Credit Suisse-მა ივანიშვილთან მიმდინარე ერთ-ერთი სასამართლო დავა წააგო

Credit Suisse-მა ივანიშვილთან მიმდინარე ერთ-ერთი სასამართლო დავა წააგო

შვეიცარიული ბანკის ჯგუფმა „Credit Suisse Group AG“ ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე ერთ-ერთი სასამართლო პროცესი წააგო.  ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძვლები შვეიცარიის საბანკო რეგულატორისა (FINMA) და PwC-ის მიერ მომზადებული ანგარიშები არ გაესაჯაროებინა.

„ბანკს გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური დაინტერესება მიმდინარე სასამართლო პროცესების შედეგებთან დაკავშირებით… მკაფიოა, რომ ის  [ბანკი] აკონტროლებს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოძიების პროცესსა და ზოგადად, თავად სასამართლო დავის მიმდინარეობასაც“ – განაცხადა საკითხზე კომენტირებისას მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნმა 30 სექტემბრით დათარიღებულ სასამართლო განჩინებაში.

შეგახსენებთ, რომ Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს და სხვა მხარეებს ლონდონის სასამართლოშიც უჩივის. საქმის არსებითი განხილვა აქ 29 აპრილს დაიწყო. ბანკმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც მოპასუხე მხარეებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მრჩეველმა კომუნიკაციების მიმართულებით, შვეიცარიის საბანკო რეგულატორის (FINMA) 2017 წლის კონფიდენციალური ანგარიში გაასაჯაროვეს. FINMA-ს მომზადებული ანგარიში პატრიკ ლესკადრონის თაღლითობასა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბანკის ქმედებებს ეხებოდა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, Credit Suisse-მა აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ ბევრად ადრე გაიგო, ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა – სწორედ აღნიშნული საკითხი იყო განხილული FINMA-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2021 წლის თებერვალში ვებგვერდზე CSVictims.com გამოქვეყნდა. Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნულ პორტალს PR-სააგენტო Metigen მართავს.

სწორედ Metigen-სა და ივანიშვილს უჩივის Credit Suisse ლონდონის სასამართლოში. მოსამართლემ საწყის ეტაპზე გაითვალისწინა ბანკის თხოვნა და FINMA-ს აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება დროებით აკრძალა. თუმცა, სასამართლოს გარკვეული კითხვები ჰქონდა იურისდიქციის გავრცელებაზე მომჩივანი მხარის ადვოკატთან. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი csvictims.com ინგლისურენოვანია, ბიძინა ივანიშვილი არ არის ბრიტანეთის მოქალაქე, ამიტომაც, ცოტათი ბუნდოვანია როგორ შეიძლება შეზღუდოს სასამართლომ მისი აქტივობები ქვეყნის გარეთ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პატრიკ ლესკადრონის კლიენტი იყო, მოგვიანებით მან Credit Suisse-ს სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაში უჩივლა და მათგან $800 მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილი ლესკადრონის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო. თავად ივანიშვილს კი შეუძლებლად მიაჩნდა, ამგვარი სქემა ბანკში მხოლოდ ლესკადრონისთვის ყოფილიყო ცნობილი. „მე ვმართავდი ბიზნესს ველურ რუსეთში და ურთიერთობა მქონდა ქართულ ბანკებთან, თუმცა Credit Suisse-ის მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია“ – განაცხადა მილიარდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისთვის, Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და მას 5 წელი მიუსაჯა 2018 წელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის 10 თვეში საპატიმროდან გაათავისუფლეს – მან შარშან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Credit Suisse ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს ბერმუდას სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *