ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს. მის გენერალურ მდივნად არჩევას მხარი 85-მა დელეგატმა დაუჭირა, 26-მა კი ხმა მის საწინააღმდეგოდ მისცა. ზურაბ პოლოლიკაშვილი აღნიშნულ საპასუხისმგებლო პოსტს 2022 წლიდან 2025 წლამდე დაიკავებს.
გადაწყვეტილება პირველ დეკემბერს ესპანეთში, მადრიდში გამართული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 24-ე გენერალური ასამბლეის დროს მიიღეს. შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატად გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ იანვარში წარადგინა.
მადრიდში გამართულ 24-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა პანდემიისაგან განსაკუთრებით დაზარალებული სექტორის, ტურიზმის მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით აღდგენის გზებსა და საშუალებებზე. განსაკუთრებულ პრიორიტეტებად მან აგროტურიზმი და რეგიონული განვითარება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ პირველად ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის მაისში აირჩიეს. მანამდე მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ესპანეთში საქართველოს ელჩის პოზიციები ეკავა.
აღნიშნული ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ერთ-ერთი სააგენტო გახლავთ, რომელიც 1975 წელს დაარსდა და ის პასუხისმგებლობიანი, მდგრადი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ტურიზმის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 159 წევრი სახელმწიფო ჰყავს.
მადრიდის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ მან კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობისა და შედეგების შესახებ პანდემიის კვალდაკვალ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას თანამშრომლობისათვის, რის გარეშეც აღნიშნული პროგრესი ვერ მიიღწეოდა.
დატოვე კომენტარი