Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის, განსაკუთრებით კი მედიცინის დარგისთვის სიახლეებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ჯერ Pfizer-ის, რამდენიმე დღის შემდეგ კი Merck-ის კოვიდის სამკურნალო აბი დაამტკიცა. მანამდე FDA-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის, იმავე HIV-ის საწინააღმდეგო პირველი ხანგრძლივი მოქმედების საინექციო პრეპარატს, „აპრეტუდს“ ავტორიზაცია მიანიჭა. ამის პარალელურად, გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი თავისი mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპზე გადავიდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანის კუნთოვანი უჯრედები, იგივე მიოციტები გაგზავნა. ამას გარდა, ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკაში 70 „მოხეტიალე“ ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებსაც „მასპინძელი“ ვარსკვლავები არ ჰყავთ, ანუ მნათობების გარშემო ორბიტაზე არ მოძრაობენ. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მომხდარი სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მოგიყვებით.

FDA-მ Pfizer-ისა და Merck-ის კოვიდის სამკურნალო აბები დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო აბის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა. შეგახსენებთ, რომ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პრეპარატი COVID-19-ით დაავადებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს.

სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პაქსლოვიდის“ სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტის გამოყენება კოვიდით მსუბუქი და საშუალო სიმძიმით დაავადების შემთხვევაში 12 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის არის დაშვებული, რომლებიც სულ მცირე 40 კილოგრამს იწონიან. ასევე, პრეპარატით მკურნალობის უფლება აქვთ მათ, ვინც COVID-19-ის მძიმე ფორმით პროგრესირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

„პაქსლოვიდი“ მხოლოდ რეცეპტით არის ხელმისაწვდომი. რეკომენდაციის მიხედვით, პრეპარატით მკურნალობა დიაგნოზის დასმისა და ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს. FDA აშშ-ის მოსახლეობას მედიკამენტის კოვიდის პრევენციისა და მისი მძიმე ფორმით მიმდინარეობისას გამოყენებას არ ურჩევს.

მკურნალობის კურსი 5-დღიანია და საერთო ჯამში „პაქსლოვიდის “ 30 აბს საჭიროებს. როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე ფედერალური მთავრობა Pfizer-ისგან 10 მილიონი ადამიანის სამყოფ მედიკამენტს შეიძენს, რის სანაცვლოდაც კომპანიას 5.3 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის.

„პაქსლოვიდი“ რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის, რომლებიც ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობას უჩივიან. გარდა ამისა, ამ უკანასკნელის სხვა მედიკამენტების პარალელურად მიღებამ შესაძლოა, წამლების ურთიერთქმედება გამოიწვიოს.

Pfizer-ის პრეპარატის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში FDA-მ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია კიდევ ერთი ამერიკული კომპანიის, Merck-ის მიერ შექმნილ ანტივირუსულ აბს მიანიჭა. „მოლნუპირავირის“ მიღება 18 წლისა და უფროსი ასაკის იმ პირებისთვის არის ნებადართული, რომლებშიც კოვიდი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

„მოლნუპირავირი“ „პაქსლოვიდის“ მსგავსად მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტით მკურნალობის დაწყება დიაგნოზის დასმისა და ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაშია რეკომენდებული. მკურნალობის სრული კურსის ხანგრძლივობა ხუთ დღეს შეადგენს. პაციენტმა „მოლნუპირავირის“ თითო, 200-გრამიანი კაფსულა 12 საათის ინტერვალით უნდა მიიღოს. ერთი კურსისთვის ჯამში 40 აბია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კვლევის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, „მოლნუპირავირი“ COVID-19-ით დაავადებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 50%-ით ამცირებდა, თუმცა მონაცემების საბოლოო შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მისი ეფექტიანობა რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანების შემთხვევაში საშუალოდ 30%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო აბი დაამტკიცა, დიდი ბრიტანეთია. გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ შექმნილი პრეპარატის, „მოლნუპირავირის“ გამოყენების ნებართვა მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში გასცა.

SpaceX-მა კოსმოსში ადამიანის კუნთოვანი უჯრედები გაგზავნა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში კუნთოვანი უჯრედები, იგივე მიოციტები გაგზავნა. მისია დიდ ბრიტანეთში მდებარე ლივერპულის უნივერსიტეტის MicroAge-ის სახელწოდებით ცნობილი ექსპერიმენტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, თუ რა ემართება ადამიანის კუნთებს ასაკის მატებასთან ერთად.

კვლევისთვის საჭირო ნიმუშები დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 21 დეკემბერს გაუშვეს. მასალას ჩვენს პლანეტაზე 2022 წლის იანვარში დააბრუნებენ, რის შემდეგაც მეცნიერებს მისი შესწავლის საშუალება მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ მისია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მხარდაჭერით ხორციელდება.

ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის კუნთოვანი უჯრედები, რომელთა ზომაც ბრინჯის მარცვლისას არ აღემატება, ლაბორატორიაში გამოიყვანეს და 3D პრინტერით დაბეჭდილ სპეციალურ სათავსოში შეინახეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი კოსმოსში მოხვედრის შემდეგ სპეციალისტები ელექტრული სტიმულირების გზით ქსოვილის შეკუმშვას შეეცდებიან და მიღებულ შედეგებს დააკვირდებიან.

როდესაც ასტრონავტები კოსმოსში გარკვეულ დროს ატარებენ, მათ კუნთები ხანდაზმულების მსგავსად უსუსტდებათ. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ისინი ძალას კვლავ აღიდგენენ. ბრიტანელი მეცნიერების მიზანი იმის დადგენაა, თუ რა ემართებათ კუნთებს მიკროგრავიტაციის პირობებში. ეს, თავის მხრივ, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, თუ რატომ სუსტდებიან ისინი ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად. სპეციალისტების განცხადებით, ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ამის თავიდან არიდების გზების ძიებას შევძლებთ.

FDA-მ აივ-ინფექციის საწინააღმდეგო პირველი საინექციო პრეპარატი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის, იმავე HIV-ის საწინააღმდეგო პირველი ხანგრძლივი მოქმედების საინექციო პრეპარატი „აპრეტუდი“ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

FDA-ს რეკომენდაციით, მედიკამენტის გამოყენება აივ-ით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი იმ მოზარდებისა და მოზრდილებისთვის არის დაშვებული, რომლებიც მინიმუმ 35 კილოგრამს იწონიან. თავდაპირველად „აპრეტუდის“ ორი დოზა ერთი თვის ინტერვალით უნდა გაკეთდეს. ამის შემდეგ მედიკამენტის ინიექცია ყოველ ორ თვეში ერთხელ იქნება საჭირო.

„აპრეტუდი“ პრეექსპოზიციური პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი აბების, „ტრუვადასა“ და „დესკოვის“ ალტერნატივაა. აღსანიშნავია, რომ ამ წამლების ყოველდღიური მიღების შემთხვევაში აივ-ით ინფიცირების რისკი 99%-ით მცირდება.

მედიკამენტის დამტკიცებამდე FDA-მ მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დასარწმუნებლად ორი კვლევა ჩაატარა. ცდების შემდეგ მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ Apretude-მა აივ-ით ინფიცირების რისკი ცისგენდერ კაცებსა და ტრანსგენდერ ქალებში, რომლებსაც სექსუალური ურთიერთობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდათ, 69%-ით შეამცირა, ხოლო ცისგენდერ ქალებში – 90%-ით.

კვლევის ავტორების თქმით, მედიკამენტის მაღალი ეფექტიანობა გამოწვეული იყო იმით, რომ ცდისპირები ინიექციის რეჟიმს ზედმიწევნით იცავდნენ, რაც საკმაოდ რთულია აივ-ის საწინააღმდეგო აბების შემთხვევაში, ვინაიდან საუკეთესო შედეგის მისაღწევად მათი ყოველდღიურად მიღებაა საჭირო.

NASA-მ იუპიტერის მთვარე განიმედეს „ხმის“ ჩანაწერი გამოაქვეყნა
NASA/JPL-Caltech

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) აუდიომასალა გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის, იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრ განიმედესთან ჩავლისას ხომალდ Juno-ს მიერ დაფიქსირებული რადიოტალღების ხმოვან ვერსიას წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსმოსურმა ზონდმა მასალა 2021 წლის 7 ივნისს მოიპოვა, როდესაც ობიექტთან ყველაზე ახლოს მივიდა.

50-წამიანი აუდიოს შესაქმნელად სპეციალისტებმა Juno-ზე დამონტაჟებული Waves-ის სახელწოდებით ცნობილი ხელსაწყოს მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. ეს უკანასკნელი უკვე წლებია, იუპიტერიდან მომავალ ელექტრულ და მაგნიტურ რადიოტალღებს იწერს. აუდიომასალის ერთ მონაკვეთში ხმა მკვეთრად იცვლება, რაც, მეცნიერების განცხადებით, კოსმოსური ზონდის განიმედეს მაგნიტოსფეროს ახალ რეგიონში გადასვლით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ივნისში NASA-ს კუთვნილი ხომალდი ჩვენი მზის სისტემის უდიდეს მთვარეს დაახლოებით 1,038 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა და მას 67,000 კმ/სთ სიჩქარით ჩაუფრინა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს Juno იუპიტერის გარშემო 34-ე ბრუნს აკეთებდა.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Juno იუპიტერისკენ რაკეტა Atlas V 551-ით ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვა. აპარატი ციური სხეულის ორბიტაზე 2016 წელს შევიდა. მისიის მიზანი, რომელიც, გეგმის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში დასრულდება, იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრებზე დაკვირვება და მათ შესახებ მონაცემების შეგროვებაა.

BioNTech-ის კიბოს საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინის კლინიკური ტესტირების მეორე ფაზა დაიწყო

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი თავისი mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპზე გადადის. აღსანიშნავია, რომ მწარმოებელი დაარსების დღიდან, დაახლოებით 13 წლის განმავლობაში, ამ ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების განკურნების გზებს ეძებს.

Pixelimage/iStock

BioNTech-მა ვაქცინის პოტენციურ სამიზნედ კოლორექტალური კიბო აარჩია. აღნიშნული დაავადების განვითარების რისკის ქვეშ განსაკუთრებით 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან. ამას გარდა, კოლორექტალური კიბო ხშირი რეციდივითაც გამოირჩევა.

ექსპერიმენტულ პრეპარატს, რომელიც სწორედ იმ ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელსაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაავადების 20-მდე მუტაციასთან გამკლავების პოტენციალი აქვს. როგორ ცნობილია, მედიკამენტი ადამიანების იმუნურ სისტემას „ავარჯიშებს“, რათა მათ კიბოს უჯრედების აღმოჩენა და მათი გაუვნებელყოფა შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე პაციენტებს სისხლში კიბოს DNA-ს ფრაგმენტები უნდა ჰქონდეთ, რომელთა გამოვლენაც თხევადი ბიოფსიით არის შესაძლებელი. აღნიშნულ პროცესს დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4-წლიანი კლინიკური ექსპერიმენტის მონაწილეები საწყის ეტაპზე ვაქცინის ერთ დოზას კვირაში ერთხელ, ექვსი კვირის განმავლობაში მიიღებენ, რათა მათი იმუნიტეტი გაძლიერდეს. ამის შემდეგ ცდისპირები ერთი წლის განმავლობაში პრეპარატის ინიექციის ორკვირიან რეჟიმზე გადავლენ. ბოლო ეტაპზე კი ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი რამდენიმე კვირამდე გაიზრდება.

Pfizer-ი სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში $6.7-მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს

ამერიკული ფარმაცევტულ-ბიოტექნოლოგიური კორპორაცია Pfizer-ი სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში შედის. ის კანაბინოიდებზე დაფუძნებული მედიკამენტებით კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობითაა დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Pfizer-მა ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია Arena Pharmaceuticals-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მთლიანი ღირებულებაც 6.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, Pfizer-ი Arena Pharmaceuticals-ის ყველა აქციას ყიდულობს და თითოეულ მათგანში 100 აშშ დოლარს იხდის. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა კანაფში შემავალი ნივთიერებების, კანაბინოიდების გამოყენებით კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი სახელწოდებით Olorinab (APD371)-ი უკვე შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოცემული დროისთვის მედიკამენტი ტესტირებას გადის და ჯანდაცვის სპეციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

Arena Pharmaceuticals-ში მომუშავე მეცნიერებმა კანაბინოიდებზე დაფუძნებული პრეპარატი თავდაპირველი აქცენტით კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან ასოცირებული ვისცერალური ტკივილის სამკურნალოდ შექმნეს. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წამალი ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებს და მისი მიღება ფსიქოაქტიურ თანამდევ ეფექტებს არ იწვევს.

Arena Pharmaceuticals-ის აღმასრულებელი დირექტორის, ამიტ მუნშის განცხადებით, Pfizer-თან ხელშეკრულების გაფორმება მათი მისიის უფრო სწრაფად განხორციელებასა და პაციენტებისთვის მედიკამენტების დროულად მიწოდებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კომპანია კანაბინოიდებზე დაფუძნებული პრეპარატების შექმნის გარდა, რამდენიმე იმუნოანთებითი დაავადების სამკურნალოდ ინოვაციური თერაპიების შემუშავებაზეა ორიენტირებული.

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 70 „მოხეტიალე“ ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

საფრანგეთში მდებარე ბორდოს უნივერსიტეტსა და ავსტრიაში განლაგებულ ვენის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად ირმის ნახტომის გალაქტიკაში 70 „მოხეტიალე“ ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

Aphelleon / iStock

მეცნიერებმა „მოხეტიალე“ ეგზოპლანეტები, რომლებსაც „მასპინძელი“ ვარსკვლავები არ ჰყავთ, ანუ მნათობების გარშემო ორბიტაზე არ მოძრაობენ, სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ESO) კუთვნილი ტელესკოპების მიერ მოპოვებული მასალის ანალიზისას აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავთაშორის სივრცეში, სიბნელეში მათი მიგნება ძალიან ჭირს. ასტრონომების განცხადებით, მსგავსი აღმოჩენები „მოხეტიალე“ ეგზოპლანეტების წარმოშობისა და განვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვების გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ვარსკვლავებისგან შორს მოძრავი პლანეტები, რომლებამდეც მნათობის შუქი თითქმის ვერ აღწევს, კოსმოსში პრაქტიკულად უხილავად გადაადგილდებიან. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ისინი დაბადებიდან რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგაც კი საკმარისად ცხელები რჩებიან იმისთვის, რომ მცირედ იბრწყინონ. მათგან გამოსხივებული სინათლის აღქმა მხოლოდ ძალზე მგრძნობიარე კამერებისა და გიგანტური ტელესკოპების დახმარებით არის შესაძლებელი.

სწორედ ზემოხსენებული მეთოდის გამოყენებით აღმოაჩინეს სპეციალისტებმა 70 ეგზოპლანეტა, რომლებსაც, ასტრონომების გამოთვლებით, იუპიტერის მსგავსი მასა აქვთ. მეცნიერების განცხადებით, ახლახან აღმოჩენილი ობიექტები გველისმჭერისა და ზედა ღრიანკალის თანავარსკვლავედებში არიან განლაგებულნი.

როგორც ცნობილია, ასტრონომების ჯგუფმა „მოხეტიალე“ ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად 20 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. ისინი ტელესკოპების VISTA-ს, VLT-სა და MPG-ის მიერ არის მოპოვებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *