ირლანდია-საქართველოს ბიზნესის საბჭო მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მის დაფუძნებაში ირლანდიის ვიცე-პრემიერი, ბიზნესის ინოვაციების, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრი ლეო ვარადკარი მონაწილეობდა. ბიზნესის საბჭოს ირლანდიისა და ევროპის უმსხვილესი კომპანიები წარმოადგენენ – ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საბჭოს საქმიანობა ახლო მომავალში საქართველოს მიმართ საერთაშორისო ბიზნესის დაინტერესებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უკვე ექვსი წელია, ხელმძღვანელობს. ელჩის მოსაზრებით, ირლანდია არის საუკეთესო მაგალითი საქართველოსთვის, თუ როგორ ისწრაფვის პატარა ქვეყანა დიდი და ამბიციური მიზნებისკენ, რომლებსაც დინჯად, გაბედულად და წარმატებით ახორციელებს.
Forbes Georgia დაინტერესდა, რა საერთო აქვს ევროპის კონტინენტის უკიდურესი დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე ამ ორ ქვეყანას, რომლებიც წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღნიშნავენ. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის და ირლანდიის პრეზიდენტის ბატონ მაიკლ დ. ჰიგინსის პატრონაჟით ირლანდიურ-ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცემა.
ბატონო გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ირლანდიასთან?
ირლანდია ჩემს ცნობიერებაში, ისევე როგორც ალბათ ბევრი ქართველის ცნობიერებაში, თავდაპირველად ლიტერატურით შემოვიდა – ოსკარ უაილდის, ჯონათან სვიფტის მოთხრობები, მოგვიანებით – ჯეიმზ ჯოისი, სემუელ ბეკეტი – ეს ავტორები საქართველოში თითქმის ყველა ოჯახის პირად საბიბლიოთეკო კოლექციაში მოიპოვება. 2011 წელს საქმიანი ვიზიტით პირველად ჩამოვედი დუბლინში. ამავე წელს, მეორედ – ირლანდიაში უკვე ტურისტული ვიზიტით გადავწყვიტე მოგზაურობა. 2014 წელს კი დაიწყო ირლანდიასთან ჩემი ურთიერთობის ახალი და მეტად პასუხისმგებლიანი ეტაპი – სწორედ ამ წელს ირლანდიაში გაიხსნა საქართველოს სრულფასოვანი საელჩო, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელია.
უკვე ექვსი წელია, ირლანდიაში ვმუშაობ, აქ ჩამოსვლის პირველივე წლიდან დღემდე ირლანდია ჩემთვის შესაძლებლობების ქვეყნად წარმოჩნდა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელმა ორ ქვეყანას შორის წარმოშვა თანამშრომლობის, მეგობრობის დიდი შესაძლებლობები, რასაც ჩემი, როგორც დიპლომატის, მხრიდან აღმოჩენა და განვითარება სჭირდებოდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში დუბლინში ფუნქციონირება დაიწყო ირლანდიაში საქართველოს სრულფასოვანმა მისიამ საელჩოს სახით, რომელიც 2015 წლამდე წარმომადგენლობის სტატუსით არსებობდა.
ჩემთვის, როგორც საქართველოს ელჩისთვის, ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე გახლავთ ქ. დუბლინში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გახსნა და საქართველოს დროშის აღმართვა. ამან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, რაც დღეს მაღალი დინამიკით გამოირჩევა და თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს – მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით დაწყებული, ხალხთა შორის კონტაქტებით დასრულებული.
მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში დიდია თავად ირლანდიური მხარის ინტერესიც, რაც, ბუნებრივია, ხელშემწყობი ფაქტორია. დღეს განსაკუთრებით აქტიური და მძლავრია ირლანდიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს ბოლო წლების უპრეცედენტო ხასიათის რეზოლუციები, რომლებიც ირლანდიის პარლამენტმა და სენატმა მიიღო.
მაღალია საპარლამენტო დონეზე ვიზიტების გაცვლის დინამიკა. სულ რამდენიმე კვირის წინ ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რაც თავისთავად ხელს უწყობს პარლამენტებს შორის ურთიერობების განვითარებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები სადაც მოხდა ინფორმაციის მიწოდება ირლანდიელი პოლიტიკოსებისთვის საქართველოს განვითარების, ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების შესახებ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია რადგან ირლანდიელების სახით ჩვენ ევროკავშირის ფარგლებში გვყავს ძლიერი მხარდამჭერები და ამას განვითარება სჭირდება. ამასთან, კარგია, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი და მათ შორის აღსანიშნავია, რომ ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს მმართველი პარტიის გავლენიანი წევრი, სენატორი დიარმუდ უილსონი ხელმძღვანელობს. მას საქართველოს არაერთი მხარდამჭერი განცხადება ეკუთვნის, ის ნამყოფია საქართველოში და კარგად იცნობს აქ არსებულ ვითარებას, ვიზიტის ფარგლებში მან მოინახულა საოკუპაციო ხაზიც.
პოლიტიკური მიმართულების გარდა, საინტერესოდ ვითარდება თანამშრომლობის ეკონომიკური ასპექტი – ადგილობრივ ბიზნესწრეებთან, სავაჭრო პალატებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან. საელჩოს რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად წარმატებით ჩამოყალიბდა საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭო, სადაც გაერთიანებული არიან წამყვანი ირლანდიური მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
ცოტა დეტალურად რომ მიმოვიხილოთ ბიზნესის საბჭოს საკითხი, რატომ გახდა საჭირო მისი დაარსება, საქართველოსა და ირლანდიას შორის რა ეკონომიკური კავშირების პოტენციალი არსებობს და რა ფუნქციები ექნება საბჭოს?
ირლანდია-საქართველოს ბიზნესის საბჭო მიმდინარე წლის ივნისში დაარსდა, თავად ორგანიზაციის დაფუძნების ცერემონია საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა და მასში ირლანდიის ვიცე-პრემიერის, ბიზნესის ინოვაციების, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრის ლეო ვარადკარის მონაწილეობა მიუთითებს ირლანდიის დაინტერესებაზე, განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან. ეს მომენტი აუცილებლად გამოსაყენებელი და მისასალმებელია. ქართული მხრიდან ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ბიზნესის საბჭოს ირლანდიის მხრიდან ხელმძღვანელობს ჯეიმზ ბრიჯმანი, რომელიც იმავდროულად საქართველოს საპატიო კონსულია ირლანდიაში, მას ბიზნესსაქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს – ის ევროპასა და მსოფლიოში არბიტრაჟის ერთ-ერთი წამყვან სპეციალისტად არის მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის საბჭოს წევრები არიან ირლანდიის უმსხვილესი, წამყვანი კომპანიები – Glen Dimplex Group-ი, Shannon Group-ი, Smurfit Kappa, Ibec Association-ი, Total Produce-ი, Flutter Entertainment -ი, Phelan Energy Group-ი და ა.შ. ეს საკმაოდ ავტორიტეტული კომპანიებია არა მხოლოდ ირლანდიის, არამედ მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს ბიზნესის საბჭოში მათი ჩართულობა, იმედს ვიტოვებ, გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების მიმართ ევროპული ბიზნესის დაინტერესებას. წარმოდგენილი კომპანიების ნაწილი საქმიანობს ისეთ სფეროებში, რომლებიც საკმაოდ განვითარებადია ჩვენს ქვეყანაში – იქნება ეს IT- ციფრული ტექნოლოგიების მიმართულება, ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა თუ სოფლის მეურნეობა და ფარმაკოლოგია. სხვათა შორის, 2018 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, ირლანდია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო (პირველი ადგილით), რაც სწორედ ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობას უკავშირდებოდა. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ 2019 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი (პირველი ადგილით) ირლანდიური კომპანია Flutter Entertainment -ია, რომელიც სწორედ რომ ჩვენი ბიზნესის საბჭოს ასევე ერთ-ერთი აქტიური წევრია.
ბიზნესის საბჭოს უკვე დაგეგმილი აქვს ვიწრო სექტორული შეხვედრებისთვის მთელი წლის კალენდარი. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იანვარში გაიმართება და იგი მიეძღვნება სოფლის მეურნეობის სფეროს. ეს ჩემთვის ირლანდიასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა, რადგან ორივე ქვეყანა აგრარული სახელმწიფოა და ამ მხრივ ჩვენთვის საინტერესო იქნება ირლანდიის გამოცდილების გაზიარება, ისევე როგორც ირლანდიისთვის საინტერესო იქნება საქართველოს მზარდი შესაძლებლობების გამოყენება სოფლის მეურნეობის დარგში. თებერვლის თვეში ვგეგმავთ შეხვედრის გამართვას IT- ციფრული ტექნოლოგიების დარგში, რომელიც როგორც მოგეხსენებათ არის კარგად განვითარებული ირლანდიაში, სწორად რომ აქ არის განთავსებული თითქმის ყველა ციფრული კომპანიის ევროპის სათაო ოფისი.
ხოლო მომავალი წლის ზაფხულში უკვე დაგეგმილია საქართველოში ირლანდიელი ბიზნესმენების ვიზიტი და ბიზნესფორუმის გამართვა.
თქვენ ახსენეთ ირლანდიური ინვესტიცია საქართველოში, ყველას კარგად გვახსოვს კომპანია Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში, რომელსაც ძალიან დიდი სიხარული მოჰყვა დაბალბიუჯეტური ტურიზმით დაინტერესებულ ქართველ საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია კომპანიის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი და რამდენად გაამართლა ამ პროექტმა?
მოხარული ვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და ავტორიტეტული ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს აქტიურობის შედეგია. კომპანიის ხელმძღვანელებს ჩემთან შეხვედრისას არასდროს დაუმალავთ, რომ საქართველო მათთვის საინტერესო ბაზარია, რადგან ეს კარგი პლატფორმაა მათთვის აზია-ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მარშრუტების განვითარებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ფუნქციას და იმას, რომ გვაქვს დიდი პოტენციალი, ამ შემთხვევაში ვიქცეთ ისეთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიების, როგორიც არის Ryanair, ჰაბად. აღნიშნული კომპანიის შემოსვლამ, რა თქმა უნდა, გაზარდა საქართველოს ცნობადობა არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოში, რადგან აღნიშნული კომპანია აქტიურად ეწევა იმ მიმართულებების რეკლამირებას, სადაც იგი არის წარმოდგენილი და ალბათ კარგად გახსოვთ სარეკლამო-მარკეტინგული კამპანია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა Ryanair-ის მგზავრებისთვის. სამწუხაროდ, გლობალურმა პანდემიამ ხელი შეუშალა ამ მიმართულებით კომპანიის ჩანაფიქრის სრულად განხორციელებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან Ryanair განაახლებს ფრენებს საქართველოში.
რამდენად იმოქმედებს ეს ტურიზმის მიმართ ინტერესის ზრდაზე ან თქვენ როგორ უყურებთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას?
მოგეხსენებათ, ირლანდია თავად გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება და სწორედ ამიტომ, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, საინტერესო იქნებოდა ამ მხრივ როგორც ირლანდიური, ასევე საქართველოს გამოცდილების ურთიერთგაზიარება. პანდემიამდე ირლანდიას ყოველ წელს 11 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, ტურიზმის სექტორს მშპ-ის 6.3% უჭირავს, რაც ფულად ერთეულში 18 მილიარდ ევროზე მეტია. სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 250 ათასი ადამიანი. საქართველოში ტურიზმი მზარდი სფეროა, სადაც გვაქვს საკმაოდ ინოვაციური და თამამი მიდგომები, რომელთა პოზიციონირებაც კარგი იქნებოდა, მათ შორის იმ მიმართულებით, თუ რა სწრაფად და ეფექტიანად ახდენს პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველო ტურიზმის სფეროს რეაბილიტაციას. რაც შეეხება ტურისტული მიმოსვლის ზრდას, პირადად მე ვთვლი, რომ ირლანდიელი ტურისტისთვის, რომელსაც უყვარს მოგზაურობა და უცხო მხარეების შეცნობა, საქართველო კარგი და საინტერესო ბაზარია. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის განვითარება ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროა. მოგეხსენაბათ რომ 2016 წლიდან საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა წმ. პატრიკის დღის აღნიშვნა ყოველი წლის 17 მარტს. აქვე გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ქ. თბილისის მერს ჩვენი საელჩოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. უკვე მეხუთე წელია, წმ. პატრიკის დღეს თბილისის ღირსშესანიშნაობები სატელევიზიო ანძა, მეტეხის კლდე აბანოთუბანში მწვანე ფერით ნათდება. აღნიშნულის გამო, საქართველო იკავებს მოწინავე ადგილს ირლანდიის ტურიზმის სააგენტოს ე.წ. „პრიორიტეტული მიმართულებების“ სიაში, რითაც ჩვენი ქვეყანა თანდათან იკრებს პოპულარობას ირლანდიაში და ამას ადასტურებს სტატისტიკაც – 400%-ით არის გაზრდილი ირლანდიელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.
ამ ყველაფერს, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ირლანდიის საგრაფოებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე საელჩოს აქტიურმა მუშაობამ. 2015 წელს დუბლინში ქ. თბილისის მერის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა თბილისსა და დუბლინის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს. 2018 წელს კი ბათუმში კორკის საგრაფოს ხელმძღვანელობის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრობის მემორანდუმს.
საინტერესოა საელჩოს კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ირლანდიასა და საქართველოს შორის საკრუიზო ტურიზმის სფეროში ირლანდიის მდიდარი გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს, კერძოდ, 2017 წელს მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა დუბლინის პორტსა და ბათუმის პორტს შორის. აღსანიშნავია, რომ ირლანდია არის ევროპის საკრუიზო ასოციაციის აქტიური წევრი და აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციაში ბათუმის პორტის შესაძლო გაწევრების პროცესს. მართალია, ეს მიმართულება გლობალურმა პანდემიამ შეაფერხა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება.
ირლანდიაზე საუბრისას ძნელია, გვერდი აუარო ამ ქვეყნების მთავარ ბრენდულ იმიჯს – „გინესს“ და ვისკის, მაშინ როდესაც საქართველო აქტიურად ცდილობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და ეს ჩვენი საელჩოების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც არის. ცოტა რთული ხომ არ არის ირლანდიაში ამ ამოცანის განხორციელება და ხედავთ თუ არა პერსპექტივას ამ მხრივ?
საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ნამდვილად არის საქართველოს პოპულარიზაცია და ირლანდიაში ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლება. მათ შორის, ამ კუთხით განსაკუთრებით გაადვილდა მუშაობა საელჩოს გახსნის შემდეგ, რადგან უფრო აქტიურად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. რაც შეეხება ღვინოს, გეთანხმებით, ირლანდია ამ მხრივ მართლაც სპეციფიკური ბაზარია, რადგან ცნობილია თავისი კონსერვატიული გემოვნებით, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ საელჩოს აქტიურმა მუშაობამ ამ მიმართულებებით კონკრეტული შედეგი გამოიღო. ამის ყველაზე ხელშესახები მაგალითი ისაა, რომ ჩვენი საელჩოს მიერ საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელშეწყობით ორგანიზებული ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიებების შემდეგ, ირლანდიურმა კომპანიებმა ბაზარზე სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო შემოიტანეს.
ისევ პოლიტიკურ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოს უალტერნატივო პროდასავლურ კურსზე ვისაუბროთ. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას რამდენად ხედავენ ირლანდიის პოლიტიკურ წრეებში და შეგვიძლია თუ არა ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარება?
ცნობისთვის, ირლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების არანაკლებად რთული გზა განვლო, შესაბამისად, დღეს ეს ქვეყანა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ცდილობს მხარში დაუდგეს პატარა ქვეყნებს და მათ შორის – საქართველოს. ჩვენი მიზანდასახული სვლა შეუმჩნეველი არ არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისთვის. ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, რაც არაერთხელ აისახა ზემოაღნიშნულ საპარლამენტო რეზოლუციებში.
მკითხველისთვის ასევე საინტერესოა პარალელები ეკონომიკური განვითარების გზასთან დაკავშირებით. ირლანდია რამდენიმე ათეული წლის წინ ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა იყო, ევროკავშირში გაერთიანებამ ეს ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ეკონომიკად აქცია, მაგრამ ეს გზა, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, არ იყო ადვილი, ამ ხალხმა დიდი შრომის, წინდახედულობის, მოთმინების შედეგად მიაღწია დღევანდელ სტატუსს და მდგომარეობას. შესაძლოა, ესეც არის მიზეზი, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის მიმართ ირლანდიელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება და სენტიმენტები აქვთ. მათ იციან, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს გზა, ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ირლანდია ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა, რომელიც მხარდამჭერია ევროკავშირის გაფართოების, ევროპაში გამეფებული ევროსკეპტიციზმის გათვალისწინებით კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა.
ზოგადად, ცნობილია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა რთულია და დღეს ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე ბრძოლა უწევს, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების დასაძლევად. სხვათა შორის, დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა ჰიბრიდული საფრთხეების, კერძოდ, დეზინფორმაციის გავლენის და ამ პროცესში საელჩოების აქტიური მუშაობის აუცილებლობაზე.
გეთანხმებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნისკენ სავალი გზა ადვილი არ არის და, ბუნებრივია, ამ გზაზე მრავალი, როგორც ტრადიციული, კონვენციური, ასევე ახალი ეპოქის გამოწვევა და საფრთხე არსებობს, რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ პროცესს და ამისთვის იყენებს ყველა შესაძლო ხერხს, მათ შორის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და, შეიძლება ითქვას, ქმედით იარაღს „ჰიბრიდული ომის“ სახით, და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცივილიზებული სამყაროს და ზოგადად ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ. მაგალითად, ამის ერთ-ერთი გამოვლინება აქტიური დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდაა. ბრძოლის ამ სახეობის დეტალებზე მსჯელობას ახლა არ დავიწყებ, რადგან, ჯერ ერთი, ეს საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და მეორეც – დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თითქმის ყველამ იცის, რას ნიშნავს, რა გზებით წარმოებს და რა მიზნებს ისახავს „ჰიბრიდული ომი“ და მისი ერთ-ერთი გამოვლინება – დეზინფორმაცია. ვეთანხმები ქ-ნ პრეზიდენტს, რომ ამ რეალობის გათვალისწინებით, დღეს ჩვენი ფრონტის ხაზი უკვე საინფორმაციო სივრცეშიც გადის, რაც, ბუნებრივია, აუცილებლად გასათვალისწინებელია საელჩოების მხრიდან, როგორც ქვეყნის პოზიციონირების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში.
ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც თავისი მასშტაბებით გლობალურია და საბოლოო ჯამში დიდ ზიანს აყენებს ზოგადად ყველა ქვეყნის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ამგვარი ომის ნებისმიერ გამოვლინებას ძალიან სერიოზულად უნდა შევხედოთ. საგულისხმოა, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნებშიც აქტიურად იყენებს და ხშირად ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედია, ანალიტიკური ცენტრები და მათ შორის საგანმანათლებლო სისტემა. საზოგადოებას ახსოვს შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთის რიგ უნივერსიტეტში იყო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ისტორიისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დამახინჯებული ფაქტების მიწოდების მცდელობები სწორედ რუსული პროპაგანდისტული ნარატივის გამოყენებით. ნათელია, რომ ამით რუსეთი ცდილობს უცხოეთში, განსაკუთრებით ახალ თაობაში, შექმნას მცდარი წარმოდგენები მის საოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დააზიანებს, გაართულებს დეოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ მხარდაჭერას. ხშირ შემთხვევაში, ეს შორს მიმავალი პროპაგანდა გათვლილია სწორედ იმ კატეგორიის ახალგაზრდებსა და აკადემიურ წრეებზე, ვინც მომავალში აქტიურად დასაქმდებიან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საჯარო სექტორში, დიპლომატიურ უწყებებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ერთი ასეთი შემთხვევა ირლანდიიდან, სადაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ჩვენს რეგიონთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, და ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რუსული „ნარატივით“ ისწავლებოდა. ამ ფაქტის გამოვლენისთანავე შედგა საელჩოების ერთობლივი კომუნიკაცია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და გამოვხატეთ შეშფოთება აღნიშნულთან დაკავშირებით – მივაწოდეთ სწორი ფაქტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, იქ ადამიანის უფლებების დარღვევების, მცოცავი ანექსიის შესახებ, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.
რა შეიძლება იყოს საქართველოს საპასუხო ქმედება დეზინფორმაციის წინააღმდეგ და რა ბერკეტები აქვთ საელჩოებს, მსგავსი ფაქტები გამოავლინონ და ამ „ჰიბრიდული ომის“ საგანგაშო შედეგებს დაუპირისპირდნენ?
პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომ რუსეთი ამგვარად იქცევა და აუცილებელია ჩვენი პარტნიორების ინფორმირება და მათი ყურადღების გამახვილება აღნიშნულ პრობლემაზე, რათა ყველამ გაიაზროს, რომ დღეს უკვე არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სკოლებში ასწავლიან დამახინჯებულ ისტორიას, არამედ სადაც შეუძლიათ, საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასა თუ აკადემიურ წრეებში ცდილობენ მცდარი აზრის გაღვივებას. მაგალითად, ამ პროცესს სიღრმეებში რომ ჩავყვეთ, სამწუხაროა, რომ ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანა ბოროტად იყენებს საგანმანათლებლო სისტემისთვის ასე ღირებული აკადემიური თავისუფლების პრინციპს და მას ამოფარებული დეზინფორმაციულ ნარატივს, პროპაგანდას ავრცელებს.
აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გარდა ამ პრობლემას სათანადო ყურადღება ექცეოდეს საქართველოს აკადემიურ, ექსპერტულ და სამეცნიერო წრეებში, რათა სწორედ ეს სეგმენტია ის ძალა, ვინც უფრო აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, რომელიც ცდილობს, ფეხი მოიკიდოს უცხოეთის აკადემიურ წრეებში.
სახელმწიფო და ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოების მეშვეობით აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ხშირად მარტოს გვიწევს დაპირისპირება ამ პრობლემასთან, არადა ეს ყველას საქმეა, სადაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თითოეული მოქალაქის, იქნება ეს ექსპერტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, მხარდაჭერა.
ქართველი დიპლომატების, მათ შორის ჩემი, ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში პოლიტიკური ისტებლიშმენტის და ფართო საზოგადოების თვალსაწიერში მუდმივად იდგეს საქართველოს საკითხი და გვქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
დიპლომატები ადგილსამყოფელ ქვეყნებს მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას რუსეთის მხრიდან განხორციელებული „ჰიბრიდული ომის“, დეზინფორმაციის, ასევე აგრესიის, პროვოკაციების შესახებ. ამ თემაზე ვატარებთ სემინარებს, კონფერენციებს, ვმუშაობთ კვლევით ცენტრებთან, ექსპერტებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სწორი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ პროცესში აუცილებელია ექსპერტული და აკადემიური წრეების ჩართულობა.
სიმართლე საქართველოს მხარეს არის, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი ფაქტების გამოაშკარავება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. იმედი მაქვს, რომ საქართველოში არსებული კვლევითი ცენტრები და აკადემიური წრეები ამ პრობლემას მეტ ყურადღებას მიაქცევენ და უფრო აქტიურად დაუპირისპირდებიან რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას. ბრძოლა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თითოეული მოქალაქის, თითოეული ქართველის ვალია, მით უფრო, როდესაც წარმოადგენ ისეთ სფეროს, რომელსაც ხმა მიუწვდება საერთაშორისო საზოგადოებასთან. მჯერა, მალე დადგება დრო, როდესაც საქართველო არა მხოლოდ გაუმკლავდება „ჰიბრიდული ომის“ შედეგებს, არამედ დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მალე მოხდება.
ჩვენ ვსაუბრობდით პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, ირლანდიურ მედიაში რამდენად ვხვდებით მსგავს ნარატივებს ან თქვენ თუ ახერხებთ მედიის მეშვეობით ამის გაქარწყლებას?
ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო ტენდენცია ვითარდება. თუ ადრე საქართველოთი ინტერესდებოდნენ ირლანდიის სხვადასხვა რეგიონული გამოცემები და მათი ინტერესის მიმართულება ძირითადად ეკონომიკა, კულტურა და ტურიზმი იყო, ჩვენ თანდათან, აქტიური მუშაობით, ინფორმაციის მიწოდების, კომუნიკაციის, მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული პრეზენტაციების წყალობით, ირლანდიური გამოცემები დავაინტერესეთ ზოგადად რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებით. მართალია, ერთი შეხედვით ჩვენი რეგიონი ასე გამოხატულად არ შედის ირლანდიის აქტიურ გეოპოლიტიკურ ინტერესში, მაგრამ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ასევე წარმოადგენს ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროევროპულ სახელმწიფოს, ექცევა ირლანდიის მედიის ყურადღების ცენტრშიც.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ირლანდიის გავლენიან ანალიტიკურ გამომცემლობაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე გამოქვეყნებული ე.წ. ტრილოგია. ეს გახლავთ ჟურნალისტური ნარკვევი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და კარგად აღწერს როგორც ომის ისტორიულ ასპექტებს, ასევე რუსეთის დესტრუქციულ და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებსა და ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების შედეგებს.
რამდენიმე კვირის წინ საელჩომ ჩაატარა ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს და რუსულ ოკუპაციას. აღსანიშნავია, რომ ამ კონფერენციაზე მოწვეული გვყავდა უაღრესად საინტერესო ექსპერტები და გამომსვლელები საქართველოდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა, მოსაწვევები დასასწრებად დავუგზავნეთ ძალიან ფართო საზოგადოებას, როგორიცაა მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უნივერსიტეტები; როგორც პროფესორ-მასწავლებლებს და მკვლევრებს, ასევე სტუდენტებს, კვლევით ცენტრებს, მასმედიის წარმომადგენლებს და ა.შ.
მაშინ, როდესაც მსოფლიოში არსებობს უამრავი ცხელი წერტილი, გამოწვევა და აქტუალური მიმდინარე პროცესები, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საოკუპაციო და დესტრუქციული პოლიტიკის შესახებ ევროპის დედაქალაქიდან საუბარი, ამ პრობლემაზე ევროპული საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და მსგავსი სახის ნარკვევები ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს სახეს უცხოეთში წარმოადგენს არა მხოლოდ დიპლომატიური მისია, არამედ წარმოადგენენ ის ადამიანებიც, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობს. რამდენად აქტიურია ქართული დიასპორა ირლანდიაში?
ძალიან ვამაყობ იმით, რომ ქართველები ირლანდიაში კარგი ავტორიტეტით, წესიერებით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ირლანდიაში უკვე მოქმედებს ქართული სათვისტომოს საბჭო, რაც საელჩოსა და ქართულ დიასპორას – ორივეს გვიადვილებს, ერთობლივად ვიმუშაოთ არაერთ საინტერესო პროექტზე. დუბლინში ვაპირებთ ქართული კულტურის ცენტრის გახსნას, სადაც გვინდა, ქართულმა ბიბლიოთეკამ იფუნქციონიროს, რომლისთვისაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების გვიგზავნის, და რისთვისაც მის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი თანამემამულეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და, რაც მთავარია, ამ ცენტრის ფუნქცია ქართველების, აქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების და ირლანდიელი მეგობრების გაერთიანება და მეტად დამეგობრება იქნება. აქ ნებისმიერი ქართველი შეძლებს გამოავლინოს ინიციატივა, განახორციელოს პროექტი და ისარგებლოს არსებული ცენტრით. ცენტრში განვათავსებთ საკვირაო სკოლას „ლამპარი“, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებს და ირლანდიაში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას აყვარებს სამშობლოს, ქართულ ენას, ისტორიას. გავქვს არაჩვეულებრივი სიმღერის და ცეკვის კლასები. აღნიშნული პროექტის განხორციელების თვალსაზრისით გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ რომ დიასპორასთან მუშაობა წარმოადგენს.
დიასპორა აქტიურად არის ჩართული საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღის – 25 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნაშიც. ამიტომ მადლობა მინდა ვუთხრა უკლებლივ ყველას, ვისითაც ასე ვამაყობ და ვისთან ერთადაც საქართველოს საელჩო ირლანდიაში ასე თვალსაჩინოდ წარმოადგენს საქართველოს. ასევე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია დიასპორის გაძლიერების თვალსაზრისით საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც მთავრობის, რომელიც უამრავ პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით, ასევე ქალბატონი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დიასპორას.
დასასრულისთვის – წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შეგიძლიათ წარადგინოთ საქართველო ირლანდიელთა წინაშე და პირიქით – ირლანდია – ქართველთა წინაშე: რას იტყოდით ასეთ სიტუაციაში?
როდესაც საქართველოს შესახებ ვუყვები ირლანდიელებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მწირი ინფორმაცია აქვს ჩვენს ქვეყანაზე, ხშირად ვიყენებ ამ ფრაზას: „ევროპის შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთში არის ქვეყანა, ირლანდიის მსგავსი ტერიტორიით, თითქმის იმავე მოსახლეობით, მეგობრული და კეთილგანწყობილი ადამიანებით, ლამაზი ბუნებით… სადაც თქვენ თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია“, ხოლო ირლანდია ჩემთვის არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ისწრაფვის პატარა ქვეყანა დიდი და ამბიციური მიზნებისკენ, რომლებსაც დინჯად და წარმატებით ახორციელებს.
ირლანდიელები, ქართველების მსგავსად, სტუმართმოყვარე ერია და სტუმრის მიმართ ირლანდიელი ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია. ირლანდიელების ერთ-ერთი საინტერესო თვისება მათი სიდინჯე და მოთმინების უნარია. მოლაპარაკებების დროს ირლანდიელების საყვარელი ფრაზებია „მოითმინეთ“ და „ხვალინდელი დღეც ხომ არსებობს“.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანი აგური დაიდო ამ ორი ქვეყნის მეგობრობის გასამყარებლად, 2021 წელს ჩვენს ურთიერთობას 25 წელი შეუსრულდა და მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოსა და ირლანდიის პრეზიდენტების პატრონაჟით ირლანდიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია, ხოლო საქართველოში ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია გამოიცემა, რომელშიც შესული იქნება ირლანდიის პრეზიდენტის ლექსებიც. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ირლანდიის პრეზიდენტს ბატონ მაიკლ დ ჰიგინს მათი მხარდაჭერისთვის და შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული გამოცემა კიდევ უფრო უკეთ გააცნობს ჩვენს ორ ერს ერთმანეთს, ლექსების მეშვეობით ჩვენ ჩავიხედავთ ერთმანეთის სულსა და ფიქრებში და დარწმუნებული ვარ, ქართველი მკითხველი ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს ევროპის ამ პატარა ქვეყნის მამაც და ერთგულ ხალხთან.
დატოვე კომენტარი