რამდენი დაუჯდა ჩინეთს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა?

რამდენი დაუჯდა ჩინეთს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა?

ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბიუჯეტი 3.9 მილიარდი აშშ დოლარია, რაც წინა წლებში ოლიმპიური თამაშების გასამართად დახარჯული ერთ-ერთი ყველაზე მცირე თანხაა. ამერიკულმა გამოცემა Insider-მა გასაჯაროებულ მონაცემებში ეჭვი შეიტანა და დამოუკიდებელი მოკვლევის საფუძველზე ივარაუდა,  რომ აზიურ სახელმწიფოს წლევანდელი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა, სულ ცოტა, 10-ჯერ მეტი, 38.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდებოდა. ცნობისთვის, თავდაპირველად ჩინეთმა ღონისძიების ჩასატარებლად 1.6 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

Insider-მა აღმოაჩინა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯი არ არის გათვალისწინებული. მათ შორის ერთ-ერთი – ახალი საციგურაო მოედნის ბიუჯეტია. ამ უკანასკნელს ეროვნული საციგურაო ოვალის, ასევე „ყინულის ლენტის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ. მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდა და, 2017 წლის მონაცემებით, მთავრობას 186.6 მილიონი აშშ დოლარი უნდა დასჯდომოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის აშენებული რამდენიმე ნაგებობა გადააკეთა, რისთვის დახარჯული თანხის რაოდენობაც უცნობია.

ჩინეთმა პეკინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე იანცინის რაიონში მოაწყო სამთო-სათხილამურო ცენტრი, ასევე ოლიმპიური სოფელი, რომელიც 1,400-მდე სპორტსმენსა და ოფიციალურ პირს იტევს. რაც შეეხება მეორე ოლიმპიურ სოფელს, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, იქ დაახლოებით 2,300 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. 2019 წლის მონაცემებით, მისი მშენებლობა 3.16 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.

ქვეყანამ დაახლოებით 442.9 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა იანცინში ბობსლეით, სკელეტონით, ციგითა და თხილამურებით დასაშვები ტრასების მოსაწყობად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რაიონის განვითარებისთვის ორმა ათეულმა უცნობმა კორპორაციამ დამატებით 514.1 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.

აზიურ სახელმწიფოს 5.18 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა მოუწია 50 სამშენებლო პროექტისთვის „პეკინის კარიბჭის“ სახელით ცნობილ ქალაქ ჯანჯიაკოუში, რომელიც ოლიმპიურ ლოკაციებს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტია მესამე ოლიმპიური სოფელი, სადაც დამატებით 2,640 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ ასევე შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი ადგილებიცაა მოწყობილი.

ჩინეთს თანხის გამოყოფა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებისთვისაც დასჭირდა. მან გააუმჯობესა ჯანჯიაკოუში მდებარე აეროპორტი, რისთვისაც 205.6 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ოლიმპიური ადგილების დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალების მშენებლობა კი სახელმწიფოს 15.02 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მეტროს ხაზის მშენებლობა, რომელიც სპეციალურად ღონისძიებისთვის შეიქმნა, 773.5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ჩინეთმა ასევე დახარჯა 9.2 მილიარდი აშშ დოლარი ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი ზესწრაფი მატარებლისთვის, რომელსაც ჯანჯიაკოუდან პეკინში მგზავრები 50 წუთში ჩაჰყავს. შედეგად მგზავრობის დრო დაახლოებით სამი საათით შემცირდა.

გარდა ამისა, Insider-ის გამოთვლით, ღონისძიების ორგანიზებისა და მუშახელის ხარჯები საერთო ჯამში 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ფოტო: Cheryl Teh

2015 წელს ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ქვეყანა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის გაღებულ თანხებს ოლიმპიურ სოფლებში არსებული საცხოვრებლების კომერციულ სახლებად გადაკეთებით აანაზღაურებდა. ასევე ცნობილია, რომ თანხის ანაზღაურებას სახელმწიფო ძირითადი ინფრასტრუქტურული ნაგებობების განმეორებითი გამოყენების შედეგად გეგმავს. ჩინეთი მათი დახმარებით რეგიონში ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციასა და განვითარებასაც აპირებს.

Insider-ის განცხადებით, ჩინეთს ანგარიშში ასევე უნდა შეეტანა წყლის ტრანსპორტირების ხარჯები, რომელიც ხელოვნური თოვლის დასამზადებლად გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პეკინსა და უფრო ჩრდილოეთით, გობის უდაბნოსთან მიახლოებასთან ერთად ტერიტორია თანდათან უფრო მშრალია. ამის გამო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის წყალი სამხრეთ ჩინეთიდან გადააქვთ.

ჩინეთმა ანგარიშში არ შეიტანა, თუ რამდენი დახარჯა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებზე. მათ შორის რობოტებზე, რომლებსაც დისტანციის შენარჩუნებისა და კონტაქტის შესამცირებლად სტუმრებისთვის საკვები მიაქვთ. აღსანიშნავია, რომ რობოტებს ასევე იყენებენ იატაკების დეზინფექციისათვის და ვიზიტორებისთვის მითითებების მისაცემად. დამატებითი ხარჯების გაღება იქნებოდა საჭირო კოვიდტესტებისთვის და საკარანტინე ზომების მისაღებად.

Insider-ი ვარაუდობს, რომ ჩინეთმა ბიუჯეტში კიდევ ბევრი ხარჯი არ ასახა. თუ გამოცემის ცნობებს დავეყრდნობით, აზიური სახელმწიფოს მიერ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად დახარჯული თანხა დიდად არ ჩამოუვარდება 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბიუჯეტს. მაშინ ჩინეთმა 42 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *