10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმი

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმი

შობა-ახალწელიწადის მოახლოებასთან ერთად შესაბამის თემატიკაზე გადაღებული ფილმების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. ისინი სადღესასწაულო გაწყობის შესაქმნელად ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენენ. საშობაო ფილმების კოლექციას ყოველწლიურად ახალი ნაწარმოებები ემატება, თუმცა, ამის მიუხედავად, პოპულარობას არც ძველი კინოსურათები კარგავენ.

იმის დასადასტურებლად, რომ ფილმი „შედგა“, ხშირად მის შემოსავალს იშველიებენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საშობაო თემატიკაზე გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოსურათების ათეული გაგაცნოთ. ფილმების რეიტინგი მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში ბილეთების გაყიდვის შედეგად შეგროვებული თანხის მიხედვითაა შედგენილი.

ჩამონათვალში პირველ ადგილს 511.8 მილიონი აშშ დოლარით ანიმაციური ფილმი „გრინჩი“ იკავებს. შეგახსენებთ, რომ მისი რეჟისორები სკოტ მოჟე და იაროუ ჩეინი არიან. ფილმი, რომელიც ამერიკელი საბავშვო მწერლისა და ანიმატორის, დოქტორ სიუზის მიერ 1957 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოების – „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა!“ ეკრანიზაციას წარმოადგენს, კინოთეატრებში 2018 წლის 9 ნოემბერს გამოჩნდა. 86-წუთიანი ანიმაციის გადაღება საერთო ჯამში 75 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მეორე პოზიციას 476.7 მილიონი აშშ დოლარით კრის კოლუმბუსის რეჟისორობით გადაღებული კომედია „მარტო სახლში“ იკავებს. ფილმში ცნობილი მსახიობები – მაკოლეი კალკინი, ჯო პეში, კეტრინ ო’ჰარა და სხვები მონაწილეობენ. კინოსურათის პრემიერა ჩიკაგოში 1990 წლის 10 ნოემბერს შედგა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 18 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

345.1 მილიონ აშშ დოლარით სიაში მესამე ადგილს ფილმი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ სჯერდება. ის კომპიუტერული ანიმაცია „გრინჩის“ მსგავსად დოქტორ სიუზის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ფილმი, რომლის რეჟისორიც რონ ჰოვარდია, კინოთეატრებში 2000 წლის 17 ნოემბრიდან გამოჩნდა. კომედიურ დრამაში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ჯიმ ქერი ასრულებს. კინოსურათის გადაღება ჯამში 123 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მეოთხე პოზიციაზე 325 მილიონი აშშ დოლარით ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარია“. ის ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის მიერ 1843 წელს გამოქვეყნებული, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც რობერტ ზემეკისია, ლონდონში 2009 წლის წლის 3 ნოემბერს შედგა. „საშობაო ზღაპრის“ ბიუჯეტი 175-200 მილიონი აშშ დოლარია.

მეხუთე ადგილს კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი „პოლარული ექსპრესი“ იკავებს, რომლის შემოსავალიც 314.1 მილიონი აშშ დოლარია. „საშობაო ზღაპრის“ მსგავსად მისი რეჟისორიც რობერტ ზემეკისია. ანიმაციის პრემიერა ჩიკაგოს ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე 2004 წლის 13 ოქტომბერს შედგა. „პოლარული ექსპრესი“ ამერიკელი ილუსტრატორისა და საბავშვო მწერლის, კრის ვან ოლსბურგის მიერ 1985 წელს გამოცემული, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ფილმის ბიუჯეტი 165 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

223.3 მილიონი აშშ დოლარით ჩამონათვალში მეექვსე პოზიციას ამერიკული კომედია „ელფი“ იკავებს. ის კინოთეატრების ეკრანებზე 2003 წლის 7 ნოემბერს გამოჩნდა. ფილმში, რომლის რეჟისორიც ჯონ ფავრო გახლავთ, მთავარ როლს უილ ფერელი ასრულებს. ცნობისთვის, „ელფის“ გადაღება საერთო ჯამში 33 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მეშვიდე ადგილს ნენსი მეიერის რეჟისორობით გადაღებული რომანტიკული კომედია „შვებულება“ იკავებს, რომლის შემოსავალიც 205.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მასში ცნობილი მსახიობები – კამერონ დიასი, კეიტ ვინსლეტი, ჯუდ ლოუ და სხვები მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში 2006 წლის 29 ნოემბერს შედგა. კინოსურათის გადასაღებად მთლიანობაში 85 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

სიაში 189.8 მილიონი აშშ დოლარით მერვე პოზიციაზე ამერიკული კომედიური დრამა “სანტა კლაუსია“. კინოსურათში, რომლის რეჟისორიც ჯონ პასკუინია, მთავარ როლს მსახიობი ტიმ ალენი ასრულებს. „სანტა კლაუსი“ კინოთეატრების ეკრანებზე 1994 წლის 11 ნოემბერს გამოჩნდა. ფილმის ბიუჯეტი 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ჩამონათვალში მეცხრე ადგილს ლასე ჰალსტრემისა და ჯო ჯონსტონის რეჟისორობით გადაღებული „მაკნატუნა და ოთხი სამეფო“ იკავებს, რომლის შემოსავალიც 174 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სათავგადასავლო ჟანრის ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც კირა ნაიტლი და მორგან ფრიმენი არიან. კინოსურათის პრემიერა ლოს-ანჯელესში 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგა. „მაკნატუნა და ოთხი სამეფოს“ ბიუჯეტი 120-133 მილიონი აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმების სიაში 172.9 მილიონი აშშ დოლარით მეათე პოზიციას კომედია „სანტა კალუსი 2“ სჯერდება, რომლის რეჟისორიც მაიკლ ლემბეკია. ფილმში მთავარ როლს ტიმ ალენი ასრულებს. კინოსურათი ეკრანებზე 2002 წლის 1-ლ ნოემბრიდან გამოჩნდა. „სანტა კალუსი 2“-ის გადასაღებად საერთო ჯამში 65 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

 

შემოსავლები აღებულია Box Office Mojo პორტალიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *