ციფრული ტექნოლოგიები - შესაძლებლობა თუ ბარიერი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?

ციფრული ტექნოლოგიები - შესაძლებლობა თუ ბარიერი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?

სტატია მომზადებულია გრანთ თორნთონის ბიზნეს-ანალიტიკოსების მიერ

მცირე და საშუალო საწარმოები (მსს-ები) ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია, ვინაიდან ისინი ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს და ზოგადად, ზრდიან ქვეყნის კეთილდღეობას. აღნიშნული საწარმოები არა მხოლოდ დასაქმების, არამედ ინოვაციისა და პროდუქტიულობის წყაროდ არიან მიჩნეული.

მცირე და საშუალო საწარმოების სხვადასხვა კატეგორიიდან გამომდინარე, მათი საჭიროებები და გამოწვევები განსხვავებულია. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ მსს-ების იმ კატეგორიაზე, რომლებიც გამოირჩევიან პროდუქტიულობითა და ინოვაციურობით და ამავე დროს მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ზოგად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  საბოლოო ჯამში კი ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და კონკურენტუნარიანობას ზრდიან.

მსგავსი შედეგების დამადასტურებელია კონკრეტული ქვეყნების განვითარების მაჩვენებლებიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სამეწარმეო ინოვაციებისკენ მისწრაფება ყველასთვის არის ცნობილი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში გამოიხატა. აშშ-ის სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ის მშპ-ის წლიური ზრდის დაახლოებით 50% ინოვაციების ზრდით არის გამოწვეული.

კონტინენტური ევროპის ქვეყნებიდან შესაძლებელია აღინიშნოს ფინეთი, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ევროპის რეგიონის  ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას წარმოადგენდა. მოსახლეობის ცხოვრების დონე საშუალოზე ბევრად დაბალი იყო, თუმცა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სტრუქტურული ცვლილებები, წამყვანი დარგად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოება იქცა, რის შედეგადაც ფინეთის წლიური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2.5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების მაჩვენებლები. მოსახლეობის ცხოვრების დონეც მაქსიმალურად გაუმჯობესდა და თითქმის გაუტოლდა აშშ-ის მაჩვენებლებს. ეკონომისტები ფინეთის მსგავს მკვეთრ ეკონომიკურ ზრდას სწორედ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას უკავშირებენ.

ზემოთ წარმოდგენილი ქვეყნების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ეფექტიანი და შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ მსს-ებს აქვთ უდიდესი პოტენციალი, ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მოკლევადიან პერიოდში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში საწარმოების 90%-ს სწორედ მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ, რაც მიუთითებს მათ მნიშვნელოვან წვლილზე სამუშაო ადგილების შექმნასა და გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მსს-ების როლის ხაზგასასმელად, შესაძლოა მოვიყვანოთ ესტონეთის მაგალითი. კერძოდ, მოგების გადასახადის ახალმა მოდელმა შეცვალა მსს-ების მიერ ბიზნესის მართვის პოლიტიკა, ვინაიდან რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდა კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან. ვინაიდან მათი წარმატებისთვის დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, აღნიშნულმა საგადასახადო მიდგომამ მსს-ებს კიდევ უფრო მეტი საშუალება მისცა, შიდა რესურსების საფუძველზე, სესხებთან დაკავშირებული დამატებითი დანახარჯების გარეშე, გაეფართოებინათ წარმოების მასშტაბები და მიეღოთ დამატებითი შემოსავალი. შესაბამისად, ესტონეთში მსს-ების რაოდენობრივი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მოგების გადასახადის მოდელი მიიჩნევა. ამ და სხვა საგადასახადო რეფორმების გათვალისწინებით, 2017 წელს, OECD-ის მონაცემებით, მცირე და საშუალო საწარმოებს ესტონეთში რეგისტრირებული ფირმების 99.8% ეკავათ.

ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული იყო კერძო სექტორის მუშახელის 79%. მსს-ების მიერ შეიქმნა მთლიანი დამატებული ღირებულების 79.2% და განხორციელდა წარმოებული საქონლისა და მომსახურების 81%-ის ექსპორტი.

გარდა ესტონეთისა, თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ლიეტუვაც, სადაც ევროპის კომისიის მონაცემებით 2014-2018 წლებში მსს-ების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება 39%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წელს მსს-ების მიერ გენერირდა დამატებითი ღირებულების 69.4%. ასევე, სამუშაო ძალის 75.9% დასაქმებულია სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების მიერ. აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსს-ების მხარდამჭერი პროგრამებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებით, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესი რიგი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა კაპიტალისა და ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა, სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთები, არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ნაკლებობა.

არსებული გამოწვევების ფონზე, მცირე და საშუალო საწარმოების წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ბიზნესპროცესების ეფექტიანად  დაგეგმვა და ორგანიზება. გამომდინარე კომპანიის მასშტაბებიდან, მცირე და საშუალო საწარმოების წარმატების ქვაკუთხედი სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაა. მათი საქმიანობა ყოველდღიურ აქტივობებზეა დაფუძნებული და შესაძლოა, ერთი დღის არასწორმა დაგეგმვამ არასწორი მიმართულებით განავითაროს ბიზნესი.

ცხადია, რომ ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიებს შესწევთ ძალა, საწარმოს ორგანიზაციისა და ფუნქციონირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. მოსალოდნელია, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა პროცესების რობოტიზაცია და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, მნიშვნელოვნად შეცვლიან ბიზნესპროცესების მართვის მექანიზმებს და ასევე გავლენას მოახდენენ სამუშაოს ორგანიზების ტექნიკებზე, უნარებსა და სისტემებზე. თუმცა, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტიანი მართვის სისტემების დანერგვა დაკავშირებულია როგორც მატერიალურ, ასევე დროითი რესურსების დანახარჯებთან. ამ მიზეზით, დამწყები მეწარმეები ნაკლებად მიმართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნესის მართვის პროცესში. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროცესთან შესაბამისი ციფრული სისტემების სხვადასხვა ალტერნატივის ძიება, შეფასება და შემდგომ დანერგვა, რაც მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიაზრონ საკუთარი ბიზნესპროცესები, შეამცირონ საწარმოო დროითი დანახარჯები და გადავიდნენ მართვის თანამედროვე მიდგომებზე. 

თუ თვლი, რომ შენი ბიზნესის შესაფერისი მართვის სისტემა ჯერ ვერ მოიძიე, დაელოდე სტატიის შემდეგ ნაწილს, აღმოაჩინე შესაძლებლობები და მიიღე სწორი გადაწყვეტილება… 

ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილი საკითხები გამიზნულია ზოგადი მიმოხილვისა და საინფორმაციო მიზნებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხზე  კონსულტაციისათვის.

ანგარიში ემყარება ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ უამრავ ვარაუდს და ანალიზს, რომელიც მომზადდა საჯარო წყაროებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *