ავტორიტეტული გამოცემა Reuters-ის გათვლებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ავტომწარმოებლები წიაღისეული საწვავიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობისათვის ჯამურად 515 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებენ. დეკარბონიზაციის მიზნების მისაღწევად და ელექტროძრავების ელემენტების შესაქმნელად უმსხვილესი ავტომწარმოებლები მზად არიან, საკუთარი საწარმოო პოლიტიკა შეცვალონ და ამისათვის კოლოსალური ოდენობის თანხებიც გაიღონ.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღირებულებით ყველაზე დიდი ავტომწარმოებლისა და ელექტრომობილების პიონერის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალის ღირებულება ზემოთ გაჟღერებულ თანხაზე ორჯერ მეტია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ავტომწარმოებლები საკმარის ძალისხმევას არ ხარჯავენ საკუთარი მიზნების შესასრულებლად.
საინტერესოა ისიც, რომ Reuters-ის მიერ სამი წლის წინ ჩატარებული ანალოგიური გამოთვლებით, ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ინდუსტრიის განსავითარებლად 300 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებდნენ. შესაბამისად, ინვესტიციის რაოდენობა აშკარად გაზრდილია. თუმცა, არა იმდენით, რომ ეს გარდამტეხი აღმოჩნდეს. დიდი ინვესტიციების განხორციელების მოტივაციას დიდ ავტომწარმოებლებს ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნაც აძლევთ.
რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ევროპაში ყოველი გაყიდული ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრომობილია. ეს კი უდიდესი ნახტომია მწვანე ენერგიის პოპულარიზაციისაკენ. თუმცა, სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მოთხოვნის ასეთი ბუმი აღარ იყოს და ის დაეცეს. ეს კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობით აიხსნება. აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზა მეტი დამტენი პუნქტების გახსნის წახალისება იქნება.
დატოვე კომენტარი