General Motors-ი Hummer EV-ზე დაფუძნებული სამხედრო ელექტრომობილის შექმნას გეგმავს

General Motors-ი Hummer EV-ზე დაფუძნებული სამხედრო ელექტრომობილის შექმნას გეგმავს

ამერიკული კომპანია General Motors-ი სამხედრო ელექტრომობილის შექმნას გეგმავს, რომელიც მწარმოებლის მიერ გასული წლის ოქტომბერში წარდგენილ Hummer EV-ზე იქნება დაფუძნებული. GM-ის ინფორმაციით, ავტომობილის პროტოტიპის წარმოება 2022 წლიდან დაიწყება.

General Motors-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია ახალი სამხედრო მანქანის შესაქმნელად Hummer EV-ის მოდიფიცირებულ კომპონენტებს, მათ შორის ჩარჩოს, ელემენტებს, ასევე კომპანიის მიერ ბოლოს წარდგენილ „ულტიუმის“ ძრავებს გამოიყენებს. ამ უკანასკნელთა დახმარებით, 1,000 ცხენის ძალის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Hummer EV-ში ამგვარი სამი ძრავა განთავსდება. მანქანა სამ წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს, ელემენტის ერთი დამუხტვით კი, რასაც 40 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება, 563 კილომეტრი მანძილს დაფარავს.

General Motors-ის მსუბუქი სადაზვერვო ელექტრომანქანა, იგივე eLRV, სამხედრო საჭიროებებს მოერგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კომერციული Hummer EV-ისგან საკმაოდ განსხვავებული იქნება. უნდა ითქვას, რომ ამერიკულ კომპანიას ელექტრომობილების სამხედრო სპეციფიკაციის მიხედვით გადაკეთების დიდი გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ GM-ი აშშ-ის არმიის ქვეითთა რაზმისთვის მანქანებს Chevrolet Colorado ZR2-ის ბაზაზე ამზადებდა. გასულ კვირას General Motors-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანია Chevrolet-მ წარმოადგინა უდაბნოში მოძრაობისთვის განკუთვნილი სატვირთოს კონცეფცია, რომელიც, როგორც ჩანს, ზემოხსენებულ სამხედრო ავტომობილზეა დაფუძნებული.

ცნობისთვის, 2019 წელს ბრაუნის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ის არმია გარემოს მავნე ნივთიერებებით მსოფლიოს 140 ქვეყანასთან შედარებით უფრო მეტად აბინძურებს. ელექტრომობილების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება და კლიმატის ცვლილების შერბილება იქნება შესაძლებელი. აშშ-ის არმია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით General Motors-ის მიერ წარმოდგენილ კონცეფციასთან ერთად სხვა პოტენციურ კანდიდატებსაც აკვირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *