ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინსბურგის პერსონალურ ბიბლიოთეკაში შემავალი 1000-ზე მეტი წიგნი Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა – ლოტის ჯამურმა ღირებულებამ $2.35 მილინზე მეტი შეადგინა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი ლეგენდარული მოსამართლის კომენტარებით შემკული 1957-1958 წლების Harvard Law Review-ს 71-ე ტომი აღმოჩნდა, რომელიც $100 ათასზე ძვირად გაიყიდა.
სხვა ძვირად ღირებულ წიგნებს შორის აღმოჩნდა გინსბურგის რჩეული ნაწერების კრებული, სახელწოდებით “My Own Worlds”, რომელიც $81 ათასად გაიყიდა, ფემინისტი ჟურნალისტის, გლორია სტაინემის მიერ ხელმოწერილი მემუარი, სახელწოდებით „My Life on the Road“, რომელიც $52,8 ათასად გაიყიდა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის იურისპრუდენციის სახელმძღვანელო, რომელიც $44 ათასად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის ბიბლიოთეკის ჯამურმა ღირებულებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან, როგორც ირკვევა, თავდაპირველად, მთელი ლოტის ღირებულება $300-500 ათასად იყო შეფასებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული ლიტერატურის გარდა, რუთ ბეიდერ გინსბურგის ბიბლიოთეკაში კლასიკოსი მწერლების, მიგელ დე სერვანტესის, ლორენს სტერნის, ჯერომ სელინჯერისა და ვლადიმირ ნაბოკოვის წიგნებიც იყო.
„ადამიანის ბიბლიოთეკას ნათლად შეუძლია წარმოაჩინოს, თუ ვინ არის მისი მფლობელი და როგორ განვითარდა ის“, – განაცხადა Bonhams-ის სპეციალისტმა, ქეთრინ უილიამსონმა. „განსხვავებული არც მოსამართლე გინსბურგის ბიბლიოთეკაა, რადგან ის კარგად წარმოაჩენს მის ევოლუციას სტუდენტობიდან – იურისტობამდე, იურისტობიდან – სამართლის პროფესორობამდე, პროფესორობიდან – მოსამართლეობამდე და საბოლოოდ, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე“.
მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა, რა დროსაც ქალთა თავისუფლებისა და ზოგადად ლიბერალიზმის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
დატოვე კომენტარი