კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2015 წელს დაფუძნდა და დაარსებიდან დღემდე არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის, გასულ წელს ბათუმში გამართულ ფესტივალს მსოფლიოს ათზე მეტი ქვეყნიდან 1300 მონაწილე დაესწრო.
„ამან მოგვცა შესაძლებლობა, Ad Black Sea წელიწადში ერთი ღონისძიებიდან უფრო მასშტაბურ პლატფორმად გადაგვექცია, რომელიც მუდმივად შექმნის ახალ–ახალ გამოცდილებებს კრეატიული ინდუსტრიისთვის“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი, თამარ ცინცაძე. მისი თქმით, ასე გაჩნდა გაზაფხულზე თბილისში ღონისძიების ჩატარების იდეა, რომლისთვისაც გუნდი შვიდი თვე ემზადებოდა.
დედაქალაქში Ad Black Sea-ის ინიციატივით Tbilisi Design Festival-ი პირველ მაისს ჩატარდა. ღონისძიების სტუმარი კი ორი გრემის მფლობელი ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი იყო, რომელსაც კარიერის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე უმუშავია, როგორიცაა „როლინგ სტოუნსის“ ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.
„როდესაც გაზაფხულის ღონისძიების დაგეგმვა დავიწყეთ, ვიცოდით, რომ ის უნდა ყოფილიყო განსხვავებული სექტემბრის ღონისძიებისგან, მაგრამ ამავდროულად უნდა შეგვენარჩუნებინა ჩვენი მიდგომა, სტანდარტები და ხარისხი. სწორედ ამიტომ, ბევრი არ გვიფიქრია ჰედლაინერზე. ვიცოდით, რომ პირველი დიზაინის ფესტივალი ამ სფეროს ლეგენდით უნდა დაგვეწყო“, – აცხადებს თამარი.
მისივე თქმით, შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მიღმა, ზაგმაისტერი არის დიზაინერი, რომელიც მუდმივად მზადაა, გააზიაროს თავისი ფასდაუდებელი გამოცდილება, სტიმული მისცეს ახალ თაობას და შთააგონოს ისინი.
სტეფან ზაგმაისტერი ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფლობს, ასევე არის ნიუ-იორკის, პრატის ინსტიტუტის, ფულბრაიტის სტიპენდიატი. გარდა ამისა, ზაგმაისტერი დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, TED-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მიწვეული სპიკერი, ბესტსელერი ავტორი და თანამედროვე დიზაინის სამყაროს საკულტო ფიგურაა.
აღსანიშნავია, რომ სტეფანის ექსპოზიცია “The Happy Show” ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის და მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის ყველაზე ხშირად ნახვად შოუდ მიიჩნევა.
როგორც თამარი გვეუბნება, ფესტივალის ფარგლებში, სტეფან ზაგმაისტერი ორგანიზატორებს დასთანხმდა, კურატორობა გაუწიოს პოსტერების კონკურსს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მისივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა, 1-ელ ივლისამდე, ნებისმიერ დიზაინერს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს ამ აგრესიის წინააღმდეგ და აზრის გამოხატვა დიზაინის ენით სურს. ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერის თქმით, პოსტერებს სტეფანი შეარჩევს და შემდეგ გამარჯვებულ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორმატით სექტემბრის ღონისძიებაზე ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალმა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა, ორგანიზატორები ღონისძიებით კმაყოფილნი არიან.
„ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს – „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ აქციებს დაემთხვა. ეს ერთის მხრივ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ორგანიზაციული კუთხით, მაგრამ სამაგიეროდ საშუალება მოგვეცა, ჩვენი პლატფორმა საზოგადოების სათქმელის გასაჟღერებლად გამოგვეყენებინა, საერთაშორისო დონეზე. ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში თან სდევდა ემოციური ფონი და ვამაყობთ, რომ შევძელით შეგვეთავსებინა ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნავს თამარი და დასძენს, რომ, რაც ყველაზე მთავარია, მიწვეული სტუმრები და დამსწრე დელეგატები ორგანიზატორებს ასეთივე ემოციებს უზიარებენ.
რაც შეეხება პროგრამას, მან მოიცვა სხვადასხვა ლექცია-სემინარი, პანელური დისკუსია და ვორკშოპი, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს გაეცნენ.
მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრისას თამარა განგვიცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიზაინის ინდუსტრიის გასაძლიერებლად და წარმატებულ სფეროდ ქცევისთვის ასეთ ფესტივალების ჩატარება აუცილებელი წინაპირობაა.
„დიზაინი ფართო და მრავალფეროვანი დარგია, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა კრეატიულობა, ინოვაცია და სწრაფი ადაპტაციის უნარია. იმისათვის, რომ დიზაინის ინდუსტრია ძლიერი და წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაშიც, აუცილებელია, მსგავსი ტიპის ფესტივალები, სადაც შესაძლებელი იქნება დიზაინზე საუბარი, გამოცდილებების გაზიარება, სფეროს ტენდენციების განხილვა და საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან პირადი ინტერაქციის შესაძლებლობა“, – ამბობს თამარი. მისივე თქმით, როდესაც ფესტივალს ერთი კონკრეტული ფოკუსი აქვს, უფრო მარტივია ამ სფეროს სიღრმისეული მოცვა და ანალიზი.
საუბრის ბოლოს ფესტივალის აღმასრულებელ მენეჯერს სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ. მისი განცხადებით, პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა, ტრადიციული, სექტემბრის ღონისძიებაა, რომლის სამზადისიც, თამარის თქმით, უკვე აქტიურ ფაზაშია. ფესტივალი ბათუმში 12-14 სექტემბერს გაიმართება.
გარდა ამისა, ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, პარალელურად, 2025 წლის თბილისის დიზაინის ფესტივალი მზადდება. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ის იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე პირველი ღონისძიება.