრახი, იმის მიუხედავად, რომ მან კოლოსალური ზარალი გამოიწვია, მომენტალურად “დიდ დეპრესიაში“ არ გადაზრდილა და მან ამ მხრივ მხოლოდ კატალიზატორის როლი შეასრულა. რეალური ეკონომიკური კრიზისი 1930 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ის პრაქტიკულად დაემთხვა კონგრესის მიერ ახალი რეგულაციის დამტკიცებას. ეს 1930 წლის ივნისში მიღებული სმუტ-ჰოულის საგადასახადო აქტი იყო.

სმუტ-ჰოულის აქტით აშშ-მა 3,200 დასახელების პროდუქტზე იმპორტის გადასახადი 50%-ით გაზარდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის სავაჭრო ბარიერის დაწესება იყო. სავაჭრო ბარიერების დაწესება ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მოტივით მოხდა, თუმცა მან აშშ- ისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკა უმძიმეს სპირალში შეიყვანა, რომელსაც ქვეყანამ თავი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დააღწია. ის, რომ პროტექციონიზმისა და სავაჭრო ბარიერების აღმართვის გზა კონტრპროდუქტიულია, ეკონომისტებმა ასი წლით ადრეც იცოდნენ.

1930 წელს აშშ- ის კონგრესს ეკონომისტები აფრთხილებდნენ, რომ ტარიფების დაწესებას აუცილებლად მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. ისინი ცდილობდნენ, ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს მიერ ჯერ კიდევ 1800 წლამდე დაწერილი ნაშრომების აზრი აეხსნათ, თუმცა ჰერბერტ ჰუვერის მთავრობამ უკან არ დაიხია და ტარიფების ზრდას მხარი დაუჭირა.

მინდა, ვიხილო ამერიკელი მუშები, რომლებიც დასაქმებულები არიან და ამზადებენ ამერიკულ პროდუქტებს ამერიკელი მომხმარებლებისთვის“, – თქვა ამ კანონის ავტორმა უილის ჰოულიმ.

მიჩნეული იყო, რომ ტარიფების ზრდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილსაც წაადგებოდა. სინამდვილეში მათ გამო სავაჭრო შემოსავალი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. 1929 წელს აშშ- ის ხაზინაში საგარეო ვაჭრობის დაბეგვრით $602 მილიონი შევიდა, 1932 წელს ეს მაჩვენებელი $329 მილიონამდე დაეცა. აშშ-ის მიერ ტარიფების ზრდამ მთელი მსოფლიო “სავაჭრო ომში“ გახლართა. უკვე 1932 წლისთვის ამერიკულ იმპორტზე 62 ქვეყანას ჰქონდა მიღებული საპასუხო ტარიფები. თუმცა ეს ნაბიჯიც თავის მხრივ კონტრპროდუქტიული იყო: გაუარესებული ეკონომიკური პირობები ევროპასაც გადაედო, რომელიც ამ დროს პირველი მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის აღმოფხვრით იყო დაკავებული.

ტარიფების მკვეთრ ზრდას და უცხოეთის მხრიდან სავაჭრო ბარიერების დაწესებას ქვეყანაში მოლოდინების კიდევ უფრო გაუარესება მოჰყვა. კრიზისის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა FED-მაც, რომელმაც შემზღუდველი მონეტარული პოლიტიკის გატარების გადაწყვეტილება მიიღო. 1930 წლის დეკემბერში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკი Bank of United States-ი ჩამოიშალა. ეს ამ დროისთვის ბანკის გაკოტრების ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო. მალევე ამას ბანკების მიმართ უნდობლობა და Bank Run-ი ანუ გაკოტრებების სერია მოჰყვა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების გაკოტრდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა, ანუ აშშ-ის ცენტრალური ბანკი საფინანსო სისტემის გადასარჩენად პროაქტიურ ნაბიჯებს არ დგამდა.

ბანკების ლიკვიდობის კრიზისის მოსახსნელად როგორც ხაზინამ, ასევე FED-მა რესურსები არ გაიმეტეს, ამას კი მილიონობით ამერიკელის დანაზოგის გაქრობა და როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კომპანიებისთვის კრედიტზე ხელმისაწვდომობის დაცემა მოყვა. ინფლაციური შიშიდან გამომდინარე, 1930 წელს ქვეყანაში ფულის მოცულობა 3%-ით, 1931 წელს 15%-ით, 1932 წელს კი 9%-ით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში ნაღდი ფულის დეფიციტი წარმოიშვა. ფულის ნაკლებობის პირობებში ქვეყანაში დეფლაცია დაიწყო. ამასთანავე, FED-მა გაზარდა განაკვეთები და ბაზარზე ფულის მიწოდება გააძვირა. ამან ქვეყანაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, რამაც ასობით მსხვილი მსესხებელი და ბანკი გააკოტრა.

“იმის მიუხედავად, რომ FED-მა ძალიან კარგად იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა ბანკების დახურვას და ფულის მასის შემცირებას, მან ამის შესაჩერებლად არაფერი არ გააკეთა”, ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი. 1934-1937 წლებში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფულის მიწოდება გაზარდა, თუმცა ამავდროულად კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები გაუორმაგა.

1932 წელს კონგრესის ახალარჩეულმა დემოკრატების უმრავლესობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც პარტია ქვეყანაში დაწყებული ფინანსური კრიზისის შეჩერებას ისახავდა მიზნად ეს კანონპროექტი გადასახადების ზრდას ითვალისწინებდა. პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის პროტესტის მიუხედავად, კონგრესმა ცვლილება მიიღო. ეს აშშ- ის ისტორიაში გადასახადების ზრდის ყველაზე მკვეთრი პროექტი იყო. 1932 წლამდე უმდიდრეს ამერიკელებს ბიუჯეტში საკუთარი წლიური შემოსავლის 25%-ის გადახდა უწევდათ. ახალი კანონით გადასახადის მოცულობა 63%- მდე გაიზარდა. გადასახადების ასეთმა ზრდამ უმდიდრეს ამერიკელებს ინვესტირების სურვილი პრაქტიკულად გაუქრო.

დაჩქარდა საწარმოების დახურვის ტემპი. უმუშევრობა 1929 წელს არსებული 3%-დან, 1932 წლისთვის 25%-მდე გაიზარდა. მხოლოდ 1932 წელს პროდუქციის გამოშვება 13%-ით შემცირდა. 1936 წელს რუზველტის ადმინისტრაციამ ყველაზე მაღალ საგადასახადო საფეხურზე განაკვეთი კიდევ ერთხელ, ამჯერად 79%-მდე გაზარდა. საინტერესოა, რომ დეფლაციის წლებში რუზველტის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირებას არა ნაღდი ფულის სიმცირე, არამედ პროდუქციის სიჭარბე იწვევდა. 1933 წელს რუზველტმა ხელი მოაწერა კანონს სოფლის მეურნეობის საქონელზე ფასების სტაბილიზაციის შესახებ [Agricultural Adjustment Act, შემოკლებით AAA], რომელსაც სოფლის მეურნეობის ბაზარზე პროდუქციის “სიჭარბე“ უნდა შეემცირებინა. სახელმწიფომ ფერმერებს მინიმალური კომპენსაციის ნაცვლად მათი პროდუქციის განადგურება უბრძანა.

ბამბის, სიმინდის, კარტოფილისა და სხვა პროდუქტების მოსავლის 10-დან 20%-მდე განადგურდა. მხოლოდ 1933 წელს 6 მილიონი გოჭი დაკლეს. 1936 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ AAA არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა, თუმცა ამ დროისთვის ზიანი უკვე მიყენებული იყო. რუზველტის ადმინისტრაციამ ამ კანონის მსგავსი კიდევ რამდენიმე რეგულაცია მიიღო.

1993 წელს ძალაში შევიდა კანონი ნაციონალური მრეწველობის აღდგენის შესახებ [NIRA], რომლითაც ბაზარზე საფასო კონტროლი დაწესდა. 500- ზე მეტ სექტორში, დაწყებული ავტომობილების წარმოებით, შინაური ცხოველების საკვების წარმოებით დამთავრებული, სახელმწიფომ დაადგინა ამ პროდუქტების მაქსიმალური ფასები და განსაზღვრა კვოტები, თუ რამდენი პროდუქტი უნდა ეწარმოებინათ კომპანიებს. NIRA-მ აშშ- ში პროდუქციის გამოშვება 25%-ით შეამცირა.

სახელმწიფო აჯარიმებდა იმ კომპანიებს, რომლებიც NIRA-ს მიერ დადგენილი კვოტებისა და სავალდებულო ფასების აღსრულებაზე უარს ამბობდნენ. 1935 წელს უზენაესმა სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და გააუქმა.

რუზველტის ადმინისტრაციამ კრიზისში მყოფი ეკონომიკის დასახმარებლად პროფკავშირების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. 1935 წელს ძალაში შევიდა ე.წ. ვაგნერის აქტი, რომელმაც საწარმოებს პროფკავშირების თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლება შეუზღუდა. კრიზისის პერიოდში ამ ცვლილებამ დამსაქმებლებს მკვეთრი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა წაართვა. დიდი დეპრესია 1939 წლამდე გაგრძელდა. 1936 წლიდან მოყოლებული ვითარება გაუმჯობესდა, რადგანაც ბაზარზე ნაღდი ფულის მიწოდება გაიზარდა, მთავრობამ კი ქვეყნის მასშტაბით ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა გაატარა, რითაც დასაქმების ზრდას შეუწყო ხელი. თუმცა, რომ არა არასწორი გადაწყვეტილებების ჯაჭვი, დიდი ალბათობით, კრიზისს ასეთი მძიმე სახე არ ექნებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *