საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 12.5%-ით გაიზარდა. თუმცა ცალკე აღებულ პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, ხოლო მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) 29.9%-ით გაიზარდა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მშპ ნომინალურ ფასებში 27.2 მილიარდი ლარი იყო, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მშპ-ზე 5 მილიარდი ლარით მეტია. თუ რეალურ მშპ-ს ვნახავთ, ზრდა 2.2 მილიარდი ლარია. ნომინალურ და რეალურ რიცხვებს შორის სხვაობა ინფლაციითაა გამოწვეული. რეალური ზრდა ნიშნავს, თუ რამდენად გაზარდა საქონლისა და მომსახურების დამატებითი მოცულობების წარმოებამ მშპ, ხოლო ნომინალურში მეტი პროდუქციის წარმოებასთან ერთად ფასების ზრდის ეფექტიც არის გათვალისწინებული. ფასების ზრდის ეფექტი კი საკმაოდ მაღალი იყო, იანვარ-ივნისში ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასები 9%-ით გაიზარდა.
2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის რთულად დაიწყო, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მეორე ტალღის გამო მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები იყო დაწესებული. შესაბამისად, იანვარსა და თებერვალში ეკონომიკა 11.5 და 5.1%-ით შემცირდა. მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თანდათან შემსუბუქდა და გასულ წელთან შედარებით ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად აპრილ-ივნისის პერიოდში, ანუ მე-2 კვარტალში შემცირდა და წელს, მე-2 კვარტალში დაფიქსირებულ მაღალ ზრდას ამანაც შეუწყო ხელი. ამას ე.წ. საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ნიშნულის მიღწევას აიოლებს.
თუმცა 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული 12.5%-იანი ეკონომიკური ზრდა მარტო საბაზისო ეფექტით (ანუ შემცირებულთან შედარებით) არ იხსნება. საბაზისო ეფექტით სრულად აიხსნებოდა, ეკონომიკა 2019 წელთან შედარებითაც რომ არ იყოს გაზრდილი. 2021 წლის იანვარ-ივნისში, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საბაზისო ეფექტით გამოწვეული ზრდა 6.8%-ია (12.5%-5.7%), 5.7% კი სხვა მიზეზებმა განაპირობა. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 2.2%-ით შემცირდა, ხოლო მეორე კვარტალთან შედარებით 12.7%-ით გაიზარდა.
პირველ რიგში შეგვიძლია ვნახოთ, ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად 2021 წლის იანვარ-ივნისში და რომელმა დარგებმა რა წვლილი შეიტანეს 2020 წელთან შედარებით დაფიქსირებულ 12.5%-იან ზრდაში და 2019 წელთან შედარებით დაფიქსირებულ 5.7%-იან ზრდაში.
2020 წელთან შედარებით 2021 წლის 6 თვეში ყველაზე მაღალი ზრდა – 42% – ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროში დაფიქსირდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ შარშან ეს სექტორი გაჩერებული იყო შეზღუდვების გამო, წელს კი გარკვეული რეგულაციებით მუშაობდა. 34.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, 34.4% – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, 28.9% – ჯანდაცვაში და ა.შ. კლება მხოლოდ განათლების სექტორშია – 3.6% და „სხვად“ კლასიფიცირებულ სექტორებში – 7.4. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვნახოთ, რომელმა დარგმა რა წვლილი შეიტანა ჯამურ 12.5%-იან ზრდაში. ამ შემთხვევაში ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სექტორის წონა ეკონომიკაში, ანუ რა წილი უჭირავს მშპ-ს. რაც მეტია სექტორის წილი, მის ზრდას უფრო დიდი გავლენა აქვს ეკონომიკის ზრდის ჯამურ მაჩვენებელზე. ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობამ და ავტომობილების რემონტმა შეიტანა – 3.2% პუნქტი. 2020 წელს ვაჭრობისა და ავტომობილების რემონტის წილი ეკონომიკაში 12% იყო და სექტორში 28.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვაჭრობის შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი მრეწველობის ზრდამ შეიტანა – 2.1% პუნქტი, შემდეგ მოდის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 2% პუნქტით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 1.4% პუნქტით და ჯანდაცვა 1.3% პუნქტით.
2019 წელთან შედარებით, 2021 წლის 6 თვეში ყველაზე მაღალი ზრდა – 41% – ჯანდაცვაში დაფიქსირდა, რაც ლოგიკურია. კორონავირუსის გამო 2019 წელთან შედარებით 2021 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სამედიცინო მომსახურების გაწევა. შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 35.2%-იანი ზრდით, და ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28.6-ით. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მრეწველობა, საფინანსო მომსახურება და ვაჭრობა. ყველაზე დიდი კლება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშია 15.3%. შემდეგ მოდის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 13.4%-იანი კლებით, მშენებლობა – 5%-იანი კლებით, ტრანსპორტი – 4.2%-იანი კლებით და ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება – 3.5%-იანი კლებით. წვლილის მიხედვით ჯამურ 5.7%-იან ზრდაში ყველაზე მაღალი წილი – 2.2% პუნქტით – მრეწველობას აქვს. შემდეგ მოდის ჯანდაცვა 1.7% პუნქტით, ვაჭრობა – 1.6% პუნქტით და ხელოვნება, გართობა და დასვენება – 1.2% პუნქტით. სექტორში დაფიქსირებული კლების გამო ჯამური ეკონომიკური ზრდა სასტუმროებმა და რესტორნებმა 0.8% პუნქტით შეამცირეს, მშენებლობამ – 0.5% პუნქტით, ტრანსპორტმა კი 0.4% პუნქტით
მაკროეკონომიკური ფაქტორების კუთხით რომ ვნახოთ, ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდ როლს ექსპორტი თამაშობს. 2020 წლის 6 თვეში, 2019 წელთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 16%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის 6 თვეში, 2020 წელთან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც გაზრდილია 5.4%-ით. 2020 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.2%-ით შემცირდა, ეს კლება მაკროეკონომიკური კუთხით (ე.წ. დანახარჯების მეთოდით) მხოლოდ საქონლისა და მომსახურების ექსპორტის კლებით იყო განპირობებული. 2020 წელს ხარჯები საბოლოო მოხმარებაზე და დანაზოგები გაიზარდა, იმპორტი შემცირდა, ანუ აღნიშნულ სამ კომპონენტს მშპ-ის კლება არ გამოუწვევია. შემცირდა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 32%-ით. შესაბამისად, ბუნებრივია, როდესაც მსოფლიოში პანდემია ისეთ ეკონომიკურ შეზღუდვებს აღარ იწვევს, როგორსაც 2020 წელს და მსოფლიოს ეკონომიკამ სწრაფად დაიწყო აღდგენა, საქართველოს ექსპორტიც სწრაფად იზრდება.
გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტებაც, 2019 წლის ივნისის ბოლოს საქართველოს ეკონომიკაზე 28 მილიარდი ლარის სესხი იყო გაცემული, 2020 წლის ივნისის ბოლოს – 33 მილიარდის, ხოლო 2021 წლის ივნისის ბოლოს 38 მილიარდი ლარის. დაკრედიტების ზრდა ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, ე.წ. ფისკალური ექსპანსიაა. მთავრობამ 2020 წელს და 2021 წლის პირველ ნახევარში გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესა და, ამასთან ერთად, ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მნიშვნელოვნად გაზარდა. საგადასახადო შეღავათები პროდუქციის წარმოების ზრდას ეხმარება, ხოლო ბიუჯეტის ხარჯების ზრდა (მით უმეტეს, დეფიციტურად) ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას ზრდის. 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2.1% იყო, რაც 2020 წელს 9.3%- მდე გაიზარდა. 2021 წელს კი 7.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი. როდესაც მთავრობა, დეფიციტური ხარჯვით, ერთი მხრივ ბიზნესს ასუბსიდირებს და მეორე მხრივ სოციალური დახმარებებით სამომხმარებლო დანახარჯებს ზრდის, ბუნებრივია, ეს ეკონომიკურ ზრდას ეხმარება, მაგრამ აქვს თავისი დიდი უარყოფითი მხარეები: ზრდის ქვეყნის მთავრობის ვალს და ასტიმულირებს ინფლაციას, ქვეყანაში ფასების ზრდას. ასეთ რადიკალურ ზომებს ფისკალურად მოწესრიგებული მთავრობები მხოლოდ ეკონომიკური კრიზისების დროს მიმართავენ დროებითად, რომ სოციალურ ფონზე კრიზისის გავლენა შეარბილონ. პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი.
2021 წლისთვის საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-ია. იანვარ-ივლისში ზრდა 12.2% იყო, რაც წლიური პროგნოზის მიღწევას რეალურს ხდის, თუ მთავრობა პანდემიის გამო ისევ არ დააწესებს მკაცრ შეზღუდვებს.
2022 წლიდან ეკონომიკურ ზრდას საბაზისო ეფექტი (წინა წლის კრიზისი) ვეღარ დაეხმარება, ასევე შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც. პოზიტიური ფაქტორებიდან 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატებს ტურისტების რაოდენობა და საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს. თუმცა მდგრადი და ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდისთვის ინვესტიციების ზრდაა აუცილებელი – როგორც უცხოური ინვესტიციების, რომლებიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ასევე შიდა ინვესტირების.
დატოვე კომენტარი