PS-ის შეთავაზება ინვესტორებს - რისთვის გვინდა მილიონები?

PS-ის შეთავაზება ინვესტორებს - რისთვის გვინდა მილიონები?

კომპანია Procurement Solutions-ი პირველი იყო, ვინც 2021 წელს შესყიდვების სერვისის აუტსორსი დანერგა და კომპანიებს შესთავაზა. დღეს კი ის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიას 2022 წლისთვის მასშტაბური გეგმები აქვს. მიმდინარე პროექტების, საინვესტიციო შეთავაზებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ PS-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გივი ლომიძე საუბრობს:

განვითარების რა ეტაპზეა დღეს Procurement Solutions-ი?

ჩვენი კომპანია ჩვენნაირია: გაბედული, თამამი და ნოვატორული. ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ სამსახურიდან წამოსვლა და ბიზნესის დაწყება, როდესაც პანდემია და მისგან გამომდინარე ეკონომიკური უძრაობა ყველაზე მეტად მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში. ყოველთვიური დიდი საბანკო ვალდებულებებისა და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიუხედავად გადავწყვიტეთ, სამსახურიდან წამოვსულიყავით და ბიზნესის კეთება დაგვეწყო. ჯერ ნათხოვარ ოფისში ვიყავით, შემდეგ პატარა ოფისი ვიქირავეთ შედარებით დაბალ ფასად, ახლა უკვე თავს უფლება მივეცით, სამუშაოდ  ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ადგილას, ვაკის პარკთან მდებარე საკმაოდ კარგ ოფისში გადავსულიყავით. სტუმრები ხშირად მეკითხებიან, რად გინდა ამხელა ოფისიო და ჩემი პასუხია, რომ დიდ სივრცეში თავს კარგად ვგრძნობ და დიდი საქმეების კეთების იდეებიც ამ დროს მომდის.

ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია ათამდე პროფესიონალისგან შედგება, მათგან ზოგიერთი ჩემი გუნდის ძირითადი წევრია, სხვები კი კონკრეტული პროექტების ფარგლებში არიან ჩართულები, თავიანთი საკმაოდ მაღალი თანამდებობის სამსახურის პარალელურად. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე ადამიანის კოლაბორაცია დისტანციურად მოხდეს.

რა გამოცდილება გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს შესყიდვებში? უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ გუნდის შესახებ…

მე და ჩემს გუნდს გვაქვს 15 +  წლიანი გამოცდილება შესყიდვებში. ზუსტად 17 წლის წინ, მუშაობა რომ დავიწყე, 17 წლის ვიყავი. მაშინ არც დიპლომი მქონდა, არც სამხედრო ბილეთი და, კანონმდებლობის მიხედვით, 21 წლამდე არ შეიძლებოდა იმ ადგილას მუშაობა, მაგრამ რაღაცნაირად გამიმართლა. მას  შემდეგ 14  სამსახური გამოვიცვალე: თავიდან სახელმწიფო მოხელე ვიყავი, შემდეგ – დაქირავებული თანამშრომელი, ნახევრად პარტნიორი და ბოლოს 2020 წლიდან ჩვენი თავი ჩვენ თვითონ გვეკუთვნის. ფაქტობრივად, განვითარების ყველა საფეხური გავიარე, რაც, ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთების დროს.

თავიდან დავიწყეთ შედარებით დაბალბიუჯეტიან ტენდერებში მონაწილეობა, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ იმ ტენდერში, სადაც სავარაუდო ღირებულებაც დაბალია და ინტელექტუალურადაც ადვილი შესასრულებელია, საკმაოდ დიდი კონკურენციაა და დიდ სარგებელს ვერ ნახავ. ამ ეტაპზე გადართული ვართ პროექტებზე, სადაც სავარაუდო ღირებულება აღემატება მილიონ ლარს და საქონლის სპეციფიკიდან და ტენდერის სხვა პირობებიდან გამომდინარე, ბევრ კომპანიას უჭირს პროექტის შესრულება როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალურად. ჩვენი გუნდი ბოლო 10 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდით სხვადასხვა კერძო თუ სახელწიფო სამსახურის შესყიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებას, სადაც წლიური შესყიდვები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ხოლო წლიური ბიუჯეტი  50 მლნ ლარს აღემატებოდა.

რის მიხედვით ხდება პროექტის შერჩევა?

რაც უფრო რთულად გამოიყურება თავიდან პროექტი, მით უფრო საინტერესოა ის ჩვენთვის. ჩვენი კომპანიაც ხომ ჩვენნაირია და თავისი ხასიათით და ხედვით არის გამორჩეული: ჩვენთვის არ არსებობს გაუკეთებელი საქმე, უშოვნელი საქონელი, ვერმოძიებული სერვისი თუ მომწოდებელი. თავიდან, ერთი  შეხედვით, თითქოს არანაირი შანსი არ გვაქვს ხოლმე პროექტის შესრულების, მაგრამ მაინც ვიწყებთ მუშაობას და პროცესში იმდენი საინტერესო რაღაც ხდება, რომ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. მე მათემატიკური სკოლა და უმაღლესი მაქვს დამთავრებული და ჩემთვის  რთული პროექტის შესრულება რაღაცნაირად ასოცირდება ბავშვობაში სკოლაში ან ოლიმპიადაზე ამოხსნილ რთულ ამოცანასთან, რაც, ერთი მხრივ, ბავშვობაში მაბრუნებს და მეორე მხრივ მგვრის ძალიან დიდ სიამოვნებას და ამ ქვეყანაზეც ხომ იმიტომ ვცხოვრობთ,  რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღოთ…

რა არის მთავარი თქვენს საქმეში, რაც წინააღმდეგობების დაძლევაში გეხმარებათ?

რისთვის გვინდა მილიონები? – სწორედ რომ დიდი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. დღეს ხომ ფულადი რესურსის მოძიება საქართველოში ჩარჩოშია მოქცეული: რაც უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს პირადად შენ ან შენს სხვა კომპანიებს, ახალ საქმეს როდესაც იწყებ, სტარტაპი ხდები და სირთულეებიც გხვდება. ვერც ერთი არსებული ინსტიტუტი ვერ გაძლევს იმას, რაც გჭირდება და განვითარების შესაძლებლობებიც ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო საკმარისი ტემპით ვერ ხორციელდება. ჩვენ კი ყველას ყველაფერს არასტანდარტულს ვთხოვთ – ბანკებსაც, სადაზღვევოებსაც, შემსყიდველებსაც, მომწოდებლებსაც, გუნდის წევრებსაც და პირველ რიგში,  საკუთარ თავსაც მაღალ მოთხოვნებს ვუწესებთ, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, საჭიროება მანახე და გამოსავალს გაჩვენებო – ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. მთავარი ამ ყველაფერში ალბათ მაინც ხასიათია – თუ საკმარისად მოინდომებ,  გაუკეთებელი საქმე არ არსებობს. თან საქმეც ისეთი უნდა იყოს, რომ გეამაყებოდეს მისი კეთება.

რომელ პროექტს გამოყოფდით, რომელზე მუშაობაც თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა?

ცოტა ხნის წინ გადავაწყდით ძალიან საინტერსო ტენდერს, რომლის ბიუჯეტი არის 9.5 მლნ ლარი. შესყიდვა ითვალისწინებს აბასთუმნის ობსერვატორიაში ტელესკოპისა და გუმბათის მიწოდება-მონტაჟს. ტენდერის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრი იყო და ჩვენი კომპანია ვერ აკმაყოფილებდა მის პირობებს, მაგრამ მაინც დავიწყეთ ტელესკოპის ძიება. ბაზრის კვლევის შედეგად მივაგენით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებელს, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია და იგი ითვალისწინებს ამ კომპანიის ადგილობრივ მხარდაჭერას როგორც წინასატენდერო ეტაპზე, ასევე მათი გამარჯვების შემთხვევაში აქტიურად ვიქნებით ჩართული უშუალოდ პროექტის განხორციელებაში. მსგავსი შესყიდვა პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ამიტომ თავის შინაარსთან ერთად ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის. ვიამაყებთ, ამ ისტორიული პროექტის შესრულებაში თუ ჩვენს კომპანიას ექნება წვლილი შეტანილი. ამ ეტაპზე რა ტელესკოპიც ფუნქციონირებს, ის 85 წლის წინ არის დამონტაჟებული. ხომ წარმოგიდგენიათ, ტექნიკურად რამხელა სხვაობა იქნება ძველ და ახალ ტელესკოპს შორის? ამ პროექტის შესრულებას ჩვენ მწარმოებლის ჩართულობით, ინვესტორის გარეშე ვგეგმავთ.

კიდევ რა პროექტებზე მუშაობთ, როგორია სამომავლო გეგმები?

გვაქვს ასევე  3-4 მიმდინარე მსხვილი (ბიუჯეტი 3 მილიონი და მეტი) და ასევე ძალიან საინტერესო პროექტი სოფლის მეურნეობის, სამედიცინო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განხრით, სადაც აქტიურად ვეძებთ ინვესტორებს.

სხვათა შორის,  ჩვენი შეთავაზება ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესოა, გააჩნია პროექტის ხანგრძლივობას და მოგებიანობის მარჟას. ამის მიხედვით, ჩვენ მათ ვთავაზობთ წლიურ 10-15%-მდე სარგებელს ინვესტირებულ თანხაზე. ასევე ისეთ ინვესტორებსაც ვაძლევთ ინვესტიციების განხორციელების საშუალებას, ვისაც თავისუფალი საბრუნავი მილიონები არა აქვს, მაგრამ აქვს ქონება, რომლის უზრუნველყოფითაც ხდება საავანსო საბანკო გარანტიის და, შესაბამისად, ნაწილობრივი ავანსების აღება ამა თუ იმ პროექტზე. და რაც მთავარია, ჩვენ ვართ თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი საკმაოდ დიდი გამოცდილებით და არ ვართ შეზღუდულები ამა თუ იმ შეთავაზების განხილვისას. კომპანიის განვითარებას ვუყურებთ უფრო გრძელვადიანად და, შესაბამისად, ფინანსურ სარგებელთან ერთად, ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი განვითარებაა.

დაგვიკავშირდით პირადი შეხვედრისა და ჩვენი შეთავაზების უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით:

www.psolutions.ge | www.linkedin.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *