მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში, ესპანური საფეხბურთო გრანდი, Barcelona ახალი სასპონსორო ხელშეკრულების შესახებ განაცხადებს – პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბის ახალი სპონსორი სტრიმინგის შვედური გიგანტი, Spotify-ი იქნება, რაშიც კომპანია €280 მილიონს გადაიხდის. გარიგების შედეგად, Spotify Barcelona-ს კაცთა და ქალთა გუნდების მთავარი სპონსორი გახდება, კომპანიის ლოგო გუნდების მაისურებზე გამოისახება და ამასთანავე, Barcelona-ს ლეგენდარულ სტადიონის, Camp Nou-ს სახელწოდება შეიცვლება და მას „Camp Nou Spotify“ დაექმევა.
ახალი სასპონსორო ხელშეკრულება ძალაში ამა წლის ზაფხულიდან, მას მერე შევა, რაც Barcelona-ს წინა სპონსორებთან, მათ შორის Rakuten-თან და Beko-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა ამოიწურება. ცნობისთვის, მაისურზე საკუთარი ლოგოს დატანისთვის, Rakuten-ი Barcelona-ს წელიწადში €55 მილიონს უხდიდა.
აღსანიშნავია, რომ Barcelona-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ფერან რევერტერმა თანამდებობა დატოვა – The Guardian-ის თქმით, მისი წასვლა სწორედ Spotify-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ რევერტერის გადადგომის ოფიციალურ მოტივად ოჯახური მიზეზები დასახელდა, ესპანური მედია ამტკიცებს, რომ კლუბის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა თანამდებობა კლუბის პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან არსებული უთანხმოების გამო დატოვა – როგორც ჩანს, მას Spotify-სთან ხელშეკრულების გაფორმება არ სურდა.
დატოვე კომენტარი