ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა, AC/DC-მ ახალი ევროპული ტურნე დააანონსა. ეს ევროპაში, ბოლო რვა წლის განმავლობაში, მათ მიერ გამართული პირველი საკონცერტო შოუ იქნება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფს ტურნეში ორი ახალი წევრი დაეხმარება.
როგორც ირკვევა, POWER UP-ტურნე გერმანიაში 17 მაისს დაიწყება და ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, სლოვაკეთსა და საფრანგეთში გაგრძელდება. ტურნეს ბოლო მასპინძელი კი ირლანდიის დედაქალაქი, დუბლინი იქნება, სადაც POWER UP-ი 17 აგვისტოს დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ AC/DC ევროპულ სცენაზე 2016 წლის შემდეგ არ გამოსულა. ეს არის პირველი შესაძლებლობა, ჯგუფმა კონტინენტს 2020 წლის ალბომი, “Power Up” ცოცხლად გააცნოს.
POWER UP-ტურნე ჯგუფის 50 წლის იუბილესაც აღნიშნავს. შეგახსენეთ, AC/DC ავსტრალიელმა ძმებმა, მალკოლმ და ანგუს იანგებმა 1973 წლის მიწურულს დააფუძნეს.
აღსანიშნავია, რომ AC/DC-ის მიერ ევროპაში ჩატარებულმა ბოლო ტურნემ, Rock or Bust World Tour-მა, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკა და ოკეანეთიც მოიცვა, სალაროებში მთლიანობაში $221.1 მილიონის გამომუშავება შეძლო. ტურნე 17 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავსტრალიური ჯგუფი ჩანაწერების ფიზიკური გაყიდვებით, სტრიმინგითა და საავტორო ჰონორარებით წელიწადში დაახლოებით $10 მილიონს გამოიმუშავებს, თუმცა POWER UP-ტურნე წელს AC/DC-ის შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.