საქართველოში ამერიკული ვენჩურული კაპიტალის ფონდი, Catapult VC შემოდის

საქართველოში ამერიკული ვენჩურული კაპიტალის ფონდი, Catapult VC შემოდის

საქართველოში სილიკონის ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდი, Catapult VC-ი შემოდის, რომელიც მასშტაბირების პოტენციალის მქონე ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებში $50-მდე მილიონს დააბანდებს, – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. ფონდის შემოსვლის ოფიციალურ ღონისძიებას, სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, ფონდის დამაარსებელი, ჯონათან თაუერიც ესწრებოდა.

სილიკონის ველის ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთ წამყვან ფონდთან თანამშრომლობით, ქართველი ინვესტორები ამერიკელ ინვესტორებთან ურთიერთობის დამყარებას შეძლებენ, რითაც ქართულ სტარტაპებს მათთვის უმნიშვნელოვანეს საბაზისო კაპიტალზე წვდომას მისცემენ, რაც მათ საერთაშორისო ზრდაში დაეხმარებათ.

Catapult-ი საკმაოდ წარმატებული ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომლის გუნდმა, წლების განმავლობაში, გრძელვადიან საინვესტიციო პორტფელში არსებული კომპანიების წყალობით, უკუგების შიდა განაკვეთის (IRR) 39%-იანი ზრდა და დაბანდებული კაპიტალის 4.9-ის ჯერადი ზრდა აჩვენა. 317 კომპანიიდან, რომლებშიც Catapult-მა თანხები დააბანდა, 95-ის წილები სრულად გაიყიდა, ანუ დაფიქსირდა $17.3 მილიარდის მოცულობის ე.წ. „exit“-ი. გარდა ამისა, ფონდის პორტფელში არსებული კომპანიებიდან 22-მა $1-მილიარდიან ღირებულებას გადააჭარბა.

Catapult-ის პორტფელში არაერთ ცნობილ კომპანიას შევხვდებით, მათ შორის:  სატრანსპორტო კომპანია Cabify-ს, ბიუჯეტური საპარსი პროდუქტების გამოწერის შემქმნელ Dollar Shave Club-ს, მცოცავი რობოტების მწარმოებელ GeckoRobotics-ს, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Jet-ს და უნარების გასაზიარებელ პლატფორმა Skill Share-ს.

საქართველოში ამერიკული ვენჩურული კაპიტალის ფონდის შემოსვლის შესახებ ცნობა პირველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გააჟღერა. „ერთ-ერთი მსხვილი ვენჩურული კაპიტალის ფონდი შემოდის საქართველოში, ათეულმილიონიანი  ბიუჯეტით, ამერიკული სილიკონ-ველიდან, რაც ბევრი უწყების, ბევრი მხარის აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული ძალიან დიდი წარმატებაა“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *