ენერგია და გონიერება

ენერგია და გონიერება

საქართველოში ალბათ იშვიათად მოიძებნება ისეთი ენერგოობიექტი, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაში „ენერგონს“ მცირე წვლილი მაინც არ ჰქონდეს შეტანილი. ამ კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 1956 წლიდან „საქენერგორემონტის“ სახელით იწყება. თავდაპირველად მის ძირითად პროფილს ჰიდრო და ელექტრომექანიკური სამუშაოები წარმოადგენდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი კომპანიამ ენერგეტიკის სექტორში საქმიანობა გააგრძელა, თუმცა სერვისების დივერსიფიკაცია დაიწყო. კერძოდ, სამშენებლო საქმიანობაც წამოიწყო და ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გადამცემი ხაზების, ქვესადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია აირჩია. დღეს „ენერგონს“ დიდი მიზნები და გამოწვევები აქვს. Forbes Georgia კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მთავარ კითხვებზე პასუხები გენერალური დირექტორისგან, გიორგი მირცხულავასგან მოისმინა.

ბატონო გიორგი, „ენერგონი“ 60 წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ცოტა ხნის წინ თქვენ რებრენდინგის ეტაპიც გაიარეთ. რა არის ის ბოლო ცვლილებები, რაც კომპანიაში განხორციელდა?

რებრენდინგის შესახებ გადაწყვეტილება ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი – ჩვენი კომპანია აღარ იყო მხოლოდ „საქენერგორემონტი”, როგორც დაარსებისას. ჩვენი კომპეტენცია გაიზარდა, ენერგოინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე მსოფლიო სტანდარტით ვახორციელებთ. და მეორე – ჩვენ გვინდოდა, რომ საერთაშორისო კომპანიებისთვის კონკურენცია, მინიმუმ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგვეწია და აღარ ვყოფილიყავით ქვეკონტრაქტორები, რადგან მიგვაჩნდა, რომ ჩვენც შეგვეძლო ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორციელება. ამ ამბიციას სჭირდებოდა კომპანიის ახალი, მკაფიო სტრატეგიის შექმნა და ამ ყველაფრის როგორც კომპანიის შიგნით დანერგვა, ასევე ჩვენი არსებული და პოტენციური საქმიანი პარტნიორებისთვის დემონსტრირება.

სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ი და მათთან ერთად კომპანიის ახალი სტრატეგია შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც ჩვენს საქმიანობას დაერქვა სწორი სახელი – ენერგოინფრასტრუქტურის ექსპერტი. ასევე განისაზღვრა ჩვენი ბრენდის შინაარსი: მამოძრავებელი იდეა, მისია, ხედვა, ფასეულობები, პოზიციონირება და ახალი სლოგანი – გავაკეთებთ! ამ სიტყვას ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ, ვინაიდან ჩვენთვის არ არსებობს შეუსრულებელი ამოცანა და სიტყვა „შეუძლებელია”, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის გზას.

გამოდის, უკვე მზად ხართ, უცხოურ კომპანიებს კონკურენცია გაუწიოთ?

„ენერგონს“ აქვს ამბიცია, იყოს თანამედროვე ქართული კომპანია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, დანერგოს და გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები და მიდგომები – ყველა სახის ენერგოინფრასტრუქტურის ასაშენებლად. ჩვენ მიერ შესრულებულ პროექტებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამუშაოს შესრულების ხარისხით, ფასით და ვადებით მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს გავუწიოთ კონკურენცია როგორც ადგილობრივ, ასევე პოტენციურად საერთაშორისო ბაზარზეც.

დღეს სახელმწიფო პროექტებში, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ფინანსდება, მოთხოვნილია პირობები, რომლებიც დიდწილად უზღუდავს ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ ამ მოთხოვნების შერბილება შეათანხმოს, რათა ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ფასებს, ხარისხს და შესრულების ვადებს, საუბარია შესრულებული პროექტების სიდიდეზე.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, როდესაც სახელმწიფო აცხადებს 100-მილიონევროიან ტენდერს, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ფინანსდება, ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ასეთივე სიდიდის არაერთი შესრულებული პროექტია მოთხოვნილი, მაშინ როდესაც საქართველოში მსგავსი სიდიდის სამუშაოები ან საერთოდ არ არის ჩატარებული, ან თითზე ჩამოსათვლელია. შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, ქართული კომპანიები ძირითად კონტრაქტორებად მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გამოდის, რომ შემსრულებელი კომპანიების წრე ქართული კომპანიებისთვის ჩაკეტილია და ვფიქრობ, ყველას სურვილია, რომ ქვეყნის მიერ აღებული სესხით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილობრივი კომპანიები ასრულებდნენ. ხოლო მოგება, გამოცდილება და დოვლათი ქვეყანაშივე რჩებოდეს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება ნაბიჯები, მაგრამ მეტი ჩართულობა და აქტივობაა საჭირო. კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით უპირატესობას ფასთან, ხარისხთან და ვადებთან მიმართებით არ ვითხოვთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითისთვის, ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით, როდესაც პროექტი ხორციელდება კერძო ინვესტორის დაკვეთით, ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კომპანიებიც და ხშირ შემთხვევაში ქართულ კომპანიებთან ფორმდება ხელშეკრულებები. თუ ჩვენ არ მივცემთ ქართულ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რითაც ისინი გამოცდილებას შეიძენენ, მსგავსი ტიპის ტენდერებში მოთხოვნების დაკმაყოფილებას სხვა ქვეყანაში ვერ შეძლებენ.

თქვენს პროექტებზეც რომ ვისაუბროთ, „ენერგონი“ სწორედ ის კომპანია იყო, რომელმაც „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა. კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგით?

„ენგურჰესის” მე-4 ფაზის რეაბილიტაციის სამუშაოების უმეტეს ნაწილს „ენერგონი“ ასრულებს და ჩასატარებელი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გამოქვეყნებულ სტატისტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა რეაბილიტაციის მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა არ ყოფილა. მისი მიზანი იყო სტაბილურობა, მდგრადობა და პოტენციური გაჩერებების თავიდან აცილება. ამ ეტაპზე „ენგურჰესამდე” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ჰიდრომექანიკური სამუშაოებია დარჩენილი.

ამჟამად სხვა რა პროექტებზე მუშაობთ?

გვაქვს ჰიდროს მიმართულებით რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელთა შორის გამოვყოფდი „მტკვარი ჰესის“ პროექტს, უახლოეს ხანში დაგვემატება რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის სამუშაო. ელექტროგადამცემი ხაზების მიმართულებით მიმდინარეობს 330 კვ-იანი ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვაქვს აგრეთვე „ხრამიჰესის“ რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი, რომელიც სტატორისა და როტორის შეცვლას ითვალისწინებს.

ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა, იშვიათად, მაგრამ საინტერესო პროექტებშიც ვიღებთ მონაწილეობას, მათ შორის გამოვყოფდი შეკვეთილში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობას. წყალში შესასრულებელი სპეციფიკური სამუშაო ჩვენი გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სამომავლოდ ზღვაში განლაგებული ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში ჩართვასაც ვგეგმავთ.

ალბათ გამოწვევაა შესაბამისი ტექნიკაც…

ჩვენ მიერ შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალიზებული თანამედროვე ტექნიკის ფლობა მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ავტოპარკი აღჭურვილია 300-მდე ერთეული სპეცტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას, საკუთარი რესურსით და მანქანა-მექანიზმებით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები ჩავატაროთ.

ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები? განიცდით თუ არა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას?

ჩვენს კომპანიაში დღეისათვის 600-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათ შორის არიან როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის ინჟინრები, ასევე ახალგაზრდა ექსპერტები. საამაყოა, რომ ჩვენს კომპანიაში მომუშავე უხუცესი თანამშრომლის სტაჟი 64 წელია.

კვალიფიციური კადრების დეფიციტს ნამდვილად განვიცდით, ბაზარზე საჭირო რაოდენობის ტექნიკური პერსონალი ფიზიკურად არ არსებობს, თანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სამუშაო ძალიან სპეციფიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ დარგი მუდმივად ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიებით სამუშაოს შესრულებისათვის საქართველოში ყოველთვის არ მოიძებნება საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრები, საერთაშორისო დონის სპეციალისტებთანაც ვთანამშრომლობთ. მათ კონკრეტული პროექტის შესრულების პროცესში ვრთავთ და ახალგაზრდა მოტივირებულ კადრებს მივუჩენთ იმისთვის, რომ მათგან საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინონ და მომავალში თანამედროვე მეთოდებით საქმის შესრულება დამოუკიდებლად შეძლონ.

საქართველოს ენერგოსექტორის სხვა გამოწვევებზეც რომ ვისაუბროთ, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები ამ სექტორში?

პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ინვესტორისთვის სასურველი ქვეყანა, რომელიც სთავაზობს მას კარგ საგადასახადო გარემოს და, რაგინდ ირონიულად ჟღერდეს, მოსახლეობის საერთო განწყობით ხიბლავს. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად, უცხოელი ინვესტორი საქართველოში 10 მლნ, 100 მლნ ან მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს რომ განახორციელებს, ეს რა სარგებელს მოგვიტანს, რამდენით გაიზრდება ქვეყნის და იმ კონკრეტული რეგიონის ბიუჯეტი, სადაც ის პროექტს განახორციელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტროენერგიის დამატებით გენერაციაზე. ამიტომ აუცილებელია, ინდივიდუალურად შევისწავლოთ ყველა პროექტი და ყველაფერი გავაკეთოთ მისი განხორციელებისთვის, რათა ინვესტიცია არ დავკარგოთ. ინვესტორების მოძიებისთვის იბრძვის ყველა ქვეყანა, შესაბამისად, თუ ჩვენ იდეალურთან მიახლოებულ გარემოს არ შევქმნით, ამ შესაძლებლობებს ხელიდან გავუშვებთ. საქართველოში დროებით „დაპაუზებულ“ პროექტებს რომ გადავხედოთ, გული მწყდება, როცა ვფიქრობ, თუ რა ეფექტის მოტანა შეეძლო მათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ მძიმე პანდემიურ პერიოდში.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ქვეყნისთვის პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები?

დღეს ქართული ენერგეტიკა იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და გაზზე დგას. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ჰიდროელექტროსადგურების აშენების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოს ენერგომომავალი არის როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ჰესები, შესაბამისად, ჰიდრორესურსების სრულად ათვისება უმნიშვნელოვანესია – ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომლის მცირე ნაწილის გამოუყენებლობის უფლებაც კი არ გვაქვს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ აფასებთ საქართველოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას? ამ კუთხით რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა?

ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მატულობს და გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული ჰესები არ შენდება, ქვეყანა იძულებულია, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე იყოს დამოკიდებული. იმპორტირებული ელექტროენერგიის გატარებისთვის კი არსებული გადამცემი ხაზების განახლება მნიშვნელოვანია. ზოგი მათგანი მოძველებულია და მათი გამტარიანობის გაზრდაა საჭირო. ასევე აუცილებელია ახალი ხაზების მშენებლობაც. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქართული ენერგეტიკა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ელექტროენერგიის შემოტანისთვის საჭირო გამართულ გადამცემ ხაზებს, არამედ შიდა ინფრასტრუქტურასაც.

დაბოლოს, „ენერგონის“ სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ. აპირებთ, ქვეყნის ფარგლებს გასცდეთ?

კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე სწორედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის მიზანი გვაქვს დასახული და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით. გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა არის მიმართულება, რომელშიც ძალიან ძლიერები ვართ. ეს სექტორი ძალიან ნიშურია, რადგან სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრ კომპანიას არ შეუძლია გადამცემი ხაზების მშენებლობა, განსაკუთრებით – მაღალმთიან რეგიონებში. ჩვენ ძლიერი, პროფესიონალი მემაღლივეების გუნდი გვყავს, რომელიც გადამცემ ხაზებს რთულ გეოგრაფიულ არეალში აწყობს. ევროპის ქვეყნებში არის გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის განახლების ტენდენცია. ამ კუთხით მასშტაბური პროექტებია მოსალოდნელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანაში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ჩვენთვის საინტერესო ტენდერები გამოცხადდება. ვფიქრობთ, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მონაწილეობას ევროპასა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსახორციელებელ პროექტებში მივიღებთ. შესაბამისად, „ენერგონი“ პირველი ქართული კომპანია იქნება, რომელიც ენერგეტიკის დარგში უცხოეთში პირველ წარმატებულ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *