მიმდინარე კვირას ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების ნაწილი, მათ შორის Apple-ი, Microsoft-ი და Tesla შემოსავლების შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. ტექნოლოგიური კომპანიების გარდა, შემოსავლების შესახებ ინფორმაციას IBM, GE, American Express-ი, Mastercard-ი, Visa, McDonald’s-ი, Colgate-Palmolive-ი, Johnson & Johnson-ი და Boeing-იც გაასაჯაროებენ.
ამასთან, ამერიკაში მიმდინარე კვირას ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საპროცენტო განაკვეთების შესახებ ფედერალური სარეზერვო სამსახურის პროგნოზებისკენ.
გარდა ამისა, 27 იანვრიდან დიდ ბრიტანეთში საჯარო დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება უქმდება. ღამის კლუბებსა და სხვა მსგავს ობიექტებზე კი კოვიდპასპორტის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. ცნობისთვის, ბრიტანეთში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია. დაახლოებით ბოლო ერთი თვეა, თითქმის ყოველდღე ინფიცირების 100,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია. ამ მონაცემებმა ქვეყნის მთავრობა კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. შესაძლოა, მსგავსი ზომები სხვა ქვეყნებმაც მიიღონ იმ ფონზე, რომ ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი წელს პანდემიის დასასრულის დაწყებას ელოდება. ბუნებრივია, ეს პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე გლობალურ ეკონომიკაზეც.
ამის პარალელურად, მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნდა დაწყებულიყო, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება. თუმცა, პანდემიის გამო, გასულ თვეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფორუმის გამართვის თარიღი მაისში გადაეტანათ.
24 იანვრის კვირა ევროჯგუფის შეხვედრებით დატვირთული იქნება. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის გამოსვლაც იგეგმება. ECB-ის ხელმძღვანელის გამოსვლებს ტრეიდერები და ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან, ვინაიდან ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს ადგენს, რასაც ევროს ღირებულებაზეც გავლენა აქვს.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, აღსანიშნავია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) თვიური ანგარიშის წარდგენაც. როგორც წესი, სააგენტო ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. ანგარიშში ნედლი ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ პროგნოზებიც იქნება წარმოდგენილი.
პარალელურად, ჩინეთი გასული წლის ბოლო კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანა რიტეილ-გაყიდვების ბოლო მონაცემებსა და უმუშევრობის დონის განახლებულ მაჩვენებელსაც გაასაჯაროებს. უმუშევრობის ბოლო მონაცემების გამოქვეყნება მოსალოდნელია ჰონკონგსა და დიდ ბრიტანეთშიც. ამასთან, 2021 წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებს აშშ-ი, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთიც.
რუსეთში ნოემბრის სავაჭრო ბალანსი გახდება ცნობილი. იაპონიის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, შემდეგ კი საპროგნოზო ანგარიშსაც გაასაჯაროებს. ამასთან, იაპონიაში დეკემბრის ექსპორტ-იმპორტის რიცხვები გახდება ცნობილი. ხოლო იტალიაში – სავაჭრო ბალანსის ბოლო მაჩვენებლები.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს (2021 წლის IV კვარტალი) და ასევე, ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში 2021 წლის ნოემბრის მონაცემებს გამოაქვეყნებს.
დატოვე კომენტარი