სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ გამოძიების დაწყების გეგმა დააანონსა. ბრალმდებლის განცხადებით, არსებობს „გონივრული საფუძველი“, რომ საომარი დაპირისპირების დროს სამხედრო დანაშაულები იყო ჩადენილი.
ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, გამოძიება განიხილავს კონფლიქტის ნებისმიერი წევრის მხრიდან უკრაინის ნებისმიერ ნაწილში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს, გამოძიება კი რაც შეიძლება სწრაფი ტემპით წარიმართება. ICC-ის პროკურორი ქარიმ ხანი თვლის, რომ საქმე გვაქვს როგორც სავარაუდო სამხედრო დანაშაულთან, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წელს დაარსდა და გენოციდთან, ომის დანაშაულთან და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. გასულ კვირას პროკურორმა ხანმა საომარ მდგომარეობაში მყოფი მხარეები გააფრთხილა, რომ მისი ოფისი, 2015 წელს, უკრაინის მთავრობის მიერ ICC-ის მანდატის მოპოვების შემდგომ, ქვეყანაზე იურისდიქციას ფლობს. პროკურორი საერთაშორისო სამართლის მოქმედი პრინციპების დაცვის მოწოდებითაც გამოვიდა და უკრაინის მოვლენებზე მუშაობის გაგრძელების პირობა დადო.
პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობდა, რუსეთმა ვეტო დაადო. ხოლო ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსეთმა არაერთხელ უარყო აშშ-ისა და ევროპის ბრალდებები უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების ლეგიტიმური მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვა გარანტიები უკრაინის ნატოში არგაწევრების შესახებ.
დატოვე კომენტარი