თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმეთ ნური ერსოის, განცხადებით, თურქეთი მიზნად ისახავს, რომ 2023 წელს 50 მილიონ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს და სექტორის შემოსავლები 50 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდოს. აღნიშნული გეგმა მინისტრმა ავტორიტეტულ არაბულ ტელევიზიას, ალ-ჯაზირას, გაუზიარა.
ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეგეოსის რეგიონი თურქეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ზონას წარმოადგენს და ის თურქეთის ეკონომიკას მინიმუმ 50 წლის განმავლობაში მოემსახურება. თურქეთში ტურისტული მდგომარეობა 2020 წლის აპრილიდან მნიშვნელოვნად გაუარესდა და მას შემდეგ შემცირებას განიცდის.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრია 65%-ით შემცირდა. თურქეთის მთავარი კონკურენტები აღნიშნულ სექტორში ესპანეთი და საბერძნეთი არიან, თუმცა, მინისტრის მოსაზრებით, ამ სახელმწიფოთა ტურისტული ინდუსტრიები ისე არ დაზარალდა, როგორც თურქეთის. სექტორის აღმასვლა კი სულ რაღაც რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო.
ივლისში თურქეთში ბოლო 21 თვის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ტურისტები შევიდნენ. ქვეყანამ ზაფხულის მეორე თვეს 4.36 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. ეს მაჩვენებელი 367.5%-ით მაღალი იყო გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე, როდესაც თურქეთს ივლისში 932,927 ვიზიტორი ესტუმრა. საკმაოდ სარფიანი გამოდგა ივნისიც. ამ თვეს თურქეთში 2 მილიონზე მეტი ტურისტი შევიდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია მაისის მონაცემებზე.
იანვარ-აგვისტოს პერიოდში თურქეთმა მთლიანობაში 14 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც 94%-ით მეტია 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
დატოვე კომენტარი