ბოლომდე თავს ვიკავებდი, რამეთუ მეგონა, ეს აბსურდის თეატრი სადღაც მაინც შეწყდებოდა და რომელიღაც მომენტში გონიერ და ლოგიკურ დასასრულს იპოვიდა, მაგრამ ეს სამწლიანი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – სამარცხვინო პერიპეტია და ისტორია იმის იმედს, რომ ვიღაცას ამ ქვეყანაში აღმოაჩნდება საღი აზრი ან იქ, ან აქ, ან სადმე ამ სახელისუფლებო იერარქიაში, სულ უფრო ნაკლებად პერსპექტიული ხდება…
ზუსტად მსგავსი შეკერილი საქმეების გამო ვაკრიტიკებდით და ვაკრიტიკებთ ნაციონალების ცხრა წელიწადს და რას ვიფიქრებდი, თუ 2012 წლის მერე ისევ ამაზე მომიხდებოდა საუბარი, მაგრამ ეს, ეტყობა, ისეთი ვირუსია, რომელიც ერთპიროვნული ხელისუფლების ხელში არსად არ მიდის და, კორონასი არ იყოს, მუდმივ მუტაციას განიცდის.
ჰოდა, ასეთი მუტაციის შედეგია ხაზარაძე-ჯაფარიძე+ წერეთლის ე.წ. საქმეც. საქმე, რომელსაც სამართალთან არავითარი კავშირი არა აქვს და პირადი ანგარიშსწორების პირდაპირი მაგალითია. ამიტომ გჭირდებოდათ იგივე სასამართლო, იგივე პროკურატურა, ამიტომაც არ შეცვალეთ არაფერი, დატოვეთ იარაღი, რომელიც მუდმივად აცოცხლებს ამ ვირუსს. ამ შემთხვევაში იცით, რა განსხვავებაა თქვენსა და ნაციონალებს შორის? ნაციონალური რეჟიმი ამ იარაღს მასობრივად იყენებდა, თქვენ კი შერჩევით, ინდივიდუალურ შემთხვევებში, მაგრამ ხელწერა და სამოქმედო გეგმა ერთი და იგივეა: მტრის ხატის შექმნა და ერთ ღილაკს ქვეშ, უნისონში ამოქმედებული გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო, პოლიტიკოსები, მედია… ვიღაც მოქალაქეებიც, რომლებიც ყოველთვის მოინახებიან – ამის პრობლემა საქართველოში არასდროს არ ყოფილა – ე.წ. საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და ყოველივე ამაში განსაკუთრებულად დაწინაურებული ახალი ტექნოლოგიები: ე.წ. „ტროლები“ და „ბოტები“ და ა.შ.
ამ შემთხვევაში კი ამ იარაღის მთავარი სამიზნე ანაკლიის პროექტი და მისი ურჩი ინიციატორები აღმოჩდნენ. ჩუმი დირექტივა იყო: ანაკლიის პორტი არ უნდა აშენებულიყო და მით უმეტეს – „ანაკლია სითი“. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და თავიდან საკმაოდ რბილად მიჰყვებოდნენ ამ თემას – მაინც არ გამოუვათო, შემდეგ ეტაპზე უკვე ეკონომიკურ-საკონკურენციო ხერხებს მიმართეს და ეკონომიკის სამინისტროში ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვაზე ორი განაცხადიც გაჩნდა, ერთ-ერთი მათგანი დააკმაყოფილეს კიდეც, მაგრამ ანაკლიის საერთაშორისო მხარდამჭერების მიერ ატეხილი ხმაურის ფონზე მოგვიანებით გააუქმეს. სხვათა შორის, სპორტული ინტერესისთვის, თუ სად აორთქლდა და გაქრა დღეს ეს პროექტები და სურვილები, მთავრობის შესაბამის ენთუზიაზმთან ერთად, კაცმა არ იცის.
ერთი სიტყვით, როცა მსგავსმა მეთოდებმა ვერ გაჭრა და პროექტის განხორციელება რეალური გახდა, აი, იქ დაიქოქა და გაბრაზდა მავანი და მავანი და სახელმწიფო ვირუსიც გააქტიურდა.
2018 წლის ივნისში „ოცნების“ უმრავლესობის ცნობილ შეკრებაზე იქუხა ამ გაბრაზებამ. რასაც უმალ მოჰყვა იმდროინდელი პრემიერის გადადგომა და მითითება – სასწრაფოდ მოენახათ რამე ხაზარაძეზე და ყველა რეჟიმის ერთგული „პავლიკ მოროზოვები“, რომლებსაც შესანიშნავი პრაქტიკა ჰქონდათ გავლილი ნაციონალურ ცხრა წელიწადში, უკვე ახალი პატრონის პირობებში შეასიეს ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიებს. ეძებეს, ეძებეს და „ევრიკა“ – რა თქმა უნდა, ფხიზელი ქართული თვალის დახმარებით, უფროსების საამებლად 12 წლის წინანდელი რაღაცა საკბილო აღმოაჩინეს; მაგრამ დავალება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა რომ ვეღარაფერი იპოვეს, ამ ჭიანჭველიდან სპილოს გაკეთება გადაწყვიტეს. ბრალდება სერიოზული უნდა ყოფილიყო და, არც აციეს და არც აცხელეს, ამ სპილოს, სპილო რომ კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო, სახელად ფულის გათეთრება დაარქვეს. თანაც სწრაფად უნდა ემოქმედათ, რომ ანაკლიის ინვესტორებისათვის დაუყოვნებლივ ეცნობებინათ, თქვენ ფულის გამთეთრებლებთან გაქვთ საქმეო და ემანდ ღმერთი არ გაგიწყრეთ, ამ საქმეში ფული არ ჩადოთო. ეს ყველაფერი შესაშური ოპერატიულობით გააკეთეს და ინფორმაცია საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერეს. ცინიზმის უმაღლესი დონე იყო, როდესაც პარალელურ რეჟიმში მთავრობა აცხადებდა, რომ ჩვენ პროექტს ყოველმხრივ მხარს ვუჭერთო და პროკურატურის მიერ სისტემატიურად გამართული ფულის გათეთრების ბრიფინგების ფონზე სკრუპულოზურად ითხოვდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან ვალდებულებების შესრულების წერტილს და მძიმეს. უფრო მეტიც, ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკები პრივატულ საუბრებში, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ხშირად აჟღერებდნენ აზრს, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო მათთვის პრიორიტეტული. მთელ რიგ შემთხვევებში კი კონკრეტულ ინვესტორებს არ ურჩევდნენ მონაწილეობას.
მაგრამ მთავარ პროცესს მაინც ვერ ერეოდნენ და ეს კიდევ უფრო აძლიერებდა ზეწოლას. ცეცხლზე ნავთი დაასხა თიბისი ბანკის უცხოელი ინვესტორების მიერ 2019 წლის ივნისში ლონდონში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ განმეორებითმა არჩევამ. ინვესტორები, ისინი კი დაახლოებით 2000-მდე არიან, გაეცნენ რა ე.წ. გათეთრების მასალებს, სერიოზულად არც კი ჩაუთვლიათ მისი შინაარსი და ადეკვატური გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ამან კი თბილისში, რა თქმა უნდა, გააღიზიანა დამკვეთები და შემსრულებლებმა, არიქა, ჩვენ რამე არ დაგვაბრალონო, სასწრაფოდ ბრალი წაუყენეს ჯაფარიძეს და ხაზარაძეს.
ამასობაში აღმოჩნდა, რომ ფული ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ა. წერეთელს უსესხებია და არიქა, მოდი, წერეთელიც მივაწებოთო თავის ტელევიზიანადო ამ საქმეს, დარწმუნებულები იმაში, რომ ტელევიზიის დამფინანსებლებიც იპოვეს და მტრის ხატის სურათიც სრულად შეივსო: ამათ ფული აქვთ (ბანკი), უდიდეს გეოპოლიტიკურ პროექტს ეჭიდებიან ამერიკელთა და ევროპელთა მხარდაჭერის საფუძველზე (სწორედ ამ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მ. პომპეომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა ანაკლიის პროექტის მიმართ მხარდაჭერა) და აგერ, ბატონო, ტელევიზიაც და მეტი რა არის საჭირო ხელისუფლებაში მოსასვლელადო. ისე, უნდა მოახერხო, რომ ავთო წერეთელს, რომელიც მთელ ქალაქში ცნობილია თავისი მეგობრებისა და ახლობლებისათვის უანგაროდ ხელის გამართვით, მსგავსი ბრალი მოუნახო!
ამ ავადმყოფურ ეჭვებს მოჰყვა ცნობილი წერილი, რომელიც გახარიას საშუალებით გადაეცა ჯაფარიძეს და რომელიც ასე იწყებოდა „ჩვენთვის ნათელია, რომ თქვენ ჩვენ გვებრძვით და ა.შ.“ – დანარჩენი ტექსტი საზოგადოებისათვის ცნობილია.
თუ დღემდე რატომ მალავს გახარია ამ ფაქტს, არავისთვის გასაკვირი აღარ უნდა იყოს – ის, უბრალოდ, უკან დასაბრუნებელ ყველა ხიდს არ წვავს.
მოკლედ, სრულად ჩამოყალიბდა მტრის ხატი და კიდევ უფრო გაიზარდა მოტივაცია და ზეწოლა ე.წ. „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით. დაიწყო პოლიტიკოსებისა და პროკურორების ახალი პიარ-ტალღა, „გამთეთრებლებისა“ და ანაკლიის პროექტის ჩასაძირად და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ორივე აქტორი იმდენად მონდომებული იყო, რომ ხშირად ვერ გაარკვევდი, რომელი იყო პოლიტიკოსი და რომელი პროკურორი და შედეგად გამოცხვა ის აბსურდული პროცესი, რომელიც უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთ მათგანს ფულის გათეთრება არ უხსენებია, საქმეში ვერ მოიპოვებთ ვერც ერთ ქაღალდს, რომელიც ამ ქმედებას ადასტურებს. მე მგონი, პირველად მიმდინარეობს პროცესი, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც, როცა საქმეზე არ არსებობს არც მომჩივანი და არც დაზარალებული. უფრო მეტიც – თუ ვინმე შეიძლება დაზარალებულად ჩაითვალოს, ეს ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან. არსებობს უამრავი ცნობილი საერთაშორისო პროფესიონალი ექსპერტის, უცხოური და ადგილობრივი აუდიტორული კომპანიისა და სხვადასხვა კომპეტენტური ორგანიზაციის ოფიციალური დასკვნები, რომლებიც ამ საქმის აბსურდულობას ამტკიცებენ. მაგრამ ეს აბსურდულობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათს. რამეთუ ანაკლიის პროექტმა აშკარად აჩვენა, რომ ის პირველ რიგში პოლიტიკური, გეოსტრატეგიული პროექტია და შემდეგ უკვე ეკონომიკური. ამას ნათლად ადასტურებს შავ ზღვაზე დღეს განვითარებული მოვლენები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ანაკლიის პროექტის გაჩერება ჩვენი ქვეყნის განვითარების ვექტორზე დარტყმაა.
პროექტი კი გააჩერეს, მაგრამ დაქოქილ მანქანას მაინც არ აჩერებენ, დავალება არ იცვლება. ეტყობა, ამ შემთხვევაში ინტერესის სფერო უკვე პოლიტიკოსები და ტელევიზიის დამფუძნებლის მამაა ამიტომაც აქტორები მაინც თავისას აწვებიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უკვე თვითონაც გრძნობენ ამ ვირუსის სივერაგეს.
ამ საქმის მიზანი და არსი, მე მგონი, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგებია და სამართალი რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგება, ნათელია. უბრალოდ, მე მედლის მეორე მხარეს მინდა შევეხო – კერძოდ, საზოგადოებას და განსაკუთრებით ბიზნესმენებს. ამ უკანასკნელების დუმილი გულწრფელად მაკვირვებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ყოველი მეორე ხომ ამ ადამიანების მეგობრები და ნათელმირონები ხართ. ასე რამ დაგადუმათ. ვინ, ვინ და თქვენ ხომ მაინც იცით საქმის ვითარება. თქვენ არ ურჩიეთ ხაზარაძეს სიტუაციის „დალაგება“? მან ხომ პირველად თქვენ მოგმართათ ცნობილი წერილის მიღების შემდეგ, მაგრამ ხომ ხედავთ, მან ეს პრინციპულად არ გააკეთა. აღმოჩნდა მტკიცე და საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა. ისიც ხომ კარგად იცით, რომ მამუკა ხაზარაძე თავის ცხოვრებაში არც არაფრის დირექტორი არ ყოფილა და მას არც არავითარ თანამდებობაზე არ უმუშავია, თუმცა ასეთი შეთავაზებები ჰქონდა და მან თავის მეგობრებთან ერთად ნულიდან შექმნა ამხელა იმპერია. იმპერია, რომელიც დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია; ინსტიტუტი: რომელმაც ათასობით ადამიანს ხელი გაუმართა და ფეხზე დააყენა, რომელიც დღეს ქვეყნის დეპოზიტების 40%-ს საიმედოდ უფრთხილდება და ადამიანებს, რომლებიც ამ ბანკს ენდნენ, მშვიდი ცხოვრებისა და საქმიანობის საშუალებას აძლევს. ბანკი ნამდვილად არ არის საქველმოქმედო ინსტიტუტი და ამიტომ ზოგიერთებს შეიძლება აწყენინა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ისინი ასე ფიქრობენ და, რა თქმა უნდა, საკუთარ უუნარობას ყოველთვის სხვას გადააბრალებენ. აი, რას ამბობდა პირველი ქართველი ბანკირი ილია ჭავჭავაძე, ჯერ კიდევ როდის, საბანკო საქმიანობაზე:
„აქ ამბობენ მამულები ნუღარ გაიყიდებაო – სურვილი კარგია, მაგრამ არა გამოდის რა მარტო სურვილისგან. ვინ ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ ბანკმა ფული გვასესხოს და უკან არ მოგვთხოვოს ხოლმე (იცინიან) უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ბანკმა ყველას უხვად მოგვაყაროს ფული, ოქროთი აგვავსოს, თუნდაც არ ვთხოვდეთ კიდეც, მაგრამ ჩემდა და თქვენდა სამწუხაროდ მაგისთანა ბანკები შეუძლებელია (ხანგძლივი ტაშისცემა)“.
(„ივერია“, 1892#110)
მესმის, ბატონო ბიზნესმენებო, რომ თქვენ ყოველთვის ყველაფერი „დალაგებული“ გაქვთ, ისიც მესმის, რომ საერთოდ ერთმანეთისადმი სოლიდარობა გიჭირთ, ესეც უახლესმა ისტორიამ აჩვენა, მაგრამ ხომ ხედავთ, ასე გათითოკაცებული ოაზისებით ვერ იქმნება ის მთავარი ოაზისი, რომელსაც ჩვენი სამშობლო – საქართველო ჰქვია, სადაც ყოველგვარი „დალაგების“ გარეშე“ ყველა დაცული იქნება. განუკითხავი და დაკვეთილი სამართალი კი ერთ მშვენიერ დღეს ყველა ოაზისს აკითხავს.
მეტყვით, შენ ხაზარაძის მეგობრობა გალაპარაკებსო. კი, მაგრამ, თქვენ აღარ ხართ მისი მეგობრები? დიახ, მეგობარი ვარ და ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ამ მეგობრობით, რომელიც 40 წლის წინ დაიწყო, როგორც დეკანისა და სტუდენტის – სტუდენტის, რომელიც ბრწყინვალედ სწავლობდა და წარჩინებით ინსტიტუტის დამთავრებაც „კეთილის მსურველებმა“ ნაკლად ჩაუთვალეს.
მე არასდროს არ ვყოფილვარ მისი ბიზნესპარტნიორი, მაგრამ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი მის წარმატებებს და სულ ვფიქრობდი, ასეთი წარმატებული ადამიანები რაც მეტი და მეტი იქნებოდა, ეს ქვეყანა შედგებოდა. მან მარტომ თავის მეგობრებთან ერთად მთელი საზოგადოების წინაშე, ჩვენ თვალწინ გამჭვირვალედ შექმნა თავისი წარმატებული და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯი. რაც, ეტყობა, განსაკუთრებით და ყოველთვის გამაღიზიანებელია როგორც ზევით, ისე ქვევით მყოფთათვის. საზოგადოების დუმილი კი უკვე ჩვეულებრივი ამბავია. უფრო მეტიც – მისი რეაქციები ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებული ადამიანების მიმართ გენეტიკური და ისტორიული მიუღებლობიდანაც გამომდინარეობს. საზოგადოებაში, რომელშიც ყოველთვის მოიძებნებოდა ადამიანები, რომლებიც ილიას მევახშეს დაუძახებდნენ, რომლებიც ნიკო ნიკოლაძეს ფოთის პორტის მშენებლობისთვის 4 წლის განმავლობაში ქუთაისის სასამართლოში დაატარებდნენ, სადაც მოინახებოდა ტიციანის, პაოლოს, მიხეილ ჯავახიშვილის, ევგენი მიქელაძის და ასობით სხვების დამსმენები, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ღმერთმა დამიფაროს ამ ადამიანებთან ვინმეს შედარებისაგან, მაგრამ ზოგადად ეტყობა წარმატებული ადამიანების დანარცხება ყოველთვის იყო ჩვენი შეუმდგარობის მაკომპენსირებელი ელექსირი. ო. ჭილაძე ამბობდა: „ორ რამეს არ გაპატიებენ ამ ქვეყანაში – ნიჭს და ბედნიერებას“.
და, რა თქმა უნდა, ამ ხასიათთან ერთად, შიში, ბატონებო, შიში! შიში ამ სახელმწიფო მანქანისა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერს გადაუაროს. რაც არ უნდა გაგვიმართლოს ევროპული ტანსაცმლის ზომებში, ვერა და ვერ ვივიწყებთ, რომ მეოცე საუკუნის შინელიდან ვართ გამოსულები. ამიტომაც შიშის დაძლევას მუდმივად დამალვას ვამჯობინებთ, რადგან დამალვა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე დაძლევა; წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამოყენება; სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე სიყვარული; გაჩუმებაც უფრო ადვილია, ვიდრე ხმის ამოღება.
როცა იმ ავბედითი ნაციონალური 9 წლის დასაწყისში სატელევიზიო დაჭერები დაიწყეს, ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე, მასკარადებით, შოუებით და ყოველგვარი სამართლებრივი თამაშის წესების გარეშე, ბევრი სიამოვნებით იფშვნეტდა ხელებს და როცა მათ ეუბნებოდნენ, ასეთი განუკითხაობა ყველა ოჯახს მიადგებაო, არ იჯერებდნენ და აგრძელებდნენ ამ ბაკქანალიისთვის ტაშის კვრას. მაგრამ მოგვიანებით კი, როცა ამან ყველა მეორე თუ მესამე ოჯახის კარი შეაღო, მაშინ დაიწყო დაგვიანებული გამოფხიზლება და დღემდე ადამიანები სამართლიანობის აღდგენის რიგში დგანან.
ამიტომ მთავარი ის კი არ არის, ამ უსამართლო სისტემა-მანქანის მესაჭე შეცვალო, არამედ მთავარია თვითონ ამ მანქანის დაჭრა, ჯართში ჩაბარება და ახალი, სრულიად ახალი დამოუკიდებელი სისტემის შექმნა. თორემ რა მნიშვნელობა აქვს, ეს მანქანა ასეულებს გადაუვლის თუ ერთეულებს. ამას ყველაფერს წერს ადამიანი, რომელმაც თავის თავზე გამოცადა მსგავსი უსამართლობა, ამ მანქანის დაუნდობლობა და მერწმუნეთ, იმაზე დიდი უბედურება არ არსებობს, როდესაც შანსი არა გაქვს, სიმართლე დაამტკიცო. როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება „დაიჭირეთ“ კანონზე მაღლა დგას. როცა გამოძიება და სასამართლო ფიქციაა და არავის არა აქვს უფლება, პოლიტიკოსების კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
ჰოდა, ბატონო ხაზარაძე-ჯაფარიძე+წერეთლის მოსამართლევ, თქვენ გეძლევათ შანსი, რომ გაარღვიოთ ეს ჯაჭვი და ოდნავ მაინც შეაჩეროთ ეს მანქანა. მესმის, ამას დიდი გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა იმის, რომ ობიექტური გადაწყვეტილებით ეს შავი საქმე მართლაც გაათეთროთ. ისიც მესმის, რომ ძნელია, დაუპირისპირდე ასეთ მანქანას, რომელმაც ორი წლის განმავლობაში თქვენ თვალწინ ჩაატარა ეს სპექტაკლი და ვის ვის და თქვენ,, თქვენი პროფესიონალური თვალითა და შინაგანი ობიექტური რწმენით, ყველაზე კარგად გესმით, რასთან გვაქვს საქმე. მერწმუნეთ, ეს ნაკლებად სჭირდება იმ ადამიანებს, ვისი განაჩენიც უნდა დააყენოთ, მათ უკვე გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი, რომ ამ მოგონილი ბრალდების მიმართ ერთ მშვენიერ დღეს სიმართლის დროს მაინც დააყენებენ. ეს სამართლიანი გადაწყვეტილება გვჭირდება თქვენ და ჩვენ, რწმენისათვის, ჩვენი მომავლისათვის, იმისათვის, რომ დავინახოთ, რომ სასამართლოში, თვით დღევანდელ სასამართლოშიც კი არის ძალა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია რეფორმა და ურთიერთნდობის კედლის აშენება, რომელზე დაყრდნობითაც ბოლოს და ბოლოს გვექნება ასე ნანატრი სამართლებრივი და თავისუფალი ქვეყანა.
შეიძლება ეს არის თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი!
დატოვე კომენტარი