Coca-Cola-მ ორშაბათს დააანონსა, რომ მან სპორტული სასმელების მწარმოებლის, Bodyarmor-ის, სრული საკონტროლო პაკეტი 5.6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. აღნიშნული შესყიდვა კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენია.
Bodyarmor-ის წილები პირველად Coca-Cola-მ 2018 წელს შეიძინა. კომპანია მაშინ 15%-იანი წილით, Bodyarmor-ის მეორე ყველაზე დიდი მეწილე გახდა. საინტერესოა, რომ იმ დროისათვის სპორტული სასმელების მწარმოებელი კომპანიის მესამე ყველაზე დიდი მეწილე გარდაცვლილი კალათბურთელი, კობი ბრაიანტი გახლდათ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კობი ბრაიანტის ოჯახის ქონება აღნიშნული შესყიდვის შემდეგ 400 მილიონი აშშ დოლარით გაიზრდება.
Bodyarmor-ის ფლობა ცნობილ ბრენდს, „კოკა-კოლას“, ბაზრის წილის გაზრდაში დაეხმარება. ეს კი განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მისი კონკურენტის, PepsiCo-ს მფლობელობაში მყოფი სპორტული სასმელების მწარმოებელი, Gatorade-ი, ბაზრის 70%-ს ფლობს. შესაბამისად, „კოკა-კოლას“ მიზანი აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის შემცირება და Bodyarmor-ის წილის ზრდა იქნება.
Coca-Cola-ს განცხადებით, მისი ახალი ბრენდის გაყიდვები წელს 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 50%-ით მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული სასმელების ბრენდი „კოკა-კოლამ“ სრულად შეისყიდა, მისი თანადამფუძნებელი მაიკ რიპოლი კომპანიის ახალი საწარმოო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მაინც მიიღებს. მას საშუალება ექნება „კოკა-კოლას“ გუნდთან ერთად იმუშაოს ბრენდის განვითარებასა და გაყიდვების გაზრდაზე.
დატოვე კომენტარი