Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა, თანამშრომლებისაგან Covid-19-ის საწინააღმდეგო პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვა მკაცრად მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანამშრომელს ხელფასის შემცირება ან გათავისუფლება ემუქრება.
CNBC-ის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ცხადყო, რომ Google-ის მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმით თანამშრომლებს მათი ვაქცინაციის სტატუსის წარდგენა ან იმის დამტკიცება მოეთხოვებათ, რომ სამედიცინო ან რელიგიური თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენენ.
CNBC-ის ინფორმაციით, 3 დეკემბრის შემდეგ Google-ი ეტაპობრივად ყველა თანამშრომელს დაუკავშირდება და მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გააცნობს. ამ თანამშრომლებს დამატებით ვადა 18 იანვრამდე მიეცემათ, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა კატეგორიის პოზიციებზე განაწილდებიან. თავდაპირველად ხელფასი შეუმცირდებათ, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლდებიან.
Google-ი სხვა კომპანიების მსგავსად იძულებულია, რომ ბიზნესის შეუჩერებლად ფუნქციონირებისათვის Covid-19-ის საწინააღმდეგო მკაცრ ზომებს მიმართოს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც კოვიდის ახალი ვარიანტი, ომიკრონი, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ფედერალური კონტრაქტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარებიან. შესაბამისად, Google-იც, რომელსაც აშშ-ში150,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ბაიდენის ბრძანების შესრულებას გეგმავს. ზომების გამკაცრება კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა ჯერ კიდევ ივლისში დააანონსა. საინტერესოა ისიც, რომ თვის დასაწყისში ომიკრონისაგან მომავალი დიდი საფრთხის გამო Google-მა ოფისში დაბრუნების ვადები კიდევ ერთხელ შეცვალა.
დატოვე კომენტარი