ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კონკურსში მონაწილე 360 კომპანიიდან დამოუკიდებელ ჟიურის საუკეთესო შვიდი კომპანიის არჩევა მოუხდა. ბიზნესდაჯილდოება უკვე მეექვსედ გაიმართა. წელს ღონისძიებას განახლებული ფორმატი ჰქონდა და ორი ახალი ნომინაციაც დაემატა. ესენია: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ჯილდო Nunisi Forest Hotel-ს გადაეცა, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს დაწყებული პროექტია, და ის კურორტ ნუნისს ახალ სიცოცხლეს სძენს. პროექტის ფარგლებში აშენდა სასტუმროები, გარემონტდა არსებული კოტეჯები და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, გაჩნდა ახალი ჰოსტელები, რომლებმაც რეგიონს გამორჩეული იერი მიანიჭა.
ნუნისი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ამ რთულად მისადგომ ადგილას კურორტის გახსნამ ხელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყო და ადგილობრივებიც დაასაქმა. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტმა ოთხივე სეზონზე შეძლოს დამსვენებლის მიღება, ამისათვის 120-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა და სპა/საპროცედურო ცენტრის რენოვაცია იგეგმება, რაც ტურისტების რაოდენობას და, შესაბამისად დასაქმებულების რიცხვსაც გაზრდის.
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი ჯილდო გადაეცა „აჭარა ჯგუფს“, რომელიც წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle-ბრენდების განვითარებისა და მართვის პროცესში ტენდენციების დამამკვიდრებელი დაწესებულებებისა და სამეწარმეო პროექტების შექმნისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, „აჭარა ჯგუფი“ აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს.
„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროდუქტი შევქმნათ“, – განაცხადეს დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა.
ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის. „ელექტროტრანსპორტი არის მომავალი“, – ამბობს „ქარის“ დამფუძნებელი დანიელ დოინიცინი, რომელმაც აპლიკაციის საშუალებით მოპედების გაზიარების სერვისი შექმნა. „გამოჩენის წელსვე “ქარმა” ქვეყნის მთავარი ბიზნესდაჯილდოების პრიზი აიღო, რაც ამგვარი პროდუქტის რელევანტურობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, „ქარის“ გუნდისთვის ეს ჯილდო უკვე ჩატარებული სამუშაოს და მიღწეული შედეგების აღნიშვნაცაა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გვიძლიერებს სტიმულს, რომ საქართველოში მწვანე ტრანსპორტის განვითარებაში კიდევ უფრო გავაქტიურდეთ“, – უთხრა მან Forbes Georgia-ს.
„ქარი“ ეკომეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა. მოპედების გამოყენება „ქარის“ აპლიკაციითაა შესაძლებელი, რომელიც, უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა, მომხმარებელთან საკომუნიკაციო ეფექტიან არხადაც მოქმედებს.
სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საზრუნავისგან, ხოლო მთავარი ბენეფიტები რჩება: 24/7 ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკომეგობრულობა და ასე შემდეგ.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში კი ფინტექკომპანია „ფეიზიმ“ გაიმარჯვა, ამით სტარტაპმა თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჯილდოც მიამატა. როგორც „ფეიზის“ თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია ამბობს, „ფეიზი“ არის ფულის მიღების ონლაინსაშუალება, რომელიც გადახდების გაციფრულებით ბიზნესპროცესებს ამარტივებს“.
სტარტაპი 2021 წლის დასაწყისში ძალიან ამბიციური მიზნით გაეშვა: გამხდარიყო ფულის მიღების ყველაზე ეფექტიანი ონლაინსაშუალება. გაშვებიდან დღემდე „ფეიზიმ“ უკვე 250 000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა, გახდა VISA-ს სტრატეგიული პარტნიორი, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, 2022 წლის პირველ კვარტალში მისი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება უკრაინასა და ყაზახეთში, ხოლო წლის ბოლოს „ფეიზი“ პოსტსაბჭოთა სივრცის ათ ქვეყანაშიც გამოჩნდება.
ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გაიმარჯა სოციალურმა საწარმო „კოდალამ”, რომელიც 2016 წლიდან არსებობს.
“კოდალა” ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვის წარმოსახვას და მეხსიერებას ავითარებს, ეხმარება მას თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხის ენერგეტიკის შეგრძნებას უწყობს ხელს. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს.
„ჩვენთვის ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენი საქმიანობა სოციალური მიზნიდან გამომდინარეობს და ამ ჯილდოთი საზოგადოებაში უფრო მეტად გაიზრდება ცნობიერება ამ კუთხით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქმის კეთება სოციალურ მისიასთან ერთადაც შეიძლება“, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა, კოტე სვანაძემ Forbes Georgia-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, “კოდალას“ საწარმოში დასაქმებული არიან შშმ პირები, რითაც კომპანია ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას.
DODO Designs x Ska Juice Bar-ი კი, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი, გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობა გახდა.
DODO Designs-ი ქართული დიზაინსტუდიაა, რომელიც 2015 წლიდან თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების მხატვრულ გაფორმებაზე, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე აქტიურად მუშაობს. 2018 წლიდან დამფუძნებლებმა დოდო და თაკო ჩხეიძეებმა ამავე სახელწოდების კომპანიაც დააარსეს.
კომპანიის პორტფოლიოში ბევრი დასამახსოვრებელი პროექტია: ყვავილების პავილიონები ორბელიანის მოედანზე, საახალწლო დეკორაციები გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, მანათობელი გულის ინსტალაცია „გალერია თბილისისთვის“. მიმდინარე მასშტაბური პროექტებიდან კი გამორჩეულია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.
„ქსელურ კვების ობიექტზე მუშაობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა – ჩვენი კომპანია კიდევ უფრო განვითარდა და მისი მასშტაბიც გაიზარდა“, – ამბობს დოდოშკა ჩხეიძე, DODO Designs-ის თანადამფუძნებელი.
დაბოლოს, წელს ჟიურის გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო „ლოპოტა სპა რეზორტს“ გადაეცა, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში, უამრავი ადამიანი დაასაქმა და ინფრასტრუქტურა განავითარა. ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე სიცოცხლის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებას განაგრძობდა. მისმა შორსმჭვრეტელმა იდეამ, შორეულ ტბაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ, წარმოშვა „ლოპოტა სპა რეზორტი“, რომელიც სავსეა ფართო ინფრასტრუქტურითა და პრემიუმ-კლასის მომსახურებით.
ის 2008 წელს, როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო დაარსდა. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული „ლოპოტა სპა რეზორტი“ დღესდღეობით 200-ზე მეტ ოთახს აერთიანებს, რომლებიც ტბის გარშემო 14 შენობაშია განაწილებული. ლოპოტა წელიწადში საშუალოდ 45,000 ტურისტს მასპინძლობს.
ლოპოტას განვითარებისა და წარმატების ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია კერძო ინიციატივას. მისმა წარმატებამ კი გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონს, დაანახა ხალხს მისი ტურისტული პოტენციალი და დღეს უკვე კახეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ლოპოტაზე დასაქმებულ ადამიანთა 50%-ზე მეტი ადგილობრივია, იქ დღეს 250-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ლოპოტას ჯილდო გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დისტანციურად გადასცა და ამ ბიზნესის რეგიონისთვის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, პოლოლიკაშვილი თიბისის ბიზნესდაჯილდოების პარტნიორობის ინიციატივით გამოვიდა.
„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ მომავალი წლიდან ჩვენი ორგანიზაციაც იყოს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი პარტნიორი. უფრო გავზარდოთ არეალი და ამავე დროს კონკრეტული პრიზიც დავაწესოთ, რომელიც ტურიზმთან იქნება დაკავშირებული. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი საქართველოსთვის; როცა მეკითხებიან, რა არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დიდი ნაწილი, სიხარულით ვეუბნები, რომ ეს არის ტურიზმი“, – თქვა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
თიბისის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიის მიუხედავად, ბიზნესებმა წინსვლა და განვითარება შეძლეს.
„ამ ადამიანებმა პანდემიისა და ბევრი გამოწვევის მიუხედავად, გადალახეს ბარიერები. ყველანაირი სირთულე უნდა დაძლიოს ბიზნესმა და მხოლოდ მომავალზე ფიქრობდეს“, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებგვერდს, ბრენდსტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.
დატოვე კომენტარი