ჩინეთის ახალ ლაზერულ შაშხანას ადამიანის „დაწვა“ შორი მანძილიდანაც შეეძლება

ჩინეთის ახალ ლაზერულ შაშხანას ადამიანის „დაწვა“ შორი მანძილიდანაც შეეძლება

Xian-ის ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტის ჩინელმა მეცნიერებმა „ZKZM-500’’ ლაზერული თავდასხმითი შაშხანის სრულად მოქმედი პროტოტიპი შეიმუშავეს. 15 მმ კალიბრის მქონე ლაზერულ იარაღს მისი წონის გამო ცნობილ შაშხანა AK-47-საც ადარებენ. თუმცა მისი ცეცხლსასროლი შესაძლებლობები სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმიდან აღებული იარაღის შესაძლებლობებს ძალიან ჰგავს.

მკვლევრების აზრით, რომლებიც ჯერჯერობით ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, ლაზერულ შაშხანას აქვს შესაძლებლობა, გამოასხივოს ადამიანის თვალისათვის შეუმჩნეველი სხივი, რომელიც მინის გავლით და თითქმის ერთი კილომეტრის მოშორებით ადამიანის ხორცს დაწვავს.

საინტერესოა, რომ მსგავსი იარაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 3 წლის წინ ცნობილმა მედიაგამოცემა Business Insider Australia-მ გაავრცელა, მათი მტკიცებით, ჩინეთის პოლიცია სწორედ მსგავსი შესაძლებლობების იარაღს ფლობდა.

ერთ-ერთი ანონიმური მკვლევრის მოსაზრებით, იარაღისაგან მიყენებული ტკივილი გაუსაძლისი იქნება. მას აქვს შესაძლებლობა, ტანსაცმელი წამებში დაწვას. იმ შემთხვევაში კი, თუ ქსოვილი აალებადია, ის ადამიანს ცეცხლს წაუკიდებს. გარდა ამისა, ვერავინ შეძლებს თავდამსხმელის ვინაობის გაგებას და ინციდენტი უბედურ შემთხვევას დაემსგავსება.

არსებული ინფორმაციით,  თითოეული ამგვარი შაშხანის მასობრივად დამზადება 15,000 აშშ დოლარი დაჯდება. ლითიუმის იონის ელემენტის ერთი სრული დამუხტვით კი მას 1000 ერთეული „გასროლა“  შეეძლება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იარაღს აშკარად აქვს ლეტალური შესაძლებლობები, მას სხვა ფუნქციებიც გააჩნია.

Southern China Morning Post-მა იარაღის შესახებ მეტი გაარკვია. მაგალითად, მისი ერთ-ერთი გამოყენება ადამიანის გატაცების შემთხვევაშიც მოიძებნება, როდესაც გამტაცებლებისათვის მისი დახმარებით ზიანის მიყენება შეიძლება. გარდა ამისა, მას შეუძლია ნავთობის ტანკერების დაზიანება და აფეთქების გამოწვევა, რაც სამხედრო ოპერაციებში გამოსადეგი ფუნქციაა.

როგორც ჩანს, პირველი აღნიშნულ შაშხანას ჩინეთის შეიარაღებული საპოლიციო ძალების ანტიტერორისტული დეპარტამენტი დატესტავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *