1880 წლიდან დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1°C-ით გაიზარდა. ტემპერატურის ზრდა, რომელიც გლობალური დათბობითაა გამოწვეული, მსოფლიოში ზღვის დონის მატების, მყინვარების ფართობის შემცირების, ყინულის საფარის დნობისა და, შესაბამისად, მეტეოროლოგიური მოვლენების გახშირების მიზეზია. გამონაკლისი არც საქართველოა. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში დათბობის პროცესი შედარებით ინტენსიურად ფოთსა და ზუგდიდში მიმდინარეობს, ყველაზე სწრაფად კი – დედოფლისწყაროში, სადაც ბოლო 60 წლის განმავლობაში ტემპერატურის საშუალო მატებამ 0,73°C-ი შეადგინა, ხოლო ნალექები 5-15%-ით შემცირდა. კლიმატური პირობების ცვალებადობამ შესაძლოა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი რეგიონი, კახეთი, რამდენიმე წელიწადში გაუდაბნოების რისკის წინაშე დააყენოს.
2017 წელს, პარიზის ხელშეკრულების რატიფიცირების შედეგად, საქართველო შეთანხმების მონაწილე 189 ქვეყანას შეუერთდა. ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში. პარიზის ხელშეკრულება გულისხმობს შესაბამისი პოლიტიკის გატარებას, რომელიც გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდას წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით მაქსიმუმ 2°C-მდე, საუკეთესო შემთხვევაში კი 1,5°C-მდე შეამცირებს. გარდა ამისა, პარიზის ხელშეკრულების წევრი ქვეყნები საქართველოსგან, სულ მცირე, ხუთ წელიწადში ერთხელ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის შემუშავებას და ყოველი განახლებისას ემისიების შემცირების საკითხში პროგრესულ ცვლილებებს ელიან.
ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს დაამტკიცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტანის დოკუმენტი (NDCs) და ჩაანაცვლა 2015 წლის დოკუმენტი (INDC), რომელიც 2030 წლისთვის „ტრადიციული ბიზნესის“ სცენარით განსაზღვრული მნიშვნელობის მიმართ სათბური გაზების ემისიის 15%-ით შემცირებას გულისხმობდა. განახლებული NDCs-ის დოკუმენტით, საქართველომ აიღო უპირობო ვალდებულება 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ეროვნული სათბური აირების ემისიები 35%-ით შეამციროს (2030 წლისთვის ემისიები საქართველოში არ უნდა აღემატებოდეს 29,25 მგტ CO2-ის ეკვ.-ს.) ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ემისიების მაჩვენებლების დინამიკა გაჰყვება საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C ან 1,5°C-მდე შეზღუდვის სცენარს, საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველო ეროვნულ დონეზე სათბური აირების ემისიის ჯამურ მაჩვენებელს 1990 წელთან შედარებით 50-57%-ით შეამცირებს.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში სათბური აირების ემისიის მაჩვენებელი 17,6 მგტ CO2 ეკვ-ია. სათბური აირების ემისიის წარმოქმნა ძირითადად შვიდ სექტორში ხდება: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და სატყეო სექტორი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი საქართველოს 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა სწორედ ამ სექტორების მიხედვითაა დაყოფილი. 2015 წელს, სათბური აირების მთლიან ემისიებში ტრანსპორტის სექტორის წილმა 24% შეადგინა, ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორის წილმა – 21%, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორმა – 19%. 2030 წლის სტრატეგიის თანახმად, საქართველოს მიზანია ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში, ისევე როგორც ტრანსპორტის სექტორში, სათბური აირების ემისიის მიზნობრივი თარიღისთვის 15%-ით შემცირება. გარდა ამისა, ემისიები 10%-ით უნდა შემცირდეს სატყეო, 5%-ით კი მრეწველობის სექტორში, საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზთან მიმართებით. ანგარიში ასევე ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასებას ეკონომიკასა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე და შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების გატარებას, გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფებით და მეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის შემცირებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას გადაშენების პირას მყოფი ჯიშების კონსერვაციის ხელშეწყობით.
საქართველოში არსებული განახლებადი რესურსების პოტენციალი და გეგმები
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული. ტერიტორიული გადანაწილების მიხედვით, მაღალი სიჩქარეების ზონად სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი ითვლება. ამ ტერიტორიაზე სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა წელიწადში 5,000 საათზე მეტია. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიან და დაბალსიჩქარიან ზონებად (4,500-5,000 სთ) ითვლება მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე. აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგეტიკას ამჟამად ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია აქვს და, მეცნიერთა შეფასებით, 2025 წლისთვის ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 10%-ს მიაღწევს.
რაც შეეხება მზის პოტენციურ ენერგიას, საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი ამ შემთხვევაში გაცილებით მზიანია, ვიდრე დასავლეთი. უმეტეს რაიონში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-280 დღემდე მერყეობს, ხოლო საქართველოს მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი 108 მვტ-ით არის შეფასებული, რაც წლიურად 34 ათასი ტ. პირობითი სათბობის ეკვივალენტურია. გეოთერმული ენერგიის შემთხვევაში, საქართველოში გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები წელიწადში 250 მლნ. კუბ. მ-ს უტოლდება. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი დასავლეთ საქართველოშია წარმოდგენილი. არსებული მოცემულობით სულ საქართველოში 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები არსებობს.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიზანია, რომ 2030 წლისთვის საქართველოს გენერაციის დაახლოებით 20% შეადგენდეს ქარის ენერგიას, მზის ენერგიის წილი კი 5%-ით განისაზღვროს. უახლოეს სამ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება გეგმავს, მის მიერ განხორციელებული პროექტების სიმძლავრე სამჯერ, 500 მეგავატამდე გაზარდოს, რაც $800 მილიონის ინვესტიციას გულისხმობს და სამი მზისა და ოთხი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას მოიცავს. ამჟამად არსებული ქარის პროექტების, მათ შორის ზესტაფონის, ნიგოზას, რუისის და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურის, ჯამურად დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. სავარაუდოდ, აღნიშნული პროექტები წლის ბოლოსთვის მშენებლობის სტადიაში, ხოლო მომავალი წლისთვის ოპერირების რეჟიმში გადავა. მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში მიზანია სამი სხვადასხვა სიმძლავრის (5 მეგავატი, 25 მეგავატი და 50 მეგავატი) ელექტროსადგურების მშენებლობა, მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია.
Forbes Georgia მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობასა და საქართველოს პოტენციალზე EBRD-ის პროგრამის „GEFF საქართველოში“ ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ზურაშვილს ესაუბრა. GEFF პროგრამა შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით (BMF). „GEFF საქართველოში“ პროგრამის დაფინანსებით საქართველოში წარმატებით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი მწვანე პროექტები, როგორიცაა: „მწვანე ქალაქი ლისზე“, ონლაინ სუპერმარკეტი “Mego.ge”,“Archi Tower“-ი და ა.შ.
პირველ რიგში რომ გვითხრათ, როდის დაინერგა GEFF საქართველოში და მოგვიყვეთ პროგრამის შესახებ.
Green Economy Financing Facility არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა, რომელიც ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. თუმცა ეს არ არის ცალკე აღებული პროგრამა, არამედ დიდი ხნის განმავლობაში დანერგილი პროგრამის გაგრძელებაა, რომელსაც Sustainable Energy Financing Facility ეწოდება. პროგრამა საქართველოში ჯერ კიდევ 2007 წელს დაინერგა და ამ პერიოდის განმავლობაში ფაზების ცვლილებასთან ერთად სახელიც რამდენჯერმე შეიცვალა – მაგალითად, თავიდან იყო Georgian Energy Efficiency Program-ი, შემდეგ გახდა Caucasus Energy Efficiency Program-ი და საბოლოოდ დაერქვა GEFF-ი, ანუ Green Economy Financing Facility. მიუხედავად ამისა, პრინციპი ერთია – ყველა პროგრამის მიზანი მწვანე ეკონომიკის განვითარება გახლდათ. ზოგადად, GEFF-ი არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც 155-ზე მეტი პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციის მეშვეობით მსოფლიოს 27 ქვეყანაში საქმიანობს და EBRD-ის $5-მილიარდიანი ფონდით ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ 202,000-ზე მეტი ინვესტიციის განხორციელების გზით, CO2-ის ყოველწლიური გამოყოფა 9 მილიონი ტონითაა შემცირებული.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, „GEFF საქართველოში“ ჯერჯერობით $57 მილიარდის საკრედიტო ხაზია, რომელიც გადანაწილებულია სამ საფინანსო ინსტიტუტზე (ბაზისბანკი, თიბისი ბანკი და პროკრედიტ ბანკი) და ამ ბანკების მეშვეობით გაიცემა სესხები, რომელთა მიზნობრიობაც მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაა.
რა არის მწვანე ეკონომიკის უპირატესობა ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით? და ასევე, გავრცელებული მოსაზრებაა, რომ განახლებადი ენერგია ბევრად უფრო დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. გვითხარით, როგორია ფასებს შორის განსხვავება?
მარტივად რომ ვთქვათ. მწვანე ეკონომიკის მიზანია მდგრადი განვითარება გარემოს გაუარესების გარეშე. ასეთ ეკონომიკაში, პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური ძალები ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და გარემოს მიმართ ზარალის შემცირებისკენაა მიმართული. მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი სასარგებლო ფაქტორი არის მწვანე ინვესტიციები. თავის მხრივ, მწვანე ინვესტიციები მიმართულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც გარემოსთვისაა სასარგებლო. GEFF-ის ფარგლებში მწვანე ინვესტიციად ითვლება ენერგოეფექტიანი ინვესტიციები, ინვესტიციები განახლებად ენერგიასა და რესურსეფექტიან ინვესტიციებში. ბოლო შედარებით ახალი კომპონენტია და გულისხმობს ისეთ ინვესტიციებს, რომლის დახმარებითაც ვზოგავთ ნებისმიერ რესურსს. ეს შეიძლება იყოს წყალი, პროდუქციის საწარმო და სახარჯი მასალა და ა.შ. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორი არის ენერგიის დანაზოგი, რომელიც აისახება CO2-ის ემისიის შემცირებაში.
რაც შეეხება ფასებს, ეს მოსაზრება გავრცელებულია საქართველოში და ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ენერგოეფექტიან და რესურსეფექტიან ტექნოლოგიებში ინვესტირება შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტულ მიდგომებში, თუმცა ის დანაზოგი, რაც შეიძლება მივიღოთ ასეთი ინვესტირების შემთხვევაში თავდაპირველ ხარჯზე მაღალია. რაც შეეხება საქართველოს, 2007 წელს, მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ენერგეტიკული რესურსების ფასები საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა მათზე ფასი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. გაზრდილია ელექტროენერგიის გადასახადის ფასი კომერციული და სამომხმარებლო სექტორისთვის, ასევე ფასი ნავთობზე, საწვავსა და ბუნებრივ აირზე, რაც ენერგოეფექტიანობისადმი ინტერესს უფრო მეტად ზრდის.
როგორც უკვე აღვნიშნე, დანაზოგი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ენერგოეფექტიანი ინვესტიციიდან, აღემატება თავდაპირველ ხარჯს. გარდა ამისა, ენერგოეფექტიანი თუ რესურსეფექტიანი და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები აუმჯობესებს ხარისხს მისივე მაღალტექნოლოგიურობიდან გამომდინარე და ნაკლებად აზიანებს გარემოს. შესაბამისად, წარმოებას ეძლევა საშუალება, გახდეს კონკურენტუნარიანი ბაზარზე და ახალი ბაზრების ათვისებაზეც იფიქროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მწვანე ინვესტიცია გრძელვადიან პერიოდში ძვირადღირებულ გეგმად ნამდვილად არ ჩაითვლება. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი ცდილობს ყველა ინვესტიციაში, რომლებიც მწვანე ეკონომიკაში ხორციელდება, შეაფასოს ინვესტიციები და მომხმარებელს აჩვენოს მათი განხორციელებით მიღებული სარგებელი. ეს არ არის თეორიული დანაზოგი, რომლებიც 20 ან 30 წელიწადში ამოიღებს თავის თავს. პირიქით, ჩვენი გათვლებით, დანახარჯის დაფარვა კრედიტის მიმდინარეობის პერიოდშივე უნდა მოხდეს და სწორედ ეს არის ჩვენი შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმიც.
რამდენად არის დაინტერესება საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიებისგან მწვანე ინვესტიციების მიმართ?
დაინტერესება ძალიან დიდია და დრამატულად იზრდება ენერგორესურსებზე ფასის ზრდასთან ერთად. მაგალითად, როგორც უკვე გითხარით, შარშან ზამთარში გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი კომერციულ სექტორზე, რის შედეგადაც მთელი კომერციული სექტორი გადაერთო განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიებასა და მზის ელექტროსადგურების ამოქმედებაზე. ამ ერთმა მოვლენამ, მთლიანად წაიყვანა კომერციული სექტორი იქით, რომ განეხილათ ინვესტიციები მზის ენერგიაში. მეორე საკითხი ისაა, რომ ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, ასოცირების ხელშეკრულების სახით, რომელიც ენერგიის მოხმარებისა და მოპოვების ევროკავშირის სტანდარტებს ითვალისწინებს. როდესაც ეს სტანდარტები დაინერგება, ენერგოეფექტიანობა და რესურსეფექტიანობა და ვიმედოვნებ, განახლებადი ენერგიაც, გახდება ჩვეულებრივი, მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი ქართული ბაზრისთვის.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ GEFF-ისგან დაფინანსება მიიღოს და როგორ განისაზღვრება დაფინანსების ოდენობა?
დაფინანსების შემთხვევაში პირველი მოთხოვნაა, რომ კომპანია იყოს კომერციული ობიექტი და არ იყოს სახელმწიფო საკუთრებაში. შემდგომ, დაფინანსების მსურველმა კომპანიებმა უნდა მიმართონ ჩვენს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს პროექტით, რომელიც მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. GEFF პროგრამის ფარგლებში ასეთი პროექტია, მაგალითად, ძველი დანადგარის ახალი, ენერგოეფექტიანით ჩანაცვლება, ან მზის ელექტროსადგურის შეძენა და მონტაჟი, წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა და ა.შ. ჩვენი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებია, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი და პროკრედიტ ბანკი. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, ის ჯერჯერობით არ არის პროექტში ჩართული, თუმცა გაფართოება იგეგმება.
კრიტერიუმები დაფინანსების მისაღებად ძალიან მარტივია: ტექნოლოგია, რომლის შეძენაც იგეგმება, უნდა იყოს 20%-ით ენერგოეფექტიანი ქვეყანაში არსებულ სტანდარტებთან შედარებით. მაგალითისთვის, საქართველოში სამშენებლო სექტორში კვლავ საბჭოთა კავშირის დროინდელი პარამეტრებია ძალაში და ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს მუნიციპალიტეტში, მერიაში თუ სხვაგან, თანხმდება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ, რომ პროექტი 1992 წლის სტანდარტებთან შედარებით 20%-ით იყოს გაუმჯობესებული და ნაკლებ ენერგიასა და რესურსს მოიხმარდეს, რაც საკმაოდ მარტივი მისაღწევია.
თუმცა, რა თქმა უნდა, არის შეზღუდვებიც. მაგალითად, იურიდიულ პირზე არ შეიძლება $5 მილიონზე მეტი დაფინანსება გაიცეს. აქვე ვიტყვი, რომ მინიმალური ზღვარი დადგენილი არ არის. შესაბამისად, თქვენ დაფინანსება შეგიძლიათ მიიღოთ კერძო სახლისთვის მზის პანელების დაყენებისთვისაც, რომლის ღირებულებაც შეიძლება $2,000-ს არ აჭარბებდეს. აქვე, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც EBRD-ის გლობალური ინიციატივაა, ესაა მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი. ჩვენ შევქმენით ბაზა, რომელიც დღემდე განახლების პროცესშია და მოიცავს მხოლოდ ენერგო, რესურს და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებს. 27 ქვეყანაში ხორციელდება ანალოგიური მიდგომა, საქართველოშიც არსებობს და, როგორც გითხარით, აერთიანებს ათიათასობით პროდუქტს – დაწყებული ნათურით, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური თვითმცლელით ან ტრაქტორით. თუ რაიმე ენერგოეფექტიანი იყიდება საქართველოში, ის აუცილებლადაა ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებული და თუ არაა, ნებისმიერ მომწოდებელს შეუძლია თავისუფლად დაარეგისტრიროს. მწვანე ტექნოლოგიის სარჩევის უპირატესობა ასევე ისაა, რომ ბაზა საშუალებას აძლევს ბანკს, მარტივი შეფასებით, ძალიან მცირე დროში დაადასტუროს სესხის გაცემა. თუმცა აქ არის ლიმიტი – ერთი მსესხებელზე არ შეიძლება გაიცეს $300,000 მეტი ოდენობის სესხი.
დაბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი: რამდენად შეძლებს ქართული ბიზნესი მწვანე პოლიტიკის ათვისებას, ხოლო საქართველო – პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას?
შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ თავისუფლად შეიძლება, ეს მოხდეს. საქართველოსთვის, პრაგმატულად რომ ვილაპარაკოთ, ეს ძალიან მარტივია, რადგან ჩვენ არ ვართ ინდუსტრიული ქვეყანა და არ ვართ დახუნძლული ძველი ინდუსტრიებით, როგორც ეს, მაგალითად, ჩვენი მოკავშირე უკრაინის შემთხვევაშია, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი წარმოება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. და მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩვენი ენერგიის მოხმარება დაახლოებით 80%-მდე განახლებად ენერგიაზეა, ჩვენ არ გვაქვს ქვანახშირის ტიპის ელექტროსადგურები ან ძალიან მძლავრი ბუნებრივ აირებზე მომუშავე სადგურები. ძირითადად ჩვენთან არის ჰიდროელექტროსადგურები და ამ გათვლებით საქართველო ძალიან კარგ პოზიციაშია და, შეიძლება ითქვას, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე კარგი მაჩვენებელიც კი აქვს მწვანე ენერგიის თვალსაზრისით. შესაბამისად, უკვე არსებული წარმოება თავისუფლად აითვისებს მწვანე პოლიტიკას და თუ რაიმე ახალი წარმოება გაჩნდება, ესეც პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ის, თავის მხრივ, ახალ ტექნოლოგიებს მოითხოვს და ვერ გაკეთდება ძველი მიდგომებით, რაც სხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს.
და რაც არის მიზნად დასახული, რომ 2030 წლისთვის საქართველო ეროვნულ დონეზე სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელთან შედარებით 50-57%-ით შემცირდეს, საკმაოდ მარტივი მისაღწევია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ფართო დროითი მონაკვეთია აღებული ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. მთავარი არის ის, რომ ბიზნესებს გავუჩინოთ ცოდნა მწვანე ეკონომიკის შესახებ, დავანახოთ, რომ ეს არა ზედმეტი ფულის ხარჯვა, არამედ ბევრად უკეთესი პროდუქტის წარმოების საშუალებაა ნაკლები დანახარჯით, რაც ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე წვდომას გაამარტივებს. შესაბამისად, მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს მესიჯები სწორად და გასაგებად მივიდეს კომერციულ სექტორამდე და მათი დაინტერესება გამოიწვიოს.
დატოვე კომენტარი