2021 ენერგორეფორმების წელი იყო. ნაწილობრივ ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა, დამტკიცდა ბუნებრივი გაზის ბაზრის ახალი კონცეფცია და, გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოიპოვა ISO-ს ხარისხის მართვის სტანდარტის სერტიფიკატი. თუმცა სემეკი და საქართველოს ენერგოსექტორი კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშეა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია წელს აჯამებს.
როგორი იყო 2021 საქართველოს ენერგოსექტორისთვის?
2021 წელი, 2020-ის მსგავსად, პანდემიური წელია და, შესაბამისად, მართვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით, ის განსხვავებული მიდგომები, რაც 2020 წელს გვქონდა, გარკვეულწილად 2021 წელსაც გამოვიყენეთ. პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელთან შედარებით გაიზარდა. 2021 წლის ათ თვეში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობამ 2019 წლის (არაპანდემიური წლის) ათი თვის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. შესაბამისად, ქვეყნის ენერგოსექტორის მთავარი გამოწვევა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი წარმოება არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია, 2021 წელს კიდევ უფრო გაღრმავდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ექსპლუატაციაში საქართველოში მდებარე რამდენიმე ელექტროსადგური შევიდა. მათ შორის ყველაზე მსხვილი იყო 230 მეგავატის სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური – კცტს-2. 2021 წელს კი ასეთი დიდი სიმძლავრის ჰიდრო- ან სხვა ტიპის სადგურების ამოქმედება ვერ მოხერხდა. ამის გამო ქვეყანა იძულებული გახდა, რომ მეზობელი ქვეყნებიდან უფრო მეტი ენერგიის იმპორტი განეხორციელებინა, რაც ერთ -ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ.
გაზრდილი იმპორტის გამოწვევებზე მოგვიანებით უფრო მეტს გკითხავთ, თუმცა მანამდე სემეკში მიღებული წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ მოგვიყევით…
იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სექტორი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ჩვენც შევიმუშავეთ ელექტრონული სერვისები. იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებთან ერთად, ერთი ფანჯრის პრინციპით კომუნალური სერვისების გადაფორმებისა და მშენებლობის ნებართვების აღებასთან დაკავშირებული საკითხები გავამარტივეთ, ასევე, შემოვიღეთ ახალი სერვისი *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, ათზე მეტი ოპერაცია დისტანციურად შეასრულოს.
ძალიან აქტიური იყო სემეკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც. რამდენიმე ასეული სადავო საკითხი განვიხილეთ და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები – მომხმარებლებს ხანდაზმული და არასწორად დარიცხული გადასახადები ჩამოვაწერეთ 1 მლნ ლარზე მეტი მოცულობით. ამასთან ის კომპანიები, რომლებიც მარეგულირებლის წესებსა და ნორმებს სათანადოდ არ იცავდნენ, დაჯარიმდნენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ჯარიმის ყველაზე მაღალი მოცულობები გამოვიყენეთ, რაც ახალი კანონმდებლობით არსებობს, შესაბამისად, ამით კომპანიების მხრიდან დარღვევების პრევენციას კიდევ უფრო მეტად შევუწყვეთ ხელი.
სემეკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ახალი დეპარტამენტის ჩამოყალიბება, ვინაიდან კანონით ახალი ფუნქცია დაგვემატა – ეს არის ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი, ამიტომაც შევქმენით ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი და დავიწყეთ ენერგეტიკის ბაზარზე დაკვირვება. ეს ინსტრუმენტი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნება და პლატფორმაზე ენერგიის ყიდვა-გაყიდვა დაიწყება.
ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა ჯერ 2022 წლის იანვრამდე, ხოლო შემდეგ 2022 წლის მარტამდე გადაიდო. რა გახდა მიზეზი?
ბირჟის გაშვება ენერგეტიკული რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ბირჟის ამოქმედებისთვის აუცილებელია ბაზრის ყველა მონაწილის მზადყოფნა რეალური ვაჭრობისათვის. გასათვალისწინებელია გენერაციის სეზონურობა, მოსამზადებელმა ეტაპმა ცხადყო, რომ საჭირო იყო დამატებითი დრო ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად, მათ შორის საჭიროა დამატებითი კონსულტაციები ბიზნესთან, მეტი ინფორმირებისა და აქტიურობის მიზნით. დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირების 2022 წლის მარტში დაწყება მინიმუმამდე დაიყვანს გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას რეფორმის განხორციელების პროცესში. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან აღებული ვალდებულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი, კონკურენტული, ამავე დროს, მდგრადი და დაბალანსებული ენერგეტიკული ბაზარი.
ცალკე აღებული ენერგეტიკული ბირჟა კი ამოქმედებისათვის მზადაა. შესაბამისი პლატფორმა უკვე რამდენიმე თვეა, ტესტირების რეჟიმშია, ახლაც კი დემო-ვაჭრობა მიმდინარეობს. ბირჟაზე დარეგისტრირებული არიან, ერთი მხრივ, ენერგიის წყაროები, მაგალითად, ჰესები და სხვა ტიპის სადგურები და მიმწოდებლები, მეორე მხრივ – მსხვილი მომხმარებლები, რომელთაც მომავალში ბირჟის მეშვეობით ენერგიის ყიდვა მოუწევთ. დაახლოებით ერთი თვის წინ გარდამავალი პერიოდის რეგულირების წესში შევიტანეთ ცვლილება, რომლითაც სავალდებულო გავხადეთ სუბიექტებისთვის ბირჟაზე რეგისტრაცია, რათა ბირჟამ ტესტირება მანამ გაიაროს, ვიდრე საბოლოოდ გაეშვება.
ვიცით, რომ ბუნებრივი გაზის სექტორშიც დაიწყო რეფორმა. კონცეფცია, რომელიც ბირჟის ამოქმედებას ამ მიმართულებითაც ითვალისწინებს, სექტემბერში დამტკიცდა. რა სიახლეები გვაქვს ამ მხრივ?
დიახ, საქართველოს მთავრობამ სექტემბერში დაამტკიცა ბუნებრივი გაზის ბაზრის კონცეფცია. დამტკიცებიდან ექვსი კვირის ვადაში უნდა დაფუძნებულიყო ბუნებრივი გაზის ბირჟა, ეს პროცესი უკვე დასრულებულია – ბირჟის ოპერატორი გაზის ტრნსპორტირების კომპანიის და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ უკვე დაფუძნებულია. ახლა უკვე ბირჟამ უნდა მოამზადოს დოკუმენტაცია და წარმოადგინოს მარეგულირებელ კომისიაში. ჩვენ მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას შევისწავლით და შესაბამისობის შემთხვევაში მივცემთ ლიცენზიას. ამის პარალელურად უნდა წარიმართოს ე.წ. გაყოფის პროცესი, ანუ გაზის გადაცემისა და განაწილების პროცესი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ეს პროცესი მომდევნო წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, წელს ელექტროენერგიის იმპორტი რეკორდს მოხსნის 2 მლრდ 523 კვტ.სთ მაჩვენებლით. რა არის ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები?
რაც უფრო იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ევროპაშიც ასეთი ტენდენციაა და ჩვენთანაც ესაა მთავარი განმაპირობებელი. წელს, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდასაც იწვევდა. გაზრდილი მოთხოვნისთვის სექტორს შესაბამისად უნდა ემოქმედა, ამიტომაც მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ წელს ჰიდროლოგიური თვალსაზრისით უფრო ნალექიანი წელი იყო და ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა უფრო მეტი გამოიმუშავეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ მოცულობითი იმპორტი დაგვჭირდა. გარდა ამისა, „ენგურჰესი“ იანვარ-აპრილის პერიოდში გაჩერებული იყო და მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც კი ის ამუშავდა, უფრო მეტი სიმძლავრის აკრეფა შეძლო, ვინაიდან რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგი გვირაბში მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ იმპორტის მაჩვენებლების წინა წელთან შედარებით შემცირება მაინც ვერ მოხერხდა.
ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ იმპორტი კიდევ უფრო გაიზარდა, რა გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა, მაშინ როდესაც იმ ელექტროგადამცემ ხაზებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან გვაკავშირებს, შეზღუდული გამტარუნარიანობა აქვს?
საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან აქვს შესაბამისი გამტარუნარიანობის ხაზები, ზოგან მაღალი – 500 კილოვატამდე, ზოგან უფრო ნაკლები. შესაბამისად, ხაზების გამტარუნარიანობა არის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის იმპორტის განხორციელებას შეძლებს საქართველო ამა თუ იმ ქვეყნიდან. ჯერჯერობით ჩვენ იმ მოცულობის ენერგიის იმპორტი არ გვჭირდება, რომ არსებული ხაზების გამტარუნარიანობა საკმარისი არ იყოს. გარდა ამისა, სახელმწიფო ახალ გადამცემ ხაზებს აშენებს, რომლებიც უფრო მეტ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს, ამიტომაც ამის პრობლემა ქვეყანაში არ დგას. თუმცა იმპორტის გაზრდის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, დადგება.
შიდა ენერგოინფრასტრუქტურაზეც რომ ვისაუბროთ, ხშირად აღნიშნავენ რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმართაობას, რაც ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას აფერხებს. როგორც თქვენ სემეკის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადეთ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში „ენერგოპრო ჯორჯიასთვის” 420 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციები შეათანხმეთ. რა დონეზე გადაჭრის ეს პრობლემას? და მოსალოდნელია თუ არა ამის გამო ტარიფის ზრდა?
როგორც აღნიშნეთ, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 400 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიცია შევათანხმეთ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადამცემი ქსელები, სატრანსფორმატორო სადგურები მოწესრიგდეს. თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გაანგარიშებით და ჩვენი შეფასებით, მინიმუმ 2-2,5 მილიარდ ლარამდეა საჭირო იმისათვის, რომ ქსელში არსებული პრობლემები სრულად აღმოიფხვრას. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ტარიფზე იქონიებს გავლენას. ამიტომაც გეგმაზომიერად, ეტაპობრივად რეაბილიტაციის გეგმებით მივდივართ. უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე უმჯობესდება, საინვესტიციო გეგმა რეგიონების მიხედვით, პროექტების მიხედვით ჩაშლილია. ყველაზე პრობლემატური რეგიონი ამ მხრივ კახეთია, ვინაიდან კახეთის ენერგოდისტრიბუცია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ყველაზე გვიან შეისყიდა. ამიტომაც ახლა განვითარების ერთ-ერთი მთავარი ვექტორი კახეთის რეგიონზეა ორიენტირებული. ზოგადად „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად იმუშავებს რეგიონებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს ინვესტიციები უკვე ასახულია იმ ტარიფში, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავადგინეთ.
გარდა ამისა, „თელასის“ ინვესტიციებიც შევითანხმეთ – დაახლოებით 60 მლნ ლარი მომდევნო ხუთი წლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ „თელასმა“ თავის დროზე ქსელის განვითარებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა, დედაქალაქში პრობლემური ქსელი შედარებით ნაკლებია, ამიტომაც მათ საინვესტიციო გეგმებში, ძირითადად, მიმდინარე ექსპლუატაციისა და ახალი მომხმარებლების აბონირების ხარჯებია გათვალისწინებული.
თქვენ ამბობთ, რომ გაასმაგებული ძალებით უნდა დავიწყოთ ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის განვითარება. ჰესების პროექტების წარუმატებელი მაგალითებიდან გამომდინარე, რა გესახებათ ადგილობრივი გენერაციის ზრდის გზად?
საზოგადოება და მთავრობა მზად არის, თუმცა მარგინალური ჯგუფები უშლიან ხელს სექტორის განვითარებას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მათ არ ესმით გენერაციის ადგილობრივი წარმოებისა და ელექტროენერგიის ადგილზე გამომუშავების სარგებელი და ის დანაკარგები, რაც ენერგიის იმპორტის გამო გვაქვს. ჩვენთან აკრეფილი ელექტროენერგიის გადასახადებით, რომელთაც მერე უკვე უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია სჭირდება, ვაფინანსებთ სხვა ქვეყნის ეკონომიკასა და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში იმპორტირებული ელექტროენერგია გვიძვირდება. ამდენად, ცოტა პარადოქსულია, ერთი მხრივ, ვითხოვდეთ, არ აშენდეს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურები, მაშინ როდესაც საკმაოდ მდიდარი ჰიდრორესურსების მქონე ქვეყანა ვართ და, მეორე მხრივ, გვინდოდეს ელექტროენერგიაზე დაბალი გადასახადები. ეს ასე ვერ იქნება, ამიტომ ადგილობრივი გენერაციის განვითარება მნიშვნელოვანია. მინიმუმ საშუალო ტიპის ჰესები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები თუ არ განვითარდა ქვეყანაში, იმპორტზე დამოკიდებული კიდევ უფრო მეტად გავხდებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია დიალოგის კიდევ უფრო მეტად განვითარება.
მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის უდიდესი წილი (61%) რუსეთზე მოდის, საიდანაც 1 მლრდ 049.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ჯამურად $7 მლნ დაჯდა. რა რისკებს ქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის ეს მაჩვენებლები? და მოსალოდნელია თუ არა მსგავსი რიცხვების შენარჩუნება მომავალ წელსაც?
ელექტროენერგიის იმპორტის დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ფასები. სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის იმპორტზე აუქციონებს აცხადებს და საიდანაც უფრო დაბალი ფასი იქნება შემოთავაზებული, იმას აკმაყოფილებს. შესაბამისად, იმ ქვეყნიდან ხდება ენერგიის იმპორტი. ამ პერიოდში რუსეთს ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი, იყო პერიოდი, როცა თურქეთს ჰქონდა, ან აზერბაიჯანს. ამიტომაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ელექტროენერგიის მიწოდების უალტერნატივო წყაროა. თუ რუსეთში უფრო მაღალი ფასი იქნება, იმპორტი სხვა ქვეყნიდან მოხდება. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს საკმარისზე მეტი ენერგია აქვთ იმისათვის, რომ მათგან საქართველოში ექსპორტი განხორციელდეს. ამდენად ენერგიის დეფიციტი რეგიონში არ გვაქვს.
კომუნალური გადასახადების სუბსიდია 2022 წელსაც იგეგმება. როგორც ცნობილია, ამჯერად სუბსიდირება უფრო მიზნობრივად მოხდება…
დიახ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება უფრო მეტად მიზნობრივ და მოწყვლად ჯგუფებზე იქნება ორიენტირებული. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსებასთან დაკავშირებული კომუნალური სუბსიდიის წესი შემუშავდება და დამტკიცდება. ეს იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი, ბიუჯეტის პროექტში აისახება ის თანხა, რომლის მიხედვითაც ამ წესის შესაბამისად დაფინანსდება შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფები.
წყალმომარაგებაზეც მინდა, გკითხოთ: ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ დედაქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების სექტორში სერიოზული პრეტენზიები ფიქსირდება როგორც მომსახურების თვალსაზრისით, ასევე დარიცხვებთან მიმართებით. როგორია სემეკის რეაგირება ამაზე? და რა სტატისტიკა გაქვთ საჩივრების კუთხით?
სემეკში საჩივრები წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც შემოდის. ზოგადად, წყალმომარაგების სექტორში სისტემის მოწესრიგებისა და ქსელის გაუმჯობესებისთვის ყველაზე მეტი ინვესტიციაა საჭირო. ამ სექტორში ჩვენ მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარამდე ინვესტიცია შევითანხმეთ. საინვესტიციო გეგმები მოიცავს ყველაზე პრობლემურ უბნებს. ვაკვირდებით პროცესს, რომ უბნების მიხედვით მდგომარეობა გაუმჯობესდეს და წყვეტა ნაკლები იყოს.
ცნობისთვის, GWP-ი რამდენიმე თვის წინ არასწორი დარიცხვების გამო 75,000 ლარით დავაჯარიმეთ. კომპანიამ წინა წლის მეორე ნახევარში წაუკითხავი მრიცხველების მაჩვენებლები ტარიფების ზრდის შემდეგ წაიკითხა და გადასახადი მომხმარებლების ნაწილს ახალი, გაზრდილი ტარიფებით დაარიცხა. ჩვენთან რამდენიმე შესაბამისი საჩივარი შემოვიდა, ჩვენ შევისწავლეთ და არა მხოლოდ დავაჯარიმეთ კომპანია, არამედ ყველა მსგავსი აბონენტისათვის დარიცხული თანხის დაკორექტირება დავავალეთ.
რა არის სემეკის 2022 წლის მთავარი გეგმები?
სამი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს: პირველი – მომდევნო წელს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი. მეორე ამოცანაა ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და შესაბამისი რეფორმების გაგრძელება ელექტროენერგეტიკის ნაწილში. მესამე – რეფორმის განხორციელება ბუნებრივი გაზის ნაწილში, რომელიც ასევე საკმაოდ მოცულობითი რეფორმაა და იგი ჩვენი აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
დატოვე კომენტარი