1994 წლის ზაფხულია. ხალხითაა სავსე ისნის რაიონული სასამართლო, სადაც მე და ჩემი ერთი ჯგუფელი პრაქტიკის გასავლელად მიგვავლინეს. მოსამართლემ თანაშემწეს მიგვამაგრა, რომელმაც, თავის მხრივ, მოგვაჩეჩა ქაღალდების დასტა, ძაფი და დიდი სადგისი. ჩვენი გაკვირვებული სახეების დანახვაზე, თვითონაც გაკვირვებულმა და ცოტა გაღიზიანებულმა მოგვაძახა – “შეკერეთ” და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. აი ასე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით “იკერებოდა” საქმეები. სადგისით და თეთრი ძაფით, ფულით და გავლენით. მოსამართლის ხელფასი ორი კოლოფი სიგარეტის (შეგახსენებთ, რომ სტრესით, ომითა და რყევებით გამორჩეულ 90-იანებში სიგარეტს თითქმის ყველა ეწეოდა), სამიოდე პურის და შესაძლებელია ერთი- ორი კვერცხის შესაძენად თუ იყო საკმარისი. არც არავის გაუკვირდებოდა და ალბათ უფრო პირიქით, მოუსყიდველი მოსამართლე იყო გასაკვირი. მართლმსაჯულება ჩვეულებრივი საქონელი იყო… ფასი – შეთანხმებით, გადახდა – დასწრებით.
1998 წელი, ჩრდილოეთ კაროლინის უზენაესი სასამართლო. ორივე მხარის ადვოკატებს ქაღალდების დასტები და გახსნილი პერსონალური კომპიუტერები უწყვიათ მაგიდაზე, იხილება დავა კორპორაციებს შორის. ამერიკელი მანდატური აცხადებს – “აბრძანდით, სასამართლო მოდის”. ყველა ფეხზე დგება და პატივისცემით ესალმება სასამართლოს. პროცესი რამდენიმე საათს გრძელდება. მხარეებს თავიანთი არგუმენტები მოჰყავთ, მოსამართლე ყურადღებით უსმენს. ფიქრით ისნის სასამართლოში ვარ და გული მწყდება.
2000 წელი, მთაწმინდის რაიონული სასამართლო. ჩემი პირველი სასამართლო პროცესი. ვღელავ, მაგრამ მწყობრად ვაყალიბებ ჩემს წინასწარ მომზადებულ არგუმენტებს. მეორე მხარე მორიგებას მთავაზობს და მეც ვთანხმდები. მოსამართლე თავის კაბინეტში მიბარებს და ცოტა დაბნეული, შემპარავი ღიმილით მთხოვს, კლიენტს გადავცე, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქმის მორიგებით დასრულებაში, სწრაფად ჩაატარა პროცესი და ამიტომ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება აღარ არის საჭირო. როგორც ჩანს, ბაჟის გამოტანის მეთოდოლოგია დალაგებულია. ბრაზი მახრჩობს, პატარა ოთახიდან გამოვრბივარ და სასამართლოს თავმჯდომარის ოთახში შევრბივარ. მოსამართლე ფეხდაფეხ მომყვება, ანერვიულებული და გაოგნებული. არეულად ვუხსნი სასამართლოს თავმჯდომარეს, რაც მოხდა, ვუხსნი, რომ მოსამართლემ ქრთამი მომთხოვა. ახლა უკვე ორივე “მამაშვილურად” მიხსნის, რომ რაღაც შემეშალა, მომეჩვენა და სინამდვილეში მოსამართლეს სულ სხვა რამის თქმა უნდოდა. დავუშვათ, შემეშალა. მაგრამ არ გაგიკვირდეთ, მე ხომ ისევ ის იურისტი ვარ, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თეთრი ძაფი და სადგისი მიაჩეჩეს. ამის შემდეგ დაიწყო სასამართლოს რეფორმირების მტკივნეული პროცესი. მოსამართლეთა უმრავლესობა დაითხოვეს, მოვიდნენ ახალი მოსამართლეები, თუმცა დარჩნენ ძველებიც. სასამართლოში შესვლა აღარ იწვევდა იმავე გაუცხოებას, გულის ამრევ ზიზღსა და უიმედობას. მართლმსაჯულების ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. სასამართლო ადგენს სხდომის ობიექტურ ოქმებს, მოსამართლეები უსმენენ მხარეებს და გადაწყვეტილებები საკუთარი შინაგანი რწმენით გამოაქვთ. სამოქალაქო და ადმინისტრაციული პალატები, სადაც ძირითადად მიწევდა გამოსვლა, იმედს მაძლევდა, რომ მეც ისეთივე პატივისცემით შევხედავდი სასამართლოს, როგორითაც რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ კაროლინის უზენაეს სასამართლოში – ჩემი ამერიკელი კოლეგები.
2006 წელი, რუსეთი, ვლადიმირის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლო. სასამართლოს პატარა ოთახში, რომელსაც დარბაზს ვერ ვუწოდებთ, ზის შუახნის ქალბატონი, წითური თმით და მკაცრი სახით. ხოლო მოსარჩელეს და მოპასუხეს წარმოადგენენ ადვოკატები ერთი და იმავე ბიუროდან. მე ქართულ მხარეს წარმოვადგენ, რომელიც მესამე პირად ჩართეს პროცესში. საათზე მეტი გავიდა, რაც ჩემს არგუმენტებს ვაყალიბებ, ორივე მხარის პოზიციას ვიხილავ და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მივუთითებ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მებადება კითხვა – ჩემი არგუმენტები აისახება თუ არა სხდომის ოქმში, რაზეც ვიღებ პასუხს, რომ ზეპირ სხდომას არავინ არ იწერს, თუმცა მოსამართლე იმახსოვრებს და “გაითვალისწინებს” გადაწყვეტილების გამოტანისას. უცებ ვხვდები, რომ პირველად ვამაყობ ჩემი სასამართლოთი. მართლმსაჯულება არა მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანით განისაზღვრება, არამედ პროცესის მონაწილეებისა და საზოგადოების რწმენით, რომ სასამართლოს ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოაქვს. მე კი მივხვდი, რომ ეს რწმენა გამჩენოდა. მე მჯეროდა ქართული სასამართლოსი.
2006 წელი, სასამართლო იხილავს აღკვეთის ღონისძიებას სისხლის სამართლის საქმეზე გადასახადებისთვის შესაძლო თავის არიდების გამო. ჩემს კოლეგა ადვოკატთან ერთად ვცდილობ, სასამართლოს დავანახო ეჭვმიტანილისთვის პატიმრობის გამოტანის უსაფუძვლობა. მოსამართლე ტელეფონში იყურება, მანდატურს თვალით ანიშნებს რაღაცას, აშკარად არ მისმენს. როგორც შემდეგ ირკვევა, სინამდვილეში აღკვეთის ღონისძიებას არა მოსამართლე, არამედ პროკურორი გადაწყვეტს, როგორც პრინციპში საბოლოო განაჩენს. შინდისფერ მანტიაში გახვეული მოსამართლე სწორედ პროკურორის ზარს ელოდება მოუსვენრად. ისევ ის უხერხული შეგრძნება მიჩნდება, რომელიც 2000 წელს განვიცადე მთაწმინდის სასამართლოში, ჩემი პირველი პროცესის შემდეგ. შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ ჩემი პროტესტი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ამ დღის შემდეგ აღარ ვმონაწილეობ სისხლის სამართლის პროცესში.
გავიდა წლები. ამბობენ, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა სისხლის სამართლის საქმეებზე. პროკურატურამ ძირითადად დაკარგა გადამწყვეტი გავლენა სასამართლოზე. თუმცა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატებში უამრავი საქმე განხილვის მოლოდინშია. თითო მოსამართლეს ასობით განსახილველი საქმე აქვს, რომელთა განხილვასაც ვერ ასწრებს და ამიტომ ორ-სამ წელიწადში დამთავრებული პირველი ინსტანციის საქმე აღსანიშნავი გამონაკლისია. დაგვიანებული მართლმსაჯულება, მართლმსაჯულებაზე უარის ტოლფასია. თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართლიან და დროულ მართლმსაჯულებას, არსებობს რისკი, იგი ჩაანაცვლოს ალტერნატიულმა საშუალებებმა, რომლებიც ყოველთვის არ არის კანონიერი.
გავიდა წლები. ამ წლების მანძილზე იყო უამრავი სასამართლო პროცესი, ბევრი გასაგები და გაუგებარი გადაწყვეტილება. ახლა უკვე ვიცი, რომ მართლმსაჯულება არ მოიპოვება თავისუფლად, მას ჩვენს თანდაყოლილ უფლებად ცოტა ვინმე თუ თვლის. მართლმსაჯულება ბრძოლით მოიპოვება. სასამართლო რეფორმებს ტალღები ეწოდა და ველით კომერციული სასამართლოს ჩამოყალიბებას, რომელიც დიდ კომერციულ დავებს უფრო სწრაფად და, იმედია, სამართლიანად გადაწყვეტს.
დღეს 2018 წელია, ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი დასრულდა, ხანგრძლივი შრომის, უძილო ღამისა და დამღლელი პროცესის შემდეგ სასამართლომ მორიგი გაუგებარი და პრაქტიკის საპირისპირო გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ მალე მეორე მხარემ, ჩვენდა გასაოცრად, უარი თქვა სარჩელზე. საიდუმლო ჩვენს ქვეყანაში დიდხანს არ იმალება და აი აქაც, რამდენიმე თვეში, ირკვევა, რომ შესაძლოა საქმის ბედი საბოლოოდ სასამართლოს სულაც არ გადაუწყვეტია, არამედ ის სულ სხვაგან გადაწყდა. და ისევ მახსენდება სადგისი და თეთრი ძაფი, ისევ მახსენდება მთაწმინდის სასამართლო და იმედგაცრუება.
ეს ხომ სულ ახლახან იყო. ყოველი ნაბიჯი ან წინ წაგვიყვანს, ან წარსულში დაგვაბრუნებს. სასამართლომ გრძელი გზა გამოიარა, სადგისი და თეთრი ძაფი უფრო ცივილიზებულმა საშუალებებმა ჩაანაცვლა, მაგრამ მაინც რჩება უხერხული გრძნობა და ეჭვი. მოსამართლე ობიექტურად გადაწყვეტს საქმეს თუ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებსაც იურისტებს არ ასწავლიან? და მაინც, სასამართლოს სამართლიანობა განისაზღვრება არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებით, არამედ საზოგადოების რწმენით, რომ მართლმსაჯულება სამართლიანად ხორციელდება.
აბრძანდით, ბატონებო, სასამართლო მოდის.
დატოვე კომენტარი