ბიჭები ბუშტში | OPENSEA

ბიჭები ბუშტში | OPENSEA

სტარტაპები სპეციალიზებული უნდა იყვნენ, მაგრამ OPENSEA-ს დამფუძნებლებმა წარმატებას ფართო და ღია ბაზრის აშენებით მიაღწიეს, რომელიც ყველა სახის NFT-ების (არაურთიერთმონაცვლე მონეტების) შექმნისა და ვაჭრობისთვის არსებობს, იქნება ეს ხელოვნება, მუსიკა თუ თამაშები. ახლა, როცა ისინი ასობით მილიონს ფლობენ და მზად არიან, მილიარდერები გახდნენ, მათ სხვა საზრუნავი გაუჩნდათ: კონკურენტები, თაღლითები და შემდეგი კრიპტოკრახი.

2020წლის მარტში, როდესაც Covid19-ის გავრცელება დაიწყო, OpenSea-ის დამფუძნებლებმა დევინ ფინცერმა და ალექს ატალამ სატელეფონო საუბარი გამართეს. მათმა ხუთკაციანმა სტარტაპმა ააგო პლატფორმა, რომელზეც მომხმარებლებს შეეძლოთ შეექმნათ, ეყიდათ და გაეყიდათ ყველა სახის NFT-ები – კომპიუტერული ფაილები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნებისა და მუსიკის მსგავსი უნიკალური ციფრული აქტივების მფლობელობის თვალყურისთვის ბლოკჩეინად ცნობილ სააღრიცხვო ჩანაწერში. თუმცა გაშვებიდან 26 თვის შემდეგ მათ მხოლოდ 4 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავდათ, რომლებიც აკეთებდნენ თვეში $1,1 მილიონის ტრანზაქციას, რაც (OpenSea-ის 2,5%-იანი გაყიდვების საკომისიოს გათვალისწინებით) უმნიშვნელო $28000-იან თვიურ შემოსავალს ნიშნავდა. NFTბაზარს ჰქონდა „მკვდარი შეგრძნება“, იხსენებს ტექნიკური დირექტორი ატალა, რომელიც მისი მშობლების კოლორადოს სახლის სარდაფიდან საუბრობდა, სადაც ის ნიუ-იორკის ჩაკეტვის შემდეგ სამუშაოდ წავიდა. კიდევ უფრო უარესი, Rare Bits-ს, პირდაპირ და უკეთ დაფინანსებულ კონკურენტს, ახალი გამოცხადებული ჰქონდა დახურვის შესახებ. წყვილმა მიზნად დაისახა, რაც უნდა დასჯდომოდა, წლის ბოლომდე ბიზნესი გაეორმაგებინა, რასაც სექტემბერში მიაღწია კიდეც.

საბოლოოდ, 2021 წლის თებერვალში, NFTბაზარი ძილქუშიდან გამოვიდა და სულ გადაირია. ივლისში Open-Sea-მ NFT-ვაჭრობაში $350 მილიონი დაამუშავა. იმავე თვეში, Andreessen Horowitz-ის ხელმძღვანელობით ჩატარებულ რაუნდში მან მოიზიდა ვენჩურული კაპიტალის $100 მილიონი $1,5 მილიარდის შეფასებით. აგვისტოში, როდესაც NFT-აჟიოტაჟმა (და შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშმა) ციებ-ცხელების დონეს მიაღწია, მოცულობა ათჯერ გაიზარდა და $3.4 მილიარდი შეადგინა – $85 მილიონი საკომისიოს მოულოდნელი მოგება OpenSeaსთვის ერთ თვეში, მაშინ როცა მას, სავარაუდოდ, $5 მილიონზე ნაკლები ხარჯი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემდეგი ტრანზაქციები თვეში დაახლოებით $2 მილიარდამდე შემცირდა, პლატფორმას ახლა 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ბაზრის დომინანტურ წილს ფლობს. ის 70-მდე თანამშრომელს ითვლის და კიდევ ათეულის, მათ შორის ძალიან საჭირო მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლების ძიებაშია.

ცოტა ხნის წინ საუბარი იყო ვენჩურული ინვესტიციის კიდევ ერთ რაუნდზე, რომლის შეფასებამაც შეიძლება $10 მილიარდს მიაღწიოს. თითოეულის 19%-იანი წილის მფლობელობით, 31 წლის აღმასრულებელი დირექტორი ფინცერი და 29 წლის ატალა (2022 წლის Forbes-ის 30 წლამდე დაჯილდოებული) სენტიმილიონერები არიან, კრიპტოვალუტის უახლესი მილიარდერებად გახდომის ზღვარზე.

მიუხედავად ამისა, ატალა თავმდაბალი იყო, როცა ნოემბერში, ნიუ-იორკში, ჩირაღდნის ნაცვლად ხელში კოქტეილის მქონე, თავისუფლების ქანდაკების 32-ფუტიანი ასლის გვერდით ჯდომისას, ახალ კიტჩურ რესტორან Margaritaville Resort Times Square-ში საუბრობდა. ის იქ მესამე ყოველწლიურ NFT.NYC-ის ყრილობაზე იმყოფებოდა, რომელიც ამაყობდა 5 500 რეგისტრირებული მონაწილითა და მომლოდინეთა 3 000-იანი სიით. ახალგაზრდა ენთუზიასტები სასტუმროში დადიოდნენ Bored Ape Yacht Clubის მაისურებით – მაიმუნებისადმი მიძღვნილი 10 000-ნაწილიანი NFT-ის კოლექციის აღსანიშნავად, რომელთა მფლობელებიც მას სოციალურ კლუბად, ასევე საკოლექციო ნიმუშად ან ინვესტიციად აღიქვამენ.

შეიძლება ითქვას, რომ თავმდაბლობა ფინცერისა და ატალას წარმატებული სტრატეგიის საფუძველი იყო. ზოგიერთმა მრჩეველმა მათ მოუწოდა, სპეციალიზებულიყვნენ NF-ნიშში მაგალითად, ხელოვნებაში, თამაშებში ან მუსიკაში. მაგრამ მათ კატეგორიის აგნოსტიკური პლატფორმის აშენება არჩიეს, რადგან არ მიაჩნდათ, რომ საკმარისად ზუსტად შეეძლოთ ეწინასწარმეტყველათ, თუ NFTის რომელი სახეობები მიაღწევდნენ მეტ პოპულარობას.

ფინცერის თქმით, ფართო ქსელის გაშლის გარდა, OpenSea უბრალოდ „სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნითა“ და მომხმარებელთა სურვილების მიმართ ყურადღების წყალობით აყვავდა. პლატფორმა NFT-ებს ეთერიუმზე და სხვა ბლოკჩეინებზე აკონტროლებს, ხოლო ყველა შესყიდვა კრიპტოვალუტაში ხორციელდება. გამყიდველებს შეუძლიათ, აირჩიონ ფიქსირებული ფასის ან აუქციონის ფორმატი. მხატვრებს შეუძლიათ, დაჯავშნონ თითოეული გადაყიდვის ფასის პროცენტი. საბოლოო ჯამში, ფინცერი ხედავს, რომ NFT-ის საკუთრების დადასტურების მოდელი მუშაობს ნებისმიერ რამეზე, კონცერტის ბილეთებიდან უძრავ ქონებამდე – ის, უბრალოდ, არ არის დარწმუნებული, რა როდის მიაღწევს წარმატებას. „მომავალთან დაკავშირებით მე ყოველთვის საკმაოდ პესიმისტური შეხედულება მქონდა“, – ამბობს ის.

უეცარი წარმატების მიუხედავად, OpenSea-ს დიდი და მრავალფეროვანი რისკები ემუქრება – თაღლითობიდან და NFT-ბაზრის კიდევ ერთი ვარდნიდან ახალ კონკურენციამდე. ოქტომბერში Coinbase-მა, ქვეყნის უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ და OpenSea-ის თავდაპირველმა ინვესტორმა, გამოაცხადა, რომ გახსნის საკუთარ NFT-ის თანაბარუფლებიანი კვანძების ქსელის ბაზარს. რამდენიმე კვირაში Coinbase-ს ჰქონდა 2,5 მილიონი რეგისტრაცია მომლოდინეთა სიაში, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა იწინასწარმეტყველა, რომ ახალი ბიზნესი „შეიძლება იყოს ისეთივე დიდი ან უფრო დიდი“, ვიდრე მისი ძირითადი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბიზნესია.

OpenSea-ის ღია ბაზრის მიდგომა ზრდის გაყალბების, მოტყუებისა და თაღლითობის რისკს – უბრალოდ, ჰკითხეთ Amazon-ს ან eBay-ს. მაგალითად, თაღლითს შეუძლია, სხვისი ხელოვნების ნიმუშის ასლი გაყიდოს NFT-ად OpenSea-ზე. ფინცერი ამბობს, რომ საიტი მუშაობს ავტომატიზებულ საშუალებებზე გაყალბებული ნიმუშების აღმოსაჩენისთვის და ჰყავს მოდერატორები, რომლებიც საეჭვო შეთავაზებებს იძიებენ. მიუხედავად ამისა, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ პრობლემების წარმოქმნა. სექტემბერში ფინცერმა მოითხოვა OpenSea-ის პროდუქტების ხელმძღვანელის გადადგომა მას შემდეგ, რაც Twitter-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს აღმასრულებელთან დაკავშირებული კრიპტოსაფულე, რომელიც ყიდულობდა NFT-ებს ცოტა ხნით ადრე, სანამ ისინი Open-Sea-ის მოძრავი ფასების მთავარ გვერდზე გამოჩნდებოდნენ – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, სავარაუდოდ, კონკურენციას უწევდა საკუთარი დამსაქმებლის გადაწყვეტილებებს.

თავმდაბლობის მიუხედავად, OpenSea-ის დამფუძნებლები ამბიციურობის ნაკლებობას არ უჩივიან. სან-ფრანცისკოს შემოგარენში ექიმი დედისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი მამის გაზრდილი ფინცერი ამბობს, რომ ჰარვარდის, სტენფორდის, პრინსტონისა და იელის უარები მძიმედ გადაიტანა (ის ბრაუნს დასჯერდა). Pinterest-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად ხანმოკლე მუშაობის შემდეგ მან 2015 წელს დააარსა თავისი პირველი სტარტაპი Claimdog-ი, რომელიც ერთი წლის შემდეგ Credit Karma-ს მიჰყიდა.

ბავშვობაში ატალა, კოლორადოში დაბადებული ირანელი ემიგრანტების ვაჟი, ამზადებდა ცხრილებს ყველანაირი ატრიბუტების შესადარებლად – ფრინველებიდან ბრაუზერებამდე. სტენფორდის დამთავრების შემდეგ ის პროგრამისტად მუშაობდა, სანამ ფინცერთან გაერთიანდებოდა. 2018 წლის იანვარში ისინი შევიდნენ Y Combinator-ის სტარტაპ-აქსელერატორში იმ იდეით, რომ Wi-Fi-ის გასაზიარებლად მომხმარებლებს კრიპტოვალუტა გადაეხადათ. მაგრამ იმ მომენტში საზოგადოების ყურადღება დაიპყრო CryptoKitties-მა – ვირტუალური კატების მხიარულმა გამოსახულებამ, რომელთა კუთვნილების ჩანაწერებიც ციფრულად იყო დატანილი Ethereum-ის ბლოკჩეინზე. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად არ აინტერესებთ კრიპტო, მოულოდნელად დაინტერესდნენ მისით, მონეტის ყიდვა-გაყიდვის მიღმა, სხვა მიზეზების გამო. მე მეგონა, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო”, – ამბობს ატალა. ისინი სწრაფად გადავიდნენ OpenSea-ში და მოგვიანებით ოპერაცია ნიუ-იორკში გადაიტანეს.

Beanie Babies-ის მსგავსად, CryptoKitties-ი უსარგებლო აღმოჩნდა საინვესტიციო კლასის საკოლექციო ნივთებად გადასაქცევად – მიწოდება ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ მათი უმეტესობა ძვირფასი ყოფილიყო. 2018 წლის დასაწყისში გაზრდის შემდეგ, როგორც კრიპტოვალუტის, ისე NFT-ების მიმართ ინტერესი გაქრა.

ის, რამაც ბაზარი 2021 წლის დასაწყისში გამოაფხიზლა, არ იყო OpenSea-ის დამსახურება. ამის ნაცვლად, პლატფორმებმა, როგორიცაა მილიარდერი ვინკელვოსის ტყუპების Nifty Gateway, ყურადღება მიიპყრო პროფესიონალურად შერჩეული, მაღალი ხარისხის ხელოვნებით. გასულ მარტს Christie’s-მა აუქციონზე 69 მილიონ დოლარად გამოიტანა ციფრული მხატვრის, ბიპლის NFT „ყოველდღიურობა: პირველი 5 000 დღე“. ეს მესამე ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც ოდესმე გადაუხდიათ ცოცხალი ხელოვანის ნამუშევრისთვის.

NFT-ებში ასახული თვალისმომჭრელი ფასების გამო, უფრო და უფრო მეტმა რიგითმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მათაც სურდათ, გამხდარიყვნენ შემქმნელები, კოლექციონერები ან სპეკულანტები და მიმართეს OpenSea-ს, მისი „ყველას-შეუძლიაიყოს-ხელოვანი“-ფილოსოფიით, ჩაშენებული მეორეული ბაზრითა და მოსახერხებელი ფუნქციებით. მაგალითად, საიტს აქვს მოწინავე ფილტრაციის სისტემა, რომლითაც მომხმარებლებს NFT-ების მოძებნა შეუძლიათ უიშვიათესი და თეორიულად ყველაზე ღირებული ატრიბუტებით. (მხოლოდ 46 Bored Ape-ს აქვს ხშირი ოქროს ბეწვი და ისინი ძვირად ფასობს.) როდესაც ახალი NFT იქმნება და ჩაიწერება ეთერიუმზე, საიტი ავტომატურად ხსნის ვებგვერდს და მას გვიჩვენებს – სასიამოვნო ფუნქციაა, გამომდინარე იქიდან, რომ NFT-სტატუსის სიმბოლო გახდა. ადამიანები აზიარებენ თავიანთ OpenSea-გვერდებს და ცვლიან Twitter-ის პროფილის სურათებს მათ მფლობელობაში არსებული NFT-ებით. „ეს იქცა წრიული უკუკავშირის წრედად, რომელსაც ამოძრავებს შური და სურვილი. და OpenSea-მ ნამდვილად დაიპყრო ეს ბაზარი“, – ამბობს რიჩარდ ჩენი, ვენჩურული კაპიტალის ფირმა 1Confirmation-ის პარტნიორი და OpenSea-ის ადრეული ინვესტორი.

27 წლის დანიმ, ჯორჯიაში მცხოვრებმა ყოფილმა დიზაინერმა, $17,000-ის ინვესტიცია ისეთ NFT-ებში, როგორიცაა World of Women-ი, $715,000- ის პორტფელად აქცია. AJ-მა, 37 წლის ყოფილმა გეიმინგის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩრდილოეთ კაროლინიდან, $10,000-ზე ნაკლები ჩადო NFT-ებში და ახლა თავის ციფრულ აქტივებს $1.3 მილიონად აფასებს. მან ცოტა ხნის წინ დაარწმუნა თავისი გასტროენტეროლოგი ძმა, რომ დაეწყო NFT-ების ყიდვა. ძმამ, თავის მხრივ, საკუთარი მეგობრები ჩაითრია. „ახლა კოლონოსკოპიის სეანსის შემდეგ ტელეფონებს ამოწმებენ ახალი NFT-ებისთვის“, – ამბობს AJ.

ეს საპნის ბუშტს ჰგავს, გასაგებია, და აჩენს კითხვას, თუ როგორ იმუშავებს OpenSea, თუ ის გასკდება. ფინცერი პასუხობს: „ჩვენ გვაქვს დიდი რაოდენობის სადაზღვევო ბალიში იმ შემთხვევაში, თუ გამოზამთრება დაგვჭირდა“.

 

ფოტოები: საშა მასლოვი Forbes-ისთვის

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *