მწვანე ტაქსონომია ევროკავშირში გასულ კვირასაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. წევრ სახელმწიფოებს შორის დებატები კლავ არ წყდება, ამჯერად ოფიციალური წერილით ორგანიზაციას აქტივისტებმა მიმართეს და ბიოენერგიისთვის მწვანე ეტიკეტის მინიჭების წესდების გადახედვა მოითხოვეს. ამის პარალელურად კი წინ ჩინეთი მიიწევს, რომელიც მსოფლიოში წყალბადის ელექტროლიზის ერთ-ერთ უდიდეს ქარხანას და „ნახშირბადის დამჭერ“ ობიექტს ააქტიურებს.
ამ ყველაფერთან ერთად უკვე გასაკვირიც აღარაა იმ ინვესტიციების მოცულობა, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები ელექტრომობილების განვითარებაში აბანდებენ, თავის მხრივ, გარემოზე ზრუნვას მოდის ინდუსტრიაც აგრძელებს, რაც ემისიების შემცირებით და ცხოველური ბეწვის აკრძალვით გამოიხატება.
საინტერესო ახალი კვლევაც აღმოჩნდა, რომელმაც კლიმატური ცვლილებები მოსახლეობაში შფოთვის ზრდის მიზეზად დაასახელა. გასული კვირის ეს და სხვა მთავარი სიახლეები Forbes Green-მა გააერთიანა:
აქტივისტები ევროკავშირის მწვანე ტაქსონომიის წინააღმდეგ ბრძოლას ააქტიურებენ
კლიმატური კამპანიის აქტივისტები ევროკავშირის მწვანე ტაქსონომიის წინააღმდეგ, რომელიც ბიოენერგიასა და ბიოდაფუძნებულ პლასტმასასა და ქიმიკატებში ინვესტიციებისთვის მწვანე ეტიკეტის მინიჭებას ითვალისწინებს, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ. ევროკავშირის მდგრადი ფინანსური ტაქსონომიით, ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ინვესტორების მიერ გამოყოფილი თანხა დაბალი შემცველობის ნახშირბადის პროექტებს მოხმარდება.
გარემოსდაცვითი სამართლის საქველმოქმედო ორგანიზაცია ClientEarth-მა ოფიციალური თხოვნით მიმართა ევროკომისიას, გადაეხედა წესებისთვის, რომლებიც ბიოენერგეტიკული ინვესტიციისთვის მდგრადი სტატუსის მინიჭებას შეეხება. მათივე განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა უნდა ეფუძნებოდეს, თუმცა წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ტაქსონომიასთან. ბიოენერგიის საინვესტიციო წესები, რომლებიც იანვარში შევიდა ძალაში, ხის ან სხვა სახის ბიომასის წვის შედეგად მიიღება, რაც, კრიტიკოსების აზრით, CO2-ის გამოყოფასა და ტყეების განადგურებას გამოიწვევს. ცნობისთვის, ევროკავშირის ენერგიის დაახლოებით 10% ბიოენერგიით იწარმოება.
რაც შეეხება ევროკავშირის ხედვას, ორგანიზაცია ბიოენერგიას განახლებად რესურსად განიხილავს და აცხადებს, რომ მცენარეებისა და ხეების ზრდისას CO2-ის შთანთქმა ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებს წვის დროს გამოყოფილი ნახშირბადის მაჩვენებელს. გარდა ამისა, ბიომასა, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში გამოიყენება, უნდა შეესაბამებოდეს მდგრადობის კრიტერიუმებს ძველი ტყეებისა და საცხოვრებელი არეალის დასაცავად.
ევროკომისიას 16 კვირა აქვს მოთხოვნაზე პასუხის დასაბრუნებლად, ამის შემდგომ კი კამპანიის მონაწილეებს საჩივრით მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა შეეძლებათ. ClientEarth-ი ბიოდაფუძნებული პლასტმასისა და გარკვეული ქიმიკატებისთვის, როგორიცაა ეთილები და პროპილენი, მწვანე ეტიკეტის მინიჭების საკითხსაც უპირისპირდება. კლიმატის დამცველების განცხადებით, ისინი ძირითადად წიაღისეული საწვავისგან მიიღება და ერთჯერადი პლასტმასის დასამზადებლად გამოიყენება, რაც ბუნების დაბინძურების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.
Shell: ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დანადგარი ამოქმედდა
ენერგოგიგანტის, Shell-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩინეთში 20 მეგავატი სიმძლავრის მქონე წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა დანადგარმა დაიწყო ფუნქციონირება. ჩინეთში, ჰებეის პროვინციაში მდებარე დანადგარი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს საწვავზე მომუშავე ავტომობილებს მწვანე წყალბადით მოამარაგებს. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ კი ის უკვე კომერციული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიზნებისათვის იფუნქციონირებს.
Shell-ის განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკული გადაწყვეტების დირექტორის განცხადებით, წყალბადის ელექტროლიზის აპარატი დღემდე არსებულთა შორის მათ პორტფოლიოში ყველაზე დიდია. მისი ინფორმაციით, კომპანია ჩინეთში წყალბადის წარმოების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების უდიდეს შესაძლებლობას ხედავს, რასაც აუცილებლად აითვისებენ.
საწარმო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული წყალბადის ელექტროლიზის დანადგარი, Shell-ისა და ჰებეის პროვინციაში მდებარე ქალაქის სატრანსპორტო კონსტრუქციების საინვესტიციო ჰოლდინგის ერთობლივი ნაწარმია.
ცნობისათვის, წყალბადის გამოყენება უამრავ ინდუსტრიაშია შესაძლებელი. მრავალი გზა არსებობს წყალბადის საწარმოებლადაც. ერთი-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი კი ელექტროლიზია, რომლის დროსაც ელექტრული დენის დახმარებით, წყალი ჟანგბადად და წყალბადად იყოფა. ხოლო, თუკი ის ელექტროენერგია, რომელიც ელექტროლიზისათვის გამოიყენება, თავადვე განახლებადი ენერგიის წყაროს წარმოადგენს, მაშინ მიღებულ პროდუქტს მწვანე წყალბადი ეწოდება. ზემოთ აღნიშნული წყალბადის ელექტროლიზის დანადგარი კი ელექტროლიზის პროცესში ქარის ენერგიისაგან მიღებულ ელექტროენერგიას გამოიყენებს.
ცნობისათვის, ბოლო დროს არაერთმა ინდუსტრიამ გამოთქვა მზაობა წყალბადის საწვავად გამოყენების თაობაზე.
ამას გარდა კი ჩინეთის უმსხვილესი ნავთობგადმმუშავებელი კომპანია Sinopec-მა ქვეყანაში პირველ, „ნახშირბადის დამჭერ“ მეგატონური მასშტაბის პროექტზე მუშაობა დაასრულა. სავარაუდოდ, პროექტი ნახშირორჟანგის გამოყოფას წელიწადში 1 მილიონი ტონით შეამცირებს, რაც დაახლოებით 9 მილიონი ხის დარგვის ტოლფასია.
პროექტზე ერთობლივად Sinopec-ის ორი შვილობილი კომპანია, Sinopec Qilu Petrochemical Company და Sinopec Shengli Oilfield-ი მუშაობდა. ნახშირბადის დაჭერის, გამოყენებისა და შენახვის ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში. პროცესი ნახშირორჟანგს წარმოების მიმდინარეობისას „იჭერს“ და შემდეგ ან ხელახლა იყენებს მას, ან ინახავს. ჩინეთს სურს, რომ ნახშირორჟანგის ემისიის პიკს 2030 წლისთვის, ნახშირბადნეიტრალიტეტს კი 2060 წლისთვის მიაღწიოს.
ჩინეთი არგენტინაში ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა China National Nuclear Corp-მა (CNNC) არგენტინაში, $8-მილიარდიანი ღირებულების ატომური ელექტროსადგურის, Atucha III-ის აშენებაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა. CNNC-ის განცხადებით, საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო კონტრაქტი არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის ჩინეთში ვიზიტამდე გაფორმდა.
არგენტინის მთავრობის განცხადებით, სამშენებლო პროექტი ინჟინერიის, მშენებლობის, შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, ასევე HPR-1000-ის ტიპის რეაქტორის მიწოდებისთვის, $8-მილიარდიან ინვესტირებას ითვალისწინებს. Atucha III-ის ელექტროსადგური ჩინეთის Hualong One-ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება, რაც წლების განმავლობაში შეჩერებულ გარიგებას აღადგენს. ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეთანხმების პროცესი ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდესის ადმინისტრაციის მიერ პირველი განხილვისას შეფერხდა.
Atucha III-ის ატომური ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 1,200 მეგავატი, საწყისი სარგებლობის ვადა კი60 წელი იქნება, რაც ეროვნული ბირთვული სიმძლავრეების გაფართოების საშუალებას იძლევა. არსებული გეგმით, მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და რეაქტორი ბუენოს-აირესის პროვინციის ქალაქ ლიმაში დამონტაჟდება. დამატებითი დეტალები ელექტროსადგურის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ჩინეთმა Hualong One, ატომური რეაქტორის ელექტროსადგურის წყლის წნევის მესამე თაობის ტექნოლოგია, Westinghouse-ის AP1000-თან და ევროპის Evolutionary Pressurised Reactor-ის ტექნოლოგიასთან კონკურენციისთვის შეიმუშავა. ჩინეთმა Hualong One-რეაქტორი ექსპლუატაციაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ფუჯიანში უკვე ჩაუშვა. არგენტინის პროექტი კი რიგით მეორე იქნება, პაკისტანის შემდგომ, რომელსაც ჩინეთი Hualong One-ტექნოლოგიის გამოყენებით საზღვრებს გარეთ აწარმოებს.
ელექტრომობილების წარმოებაში ინვესტირებების მოცულობა იზრდება
Renault-სა და Nissan-ის ფრანგულ-იაპონური ავტოალიანსი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების ტექნოლოგიაში €23 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ალიანსი, რომელიც იაპონურ ავტომწარმოებელ Mitsubishi Motors Corp-საც მოიცავს, კვლევების, ტექნოლოგიისა და ავტონაწილების გაზიარებით, 2030 წლისთვის, 35 ახალი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, რომლებიც მსოფლიო ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
მიზნების მისაღწევად, ალიანსის განცხადებით, 2026 წლისთვის, საერთო პლატფორმებზე თანამშრომლობა და მისი მოდელების წარმოება 60%-დან 80%-მდე გაიზრდება. ალიანსმა პირობა დადო, რომ მოდელების უმეტესობისთვის ხუთი საერთო საწარმოო პლატფორმის გამოყენებით, რომელთაგანაც მეხუთე, ახალი პლატფორმა, არსებულ ოთხს 2024 წლისთვის დაემატება, გააძლიერებს კოოპერაციას და თავის EV-სტრატეგიისთვის €23 მილიარდს გამოყოფს. გარდა ამისა, სამეულის განცხადებით, ათწლეულის ბოლომდე EV-ბატარეის სიმძლავრე 220 გიგავატ/საათამდე გაიზრდება.
დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას კი, ელექტრომობილების განვითარებაში, Ford Motor Co გეგმავს. ანგარიშის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $10-დან $20 მილიარდამდე ინვესტიცია, მთელ მსოფლიოში, Ford-ის არსებული ქარხნების ელექტრომობილების წარმოებაზე გადაყვანას მოხმარდება.
„Ford+“ -ის გეგმის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებსა და ბატარეის განვითარებაზე $30 მილიარდზე მეტის დახარჯვის პირობა დადო. ახალი გეგმა ასევე იმ ინჟინრების დაუზუსტებელ რაოდენობას მოიცავს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და EV-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე იმუშავებენ, რაც ავტოინდუსტრიაში ციფრული კავშირისა და პროგრამული უზრუნველყოფის მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
Dolce&Gabbana ცხოველის ბეწვის გამოყენებას შეწყვეტს
2022 წლიდან, Dolce&Gabbana საკუთარ კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს, – ამის შესახებ წამყვანმა იტალიურმა მოდის სახლმა Facebook-ზე დაწერა. თუმცა, ამასთანავე, იტალიური მოდის გიგანტი პროფესიონალ ბეწვეულის მწარმოებლებთან მუშაობას კვლავაც გააგრძელებს, რათა მათ ეკომეგობრული ბეწვისა და აქსესუარების წარმოებაზე გადასვლაში დაეხმაროს.
“Dolce&Gabbana-ში უფრო მდგრადი მომავლის შექმნა გვსურს, რომელშიც ნატურალურ ცხოველურ ბეწვს ადგილი არ ექნება. მთელ მოდის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და წავახალისოთ – ამისთვის ჩვენს კოლექციებში ინოვაციურ მასალებს გამოვიყენებთ და ეკომეგობრულ საწარმოო პროცესებს დავნერგავთ, მაგრამ, ამავდროულად, ბეწვზე მომუშავე ხელოსნებს სამსახურსა და ცოდნას შევუნარჩუნებთ“, – განაცხადა Dolce&Gabbana-ს კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ოფიცერმა, ფედელე უსაიმ.
„ძლიერ გვახარებს, რომ Dolce&Gabbana ბეწვთან დაკავშირებული სისასტიკეს წინ აღუდგა და უფრო ჰუმანურ და ინოვაციურ მასალებზე გადაერთო. სამყარო იცვლება და Dolce&Gabbana-ს მსგავსი ბრენდებიც მომხმარებლის ახალ გემოვნებას ერგებიან – მათ სურთ, რომ კომპანიები წინ აღუდგნენ ცხოველების მიმართ არსებულ სისასტიკეს და იმგვარ ინოვაციებზე იმუშაონ, რომლებიც უფრო მდგრად მომავალს შექმნის“, – განაცხადა Fur Free Alliance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჟო ვინდინგმა.
New Look-ი „კლიმატურად პოზიტიური“ 2040 წლისთვის გახდება
New Look-მა მდგრადობის განახლებული სტრატეგია წარადგინა, რომელიც “Kind to Our Core-ინიციატივის ნაწილია და 2040 წლისთვის ბრენდის მიერ „კლიმატური პოზიტიურობის“ მიღწევას ითვალისწინებს. ახალი სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისთვის სათბური აირების ემისია ტანსაცმლის მსხვილი მწარმოებლის პროდუქციიდან განახევრდება.
კლიმატური პოზიტიურობის ვალდებულება New Look-ის მხრიდან მიზნად ისახავს გარემოზე მოქმედი რიგი ფაქტორების შემცირებას – შეფუთვებით დაწყებული, ემისიებისა და წყლის მოხმარების შემცირებით დასრულებული. ამჟამად კომპანიას სურს, მის მიერ გამოყენებული ბამბის 100%, 2022 წლისთვის გადამუშავებული ან ორგანული იყოს, ხოლო 2023 წლამდე 100%-ით მდგრადი ვისკოზის გამოყენება დაიწყოს.
2023 წლისთვის საცალო ვაჭრობის ქსელი ასევე განახორციელებს ნახშირბადის ემისიების შემცირებასთან დაკავშირებულ მიზნებს, რომლებიც მეცნიერთა კვლევებზე დაფუძნებული ინიციატივის შესაბამისი იქნება. New Look-ის პროგნოზით, კომპანია 2024 წლისთვის თავისი მიზნების რატიფიცირებას მიაღწევს.
2019 წელს New Look-ი იმ საცალო ვაჭრობის ჯგუფის ნაწილი გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა Changing Markets Foundation-ის შეთანხმებას მდგრადი ვისკოზის მოპოვებისა და გამოყენების თაობაზე გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. გასულ წელს შეთანხმებას Inditex-ი, ASOS-ი, H&M Group-ი, Tesco, Marks & Spencer-ი (M&S), Esprit-ი, C&A და Next-ი შეუერთდნენ. მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება 2023-2025 წლებში გარემოს დამაბინძურებელი ვისკოზის წარმოების სამუდამოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კვლევა: ექსტრემალური ამინდი მოსახლეობაში შფოთვის ზრდას იწვევს
ახალი კვლევით დადასტურდა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მოვლენებსა და ადამიანებში გაზრდილ შფოთვას შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირი იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა კვლევები, რომლებიც კლიმატის ცვლილების გავლენას შფოთვის საერთო მიზეზებში ასახელებდა, ამ შემთხვევაში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილებების ალიანსმა კონკრეტული ამინდის მოვლენებით გამოწვეული შფოთვის ზრდა შეისწავლეს.
ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა) მეცნიერებმა 850-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს იმ მასიური სიცხეების დადგომამდე და შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში ქვეყანას რომ დაატყდა თავს. გასული წლის 25 ივნისიდან 1 ივლისამდე მაღალმა ტემპერატურულმა ტალღამ, ე.წ. „სითბოს გუმბათმა“, კანადაში რეკორდული ტემპერატურა 49,6˚C დააფიქსირა, რამაც მხოლოდ ბრიტანეთის კოლუმბიაში 750-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სიცხე იმდენად ინტენსიური იყო, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურაც კი დააზიანა, გამოიწვია დენის კაბელებისა და მანქანის ფანჯრების დნობა.
ორგანიზაციამ კვლევის პროცესში ადამიანთა დამოკიდებულება კლიმატური ცვლილებების მიმართ „სითბოს გუმბათამდე“ და მის შემდგომ შეისწავლეს. საინტერესო ცვლილებები დაფიქსირდა იმ კატეგორიის ადამიანებში, რომლებიც კლიმატურ ცვლილებას პირად პრობლემად ადრე არ აღიქვამდა. „სითბოს გუმბათის“ დაწყებამდე თუ ადამიანების 31,7%-ს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნდა, რომ კლიმატის ცვლილებების გამო მათი რეგიონი განადგურდებოდა, ცხელი ზაფხულის მერე ეს მაჩვენებელი 15,8%-მდე დაეცა. და ანალოგიურად, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 17,5% თვლიდა, რომ რეგიონის განადგურების შანსი კლიმატური ცვლილებების შემდგომ საკმაოდ მაღალი იყო, ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა ხანში, 29,8%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, „სითბოს გუმბათის“ მოვლენების შემდგომ, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ „ახლა უფრო მეტად აწუხებდათ კლიმატური ცვლილების საკითხი“.
ამ შემთხვევაში ორგანიზაციამ შედეგები რეალურ დროში მიიღო, რითაც ხაზი გაესვა ფაქტს, რომ კლიმატთან დაკავშირებული შფოთვა ადამიანებში სავარაუდოდ მაშინ იზრდება, როდესაც ისინი რეალურად, საკუთარ თავზე გამოცდიან მეცნიერების მიერ ნაწინასწარმეტყველებ არასასურველ ამინდს. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ათ ქვეყანაში გამოკითხული ახალგაზრდების 75% თვლის, რომ „მომავალი საშიშია“, 59%-ს კი კლიმატური ცვლილებები „ძალიან აწუხებს“.
დატოვე კომენტარი