ყველასათვის ნაცნობი Grand Theft Auto-ს თამაშების სერიის შემქმნელმა კომპანია Take-Two Interactive-მა 12.7 მილიარდი აშშ დოლარის შეთანხმების საფუძველზე FarmVille-ის შემქმნელი, მობილური თამაშების მწარმოებელი კომპანია Zynga შეიძინა.
კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, მათი შესაძლებლობების კომბინაციით ისინი უკეთ შეძლებენ კონკურენციის გაწევას ისეთი ტრადიციული თამაშების მწარმოებელი გაერთიანებებისათვის, როგორიც Activision Blizzard-ი და EA არიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს უკანასკნელნიც აქტიურად შეისყიდიან ახალ აქტივებს საკუთარი მობილური თამაშების შესაძლებლობების გასავითარებლად.
Take-Two-ს განცხადებით, Zynga-ს შესყიდვა კომპანიას მობილური თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთ მოწინავე ფიგურად აქცევს. ცნობისათვის, აღნიშნული ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია ინტერაქციულ გასართობ ინდუსტრიაში.
კომბინირებულ ჯგუფს Take-Two-ს აღმასრულებელი დირექტორი, შტრაუს ზელნიკი უხელმძღვანელებს. სანაცვლოდ, Zynga-ს Take-Two-ს დირექტორთა საბჭოში ორი ადგილი ექნება. Take-Two-ს განცხადებით, ჯამურად ორივე კომპანიის წლიური შემოსავალი 6.1 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
როგორც ჩანს, Take-Two-მ საკუთარი შესაძლებლობების განვითარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნახა, რომ კონკურენტები ინდუსტრიაში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებს აქტიურად შეისყიდიან. ცნობისათვის, საკულტო თამაშის, Call of Duty-ის მწარმოებელმა, Activision Blizzard-მა 2015 წელს Candy Crush Saga-ს მწარმოებელი, King-ი, 5.9 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. EA-მ კი 2021 წელს F1-ის მწარმოებელი Codemasters-ი 1.2 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა. ინდუსტრიის ტენდენცია ამგვარია: კომპანიები ბაზრის წილის გასაზრდელად საკუთარ შესაძლებლობებს აერთიანებენ.
დატოვე კომენტარი