საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივმა ექსპორტმა $2.5 მილიარდს გადააჭარბა

საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივმა ექსპორტმა $2.5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.9%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ადგილობრივ ექსპორტზე (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 73.2% მოდის, რაც 2484.4 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში როგორც მთლიანი, ისე ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა გასული ხუთი წლის მაჩვენებლებს აღემატება. აქვე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი ექსპორტი 2020 წელს მთლიანი ექსპორტის 72.1%-ს, 2019 წელს- 61.2%-ს, 2018 წელს – 67%-ს, 2017 წელს – 74.8%-ს, 2016 წელს კი 76.5%-ს შეადგენდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენი ქვეყნიდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 2021 წლის იანვარში – 166.4 მილიონი აშშ დოლარი, თებერვალში – 200 მილიონი აშშ დოლარი, მარტში – 237.6 მილიონი აშშ დოლარი, აპრილში – 277 მილიონი აშშ დოლარი, მაისში – 240 მილიონი აშშ დოლარი, ივნისში – 258.1 მილიონი აშშ დოლარი, ივლისში – 280.5 მილიონი აშშ დოლარი, აგვისტოში – 236.3 მილიონი აშშ დოლარი, სექტემბერში – 270.2 მილიონი აშშ დოლარი, ოქტომბერში კი 318.2 მილიონი აშშ დოლარი იყო.

საყურადღებოა, რომ საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 79% შეადგინა. მათ შორის აზიური სახელმწიფო ჩინეთი 493.1 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს, მეორე ადგილზე 440.7 მილიონი აშშ დოლარით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი იმყოფება, მესამე პოზიციაზე კი 246.1 მილიონი აშშ დოლარით შავიზღვისპირა ქვეყანა თურქეთი არის წარმოდგენილი. ამათ გარდა ათეულში შედიან ბულგარეთი (182.7 მილიონი აშშ დოლარი), ამერიკის შეერთებული შტატები (146.9 მილიონი აშშ დოლარი), უკრაინა (137.7 მილიონი აშშ დოლარი), სომხეთი (101.9 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (90.1 მილიონი აშშ დოლარი), ესპანეთი (64.3 მილიონი აშშ დოლარი), შვეიცარია (59.4 მილიონი აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში განხორციელებულ ადგილობრივ ექსპორტში სასაქონლო ჯგუფთა წილს, აქ ყველაზე მეტი, 26.4%-ით, ანუ 655.6 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი, 15.2%, შესაბამისად, 377.9 მილიონი აშშ დოლარი – ფეროშენადნობებზე, 7.6%, ანუ 187.8 მილიონი აშშ დოლარი კი ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე მოდის.

ათეულში ასევე მოხვდნენ მინერალური და მტკნარი წყლები (118.4 მილიონი აშშ დოლარი), თხილი და სხვა კაკალი (88.3 მილიონი აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (77.6 მილიონი აშშ დოლარი, აზოტოვანი სასუქები (76.4 მილიონი აშშ დოლარი), ტრიკოტაჟის ნაწარმი (53.4 მილიონი აშშ დოლარი), ოქრო (53.3 მილიონი აშშ დოლარი), წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით (50.7 მილიონი აშშ დოლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *